თამთა ჩაჩანიძე
18.07.2023

კრემლი კვლავ იმუქრება, რომ თუ მარცვლეულის შეთანხმება რუსეთის გარეშე გაგრძელდება, „მცდელობა რისკებს გამოიწვევს". როგორც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა გემებზე თავდასხმა მოაწყოს და დააზიანოს, ამიტომაც „მოვლენების განვითარებას ყველა ძალიან შეშფოთებით უყურებს".

მენაღარიშვილისვე შეფასებით, რუსეთის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის დესტრუქციული ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულზე ფასმა მატება უკვე დაიწყო. საქართველოს რაც შეეხება, ხორბალს იღებს რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან, ამიტომაც აქ ფასების ცვლილება შეიძლება ცოტა სხვაგვარი იყოს, შესაძლოა, ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებით არც მოიმატოს.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ ყირიმის ხიდზე იერიში მიიტანა, რუსეთი მარცვლეულის შთანხმებიდან გავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შესთავაზა, გაეგრძელებინათ მარცვლეულის შეთანხმება ან მისი ანალოგი სამმხრივ ფორმატში, რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმების რუსეთის მონაწილეობის გარეშე „გაგრძელების მცდელობა რისკებს გამოიწვევს, ვინაიდან მარცვლეულის დერეფანი ომის ზონის მიმდებარედ არის და მას თავად კიევი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს".

კრემლის წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხს „კომენტარი სჭირდება" რუსი სამხედროების მხრიდან, რადგან საუბარია საომარი მოქმედებების ტერიტორიის უშუალო მიმდებარე ზონაზე.

„უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიების გარეშე, იქ გარკვეული რისკები წარმოიქმნება. ამიტომ, თუ რაიმე გაფორმდება რუსეთის გარეშე, მაშინ ეს რისკები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ვერ ვიტყვით, რამდენად და რომელი ქვეყნები არიან მზად ამ რისკებისთვის. არავისთვის აღარ არის საიდუმლო, აშკარა ფაქტია, რომ ამ ზონას კიევის რეჟიმი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს", - აღნიშნა პესკოვმა.

„ამ ნაბიჯის დესტრუქციული ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულზე ფასმა მატება უკვე დაიწყო. საქართველო ხორბალს იღებს რუსეთიდანაც, ყაზახეთიდანაც და უკრაინიდანაც, ამიტომაც აქ ფასების ცვლილება შეიძლება ცოტა სხვაგვარი იყოს, შესაძლოა, ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებით არც მოიმატოს.

„თუმცაღა მსოფლიო ტენდენცია ისეთია, როგორც ზემოთ აღვნიშნე და ამიტომაც რუსეთის ფედერაციის ეს ნაბიჯი ძალიან დესტრუქციულ საქციელად აღიქმება", - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

მან პესკოვის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მუქარის ელემენტს შეიცავს და ირიბად მიანიშნებს, რომ რუსეთმა სავაჭრო გემებზე შეიძლება იერიში მიიტანოს.

„ეს განცხადებაც მუქარის ელემენტს შიცავს, რადგან არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა ამ გემებზე თავდასხმა მოაწყოს და დააზიანოს. ამიტომაც მოვლენების განვითარებას ყველა ძალიან შეშფოთებით უყურებს, განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებიც დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობენ და რომელთა საკვებით მომარაგება ამ წყაროზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×