„მრავალ წერტილში ერთდროული დაწოლის მიზანი რუსული არმიის გაფანტვა და რომელიმე სექტორში წარმატებული გარღვევაა“
ელზა პაპოშვილი
06.09.2023

უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქ ბახმუტის სამხრეთით შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და დაკავებულ ტერიტორიებზე მაგრდებიან. ხოლო რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 6 სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 60-ჯერ გაუხსნა. 

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით კი  რუსებსა და უკრაინელებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა.რუსულმა ძალებმა სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბა.

"მტერი აგრძელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და ომის კანონებისა და წესჩვეულებების უგულებელყოფას, იყენებს ტერორის ტაქტიკას, ახორციელებს დარტყმებს და ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს", - აცხადებენ გენშტაბში.

რუსებმა ასევე კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის ბუდაროკის რაიონში საჰაერო დარტყმა განახორციელეს და 15-ზე მეტი დასახლება არტილერიით დაბომბეს. ლიმანის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკასა და ბელოგორივკას რაიონებში. ბახმუტის მიმართულებით, დამცველები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან. გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში 11 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს, ორი კი - მტრის კუთვნილ საზენიტო-სარაკეტო სისტემას.ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა საცეცხლე პოზიციებზე მოწინააღმდეგის 11 საარტილერიო იარაღი და 4 საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს.    

რუსულმა ძალებმა კი დღეს დილით უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მტრის თავდასხმა, უმეტესად დედაქალაქ კიევისკენ იყო მიმართული.

„წინასწარი მონაცემებით, რუსებმა სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავიდან Tu-95MS-დან, X-101 / 555 / 55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები ისროლეს. ამავდროულად, იყო სხვა ტიპის, სავარუდოდ ბალისტიკური, რაკეტებიც", - განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.

მისი ინფორმაციით, რუსების კუთვნილი ყვველა სამიზნე, რომელიც დედაქალაქის მიმართულებით მოძრაობდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასახმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.   

თავდასხმა მოხდა ასევე ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე, სადაც  რუსები დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. „სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, სოფლის მეურნეობის საწარმოს მძიმედ დაშავებული თანამშრომელი საავადმყოფოში გარდაიცვალა", - აღნიშნა კიპერმა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად პორტთან ახლოს მდებარე ობიექტები დაზიანდა.

"დაზიანდა ახლოს მდებარე ობიექტები და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის ობიექტები: ლიფტები, ადმინისტრაციული შენობები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები.  

ამის პარალელურად კი დასავვლეთი უკრაინის დხმარებას განაგრძობს. კიევში იმყოფება ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონიბლინკენი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას ხვდება. ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ:

"უპირველესად მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ დავადასტურო აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას წარმატებები აქვს კონტრშეტევაში და გვინდა კვლავაც გავაგრძელოთ დახმარების გაწევა ამ ქვეყნისთვის არა მხოლოდ მოკლე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა მსგავსი აგრესია აღარასოდეს მოხდეს. გარდა ამისა, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, რომ ქვეყანა აღდგეს ეკონომიკურად, გაძლიერდეს დემოკრატია და ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ქვეყანა არა მხოლოდ გადარჩება, არამედ წარმატებული იქნება." თქვა ბლინკემა.

ბლინკენმა ვიზიტი დაღუპული უკრაინელი გმირებისთვის პატივის მიგებით დაიწყო. ის კულებასთან ერთდ კიევის ბერკოვეცკის სასაფლაოზე იმყოფებოდა.  

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე მიმიდნარე მოვლენებს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე ამბობს, რომ სამხრეთით, ზაპორიჟიასა და დონეცკის ოლქებში შეტაკებები მიმდინარეობს და ეს თითქმის მთელ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხდება. 

პროფესორი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინელები უტევენ ჟერებიანკას, ვასილივკას მიმართულებაზე, ნოვოპროკოპივკასა და ვერბოვეს-ტოკმაკის მიმართულებაზე, პრიუტნესა და ზავიტნე ბაჟანიას ველიკა ნოვოსილკას მიმართულებაზე, რომელიც მარიუპოლის გზაზეა. 

„უკრაინელები ასევე აქტურობენ  ნოვოდონეცკესა და ნოვომაიორსკეს, ვუჰლედარსა და ველიკა ნოვოსილკას შორის. კიდევ ერთი წერტილი, სადაც უკრაინელები გააქტიურდნენ პოლოჰისაკენ მიმავალი გზაა, ზაპორიჟიას ოლქში. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ უკრაინელები 150 კილომეტრის სიგრძეზე რამდენიმე მონაკვეთში ერთდროულად აწარმოებენ ლოკალურ შეტევებს. 

„ამ მრავალ წერტილში ერთდროული დაწოლის მიზანი რუსული არმიის მრავალი მიმართულებით გაფანტვა და რომელიმე სექტორში წარმატებული გარღვევაა. ამ დაწოლას აუცილებლად ექნება ეფექტი, რომ სადღაცას რომელიღაცა დაცვის ხაზი მოირღვევა. 

„ამასთან, ვერბოვესთან და ნოვოპროკოპივკასთან ძალიან მასშტაბური შეტაკებები მიმდინარეობს, ხოლო რუსები ცოცხალ ძალას არ ზოგავენ უკრაინელთა შესაჩერებლად. ამისდა მიუხედავად წინსვლა მაინც აქვთ უკრაინელებს. სწორედ ამ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებისას უკრაინელებმა რამდენიმე ტანკი, მათ შორის ბრიტანული Challenger 2 დაკარგეს. ცხადია ეს ყველაფერი, ასეთი საბრძოლო მოქმედებებისას სრულიად მოსალოდნელი იყო. საბედნიეროდ, ეკიპაჟი გადარჩა და მშვიდობიანად ჩაიარა“,-ამბობს პროესორი. 

მისივე თქმით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ლუგანსკელი სეპარატისტების საბაჟოს უფროსი, რომელიც ფულის გათეთრებასა და უკრაინის წინააღმდეგ ფინანსურ და სამხედრო დანაშაულს ჩადიოდა, ააფეთქეს.  

„ასევე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე. წინსვლას როგორც უკრაინელები ისე რუსები ცდილობენ. ამ მიმართულებითაა გადმოსროლილი აზოვის ბრიგადაც. შეტაკებებმა ბოლო დღეებია ძალიან იმატა. რელიეფი ერთდროულად ტყიანიცაა და ზოგან ჭაობიანიც.  

„კუპიანსკთან, ხარკივის ოლქში, უკრაინელებმა დაასტაბილურეს ფრონტის ხაზი და ახლა თავად ცდილობენ მცირე მასშტაბის, ლოკალურ წინსვლას. მასშტაბური არაფერი, როგორც ჩანს პოზიციურ ბრძოლებად გარდაიქმნება ამ ეტაპზე ვითარება“,-ამბობს კობერიძე.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×