ნაზი ბერიძე
21.07.2023

ნაკლებად წარმატებულ კონტრშეტევას უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ ბევრი ჰაერში რუსების უპირობო უპირატესობას უკავშირებს. უკრაინა უკვე დიდი ხანია ძველი ამერიკული მულტიფუნქციური თვითმფრინავების, ეფ-16-ების გადაცემას ითხოვს, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამერიკა ამისგან აქამდე თავს იკავებდა-ხოლმე. ახლა, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა, ნახეს რა ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებში, რა კოლოსალური ზიანი მიაყენა უკრაინის არმიას რუსეთის ავიაციამ, განსაკუთრებით ვერტმფრენებმა. შესაბამისად, უკვე გადაწყვეტილია კიევისთვის ნანატრი ეფ-16-ების გადაცემა.

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ეფ-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს.

„ეფ-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ [ბრძოლის ველზე] სიტუაციის შეცვლას მხოლოდ ეფ-16-ები შეძლებენ", - აღნიშნა კირბიმ. მისი თქმით, უკრაინას ახლა უფრო მეტად საარტილერიო ჭურვები სჭირდება.

უკრაინელი მედიის ინფორმაციით, ეფ-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები ჯერ არ დაწყებულა. მანამდე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ცის დასაცავად.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივიღოთ დამატებითი საჰაერო სისტემები, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ ჩვენს ოდესაში, სხვა ქალაქებში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა ზელენსკიმ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეფ-16-ბის გარეშე წარმატების მიღწევა უკრაინელებისთვის იქნება რთული. ის არის მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რაც უზრუნველყოფს ფრონტზე წინსვლის საშუალებას.

„ეფ 16 ის გარეშე უკრაინის წარმატება იქნება მხოლოდ ლოკალური, და ეს ჩანს კიდეც ამ კონტრშეტევაში, საჰაერო უპირატესობის თუ არა თანაბარი პირობების გარეშე შეტევის განხორციელება ფორსიფიცირებულ მოწინააღმდეგესთან.

„რატომ არ აძლევენ ამ ეფ-16-ებს, აქ რამდენიმე საკითხია. ეს არის პოლიტიკური საკითხები -ალბათ ვერ შეთანხმდნენ, და არის ადმინისტრაციული საკითხები. ადმინისტრაციული საკითხია ის, რომ მფრინავის მომზადება ნამდვილად შესაძლებელია და უკრაინელები ადვილად მოემზადებიან, ვინაიდან გამოცდილი მფრინავები ჰყავთ, მათი მომზადება 2-3 თვეშია შესაძლებელი. პრობლემაა მომსახურე პერსონალის მომზადება, ვინაიდან ერთ მფრინავზე მოდის დაახლოებით 7-10 დამხმარე ტექნიკოსი, რომელიც უზრუნველყოფენ რემონტს, იქ არის იარაღის სპეციალისტი, იქ არის ნავიგაციის სპეციალისტი, და ა.შ. მათი მომზადება არის გაცილებით რთული და უფრო დიდ დროს საჭიროებს. ამავე დროს თვითმფრინავს მოჰყვება შესაბამისი დოკუმენტაცია, ეს ხომ უნდა ითარგმნოს, ყველა ინგლისურის მცოდნე ხომ არ არის უკრაინაში? ამას ემატება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ბიუროკრატიული გზები და ა.შ. სწორედ ამიტომაა, უკრაინას რომ არა აქვს მიღებული აქამდე ეს თვითმფრინავები.

„ეს თვითმფრინავი არის მრავალფუნქციური, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებად ასევე გამანადგურებლად, და ასევე სახმელეთო ძალების მხარდამჭერად. კარგია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. თუ მიიღებენ თვითმფრინავებს უკრაინელები, ძალიან კარგი იქნება, ძალიან დაეხმარება მათ. მაგრამ ეს მალე არ მოხდება.

„რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომ არ ყოფნის უკრაინას ასეთი სისტემები, ფაქტია, სადაც არ არი „პეტრიოტი" და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემა, იქ ახორციელებს რუსეთი ძირითადად დარტყმებს," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ეფ 16-ბის გარეშე უკრაინის კონტრშეტევის ეფექტურობას არ პროგნოზირებს.

„ეფ 16-ბის გადაცემა, იმედია, სიტუაციას გამოასწორებს მეტ-ნაკლებად, რადგან საჰაერო უზრუნველყოფის გარეშე ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება ხმელეთზე არის ძალიან პრობლემატური. რაც შეეხება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, რამდენადაც მე ვიცი ევროკავშირი და გერმანია აპირებს გადასცეს კიდევ რაკეტ-საწინააღმდეგო სისტემები „ირისი". ასევე ამერიკელები აპირებენ ახალი პაკეტი გამოუყონ, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ტიპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

„ეფ 16 ბის გადაცემა არ ვიცი როდის მოხდება, ჩემი ინფორმაციით, ახლა მიდის მფრინავების მომზადება, რომ აითვისონ მართვა. დასავლეთი ყველანაირად ეხმარება უკრაინას და ყველანაირად ცდილობს, რომ მიაწოდოს მას საარტილერიო ჭურვები და ზალპური საცეცხლე სისტემების რაკეტები, რომლებიც უკრაინისთვის არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჯერჯერობით უკრაინელებს გააჩნიათ საკმაო მარაგი, საბრძოლო მასალების, ამ ეტაპზე," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×