ნაზი ბერიძე
18.07.2023

დასავლეთი უკრაინის უპირობო მხარდაჭერას განაგრძობს. ეს გამოიხატება როგორც ფინანსურ, ისე სამხედრო ნაკადებში. თუმცა რამდენ ხანს გასტანს ეს დახმარება, ამაზე სხვადასხვა დასავლურ გამოცემებში უკვე ისმის კითხვები. უფრო კონკრეტულად, კითხვები ისმის არა ზოგადად დახმარების მიცემა-არმიცემაზე, არამედ მის მასშტაბსა და ინტენსივობაზე. როგორც ამ საკითხზე საუბრისას თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, უკრაინის მხარდაჭერის საქმეში გადამწყვეტი იქნება მომავალი წლის არჩევნები ევროპარლამენტსა და ამერიკაში. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კიევმა წლის ბოლომდე ბრძოლის ველზე რაც შეიძლება უფრო მასშტაბურ წარმატებას მიაღწიოს.

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია და მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამასთან, მისი თქმით, გერმანია, აშშ-ის შემდეგ, უკრაინის უდიდესი დონორია ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების თვალსაზრისით.

„გერმანიის საელჩოში გამართული დღევანდელი ღონისძიება ეხება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერას უკრაინელი ლტოლვილებისა და საქართველოს მიმართ, ეხება აქ მყოფ 25 000 ადამიანს, ლტოლვილს. ვაპირებთ, 5 მილიონი ევროს სიმბოლური ჩეკის გადაცემას გერმანული ორგანიზაცია „არბაითერ სამარიტერ ბუნდისთვის", რომელიც ეხმარება ლტოლვილებს, აძლევს მათ ფულს, რჩევას, საცხოვრებელ ადგილს. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინელ ლტოლვილებსა და საქართველოს, არამედ მინდა განვაცხადო, რომ გერმანია, როგორც ევროკავშირის წევრი და ჩვენი მოკავშირეები „დიდი შვიდეულიდან" და სხვა გაერთიანებებიდან სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება," - აღნიშნა ელჩმა.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინას ომის წარმატებით დასრულებისთვის მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი. დასავლეთის დახმარება გარანტირებული მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროპარლამენტის არჩევნებზეა დამოკიდებული. ვინ შეცვლის არსებულ მმართველებს.

„ამ ეტაპზე მართლაც ასე ჩანს, რომ საკმაოდ მაღალია ეს მხარდაჭერა, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიტუაცია იქნება მომავალ წელს, როცა ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, ასევე ევროპარლამენტის არჩევნები.

„ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის ძალები გაიმარჯვებენ, რომელი პოლიტიკური პარტიები გაიმარჯვებენ. გაიმარჯვებენ, ვთქვათ, მემარჯვენე რადიკალების, თუ ისევ ტრადიციული პარტიები შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა. ჯერჯერობით ჩვენ რასაც ვხედავთ, საზოგადოებრივი აზრი, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე წამყვან ევროპის ქვეყნებში, ბოლომდე მხარს უჭერს უკრაინას.

„თუმცა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორ განვითარდება მოვლენები ბრძოლის ველზე, ანუ რამდენად შეძლებს უკრაინა გარდატეხის შეტანას. თუ გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება დახმარება.

„რაც შეეხება იმას თუ რომელი ქვეყნები უჭერენ უკრაინას მხარს, ნუ ძირითადად, აქ არის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შემდეგ ევროპის ქვეყნები. ასევე უკვე ჩაერთო ამ დახმარებაში, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია. გლობალური დასავლეთის წამყვანი ქვეყნები ჩართული არიან უკრაინის დახმარებაში მეტ-ნაკლებად, სხვადასხვა დოზით.

„ეს დახმარება გულისხმობს არამარტო ფინანსებს, არამედ შეიარაღების, ასევა ტექნიკის მიწოდებას. მაგალითად, ამასწინათ ჩასული იყო სამხრეთ კორეის ლიდერი, რომელიც გარდა ფინანსური დახმარებისა, ზელენსკის შეჰპირდა, რომ გარკვეულ სამხედრო დახმარება მიაწოდოს უკრაინას.

„ერთი წელი მაინც გაგრძელდება ეს დახმარებები, არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ უკვე როგორი კონგლომერაცია გვექნება, ეგ უკვე აღარ ვიცი, იმიტომ რომ ყველაფერი დამოკიდებულია, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში შეერთებულ შტატებში, რომელი პარტიები იქნებიან წამყვანი ევროპარლამენტში. ამიტომაც დასავლეთის ლიდერები არაფორმალურად მოუწოდებენ უკრაინას, რომ მოახდინოს გარდატეხა ფრონტზე მომავალ წლამდე," - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ,

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×