ნაზი ბერიძე
17.07.2023

უკრაინელების კონტრშეტევა რომელიც გაზაფხულზე დაიწყო, ჯერჯერობით, ისეთი მასშტაბური და წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორსაც აანონსებდნენ. სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომზე საუბრობენ, სადაც დაპირისპირებაში პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს და მხარეებს სურთ წარმოაჩინონ თავიანთი უპირატესობები საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ამ ეტაპზე წარმატებები არცერთ მხარეს არ აქვს, თუმცა, უკრაინას აქვს გარკვეული ინიციატივები.

უკრაინელმა დამცველებმა, გასული კვირის განმავლობაში, კონტრშეტევის შედეგად 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს - ამის სესახებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„გასული კვირის განმავლობაში, ჯამში, აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი მოქმედებების შედეგად თითქმის 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა. ზოგადად, კონტრშეტევის დროს გათავისუფლებული ტერიტორია 210.5 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს" - განაცხადა ანა მალიარმა.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ფრონტზე თანასწორ დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს ამ ეტაპზე ვითარება მეტნაკლებად თანაბარია..

„იგერიებენ რუსები შეტევას, თუმცა, წინ ვერ მოიწევიან დონბასის ჩრდილოეთ მონაკვეთში. უკრაინელები უტევენ ბახმუტის მისადგომებთან, კვლავ აქტიურად. აზოვის ზღვის მიმართულებაზე უკრაინელებს ჰქონდათ დიდი წინსვლა 8 კილომეტრი სიღრმე, ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასავლელი უკრაინელებს. ყველაზე რთული მათთვის პირველი 25 კილომეტრის გავლაა, მერე უფრო ადვილდება. თავდაცვითი ზღუდე რუსებს ძირითადი მოწყობილი აქვთ ამ მონაკვეთზე" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამ ომს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ ომს უწოდებს, სადაც ამ ეტაპზე არცერთი მხარის რადიკალური წარმატება არ იკვეთება.

„რუსებს რომ ჰკითხოთ, ხარკოვამდე მივიდნენ, რუსულ საინფორმაციოებს რომ ვუყუროთ, ისინი ამბობენ ჩვენ გვაქვს წარმატებები და ჩვენ გადავდივართ კონტრშეტევაზეო.

„ეს არის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი, რასაც ორივე მხარე ცდილობს რომ გამოიყენოს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. რაიმე რადიკალური ცვლილება ფრონტის ხაზზე არ შეიმჩნევა.

„უკრაინელებს აქვთ ინიციატივა და 70% შეტევით საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ, ფრონტის ყველა ხაზის მიმართულებით, მაგრამ როგორც იყო წარმატებული ოპერაციები კიევთან, ხარკოვთან და ხერსონთან, სამწუხაროდ ასეთს ჩვენ ვერ ვხედავთ, სამწუხარო რეალობა ასეთია.

„ბრძოლები მიმდინარეობს ყველა ხაზზე - ეს არის დონეცკის ხაზი, ხარკოვის ხაზი, ლუგანსკის ხაზი, ზაპოროჟიეს მიმართულება და ხერსონის მიმართულება. ყველა მიმართულებაზე მიდის შემხვედრი ბრძოლები, არის ანაბარი სიტუაცია.

„გარკვეულ მონაკვეთზე, მაგალითად უკრაინელებს აქვთ წარმატება ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსებს აქვთ უფრო ხარკოვის მიმართულებით" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×