თამთა ჩაჩანიძე
14.07.2023

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, „დიდი შვიდეულის" გარდა, კიდევ 6 ქვეყანა შეუერთდა. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ეს ქვეყნები უკრაინას ისედაც მაქსიმალურად ეხმარებოდნენ და უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი უფრო საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ნაწილია და გზავნილია რუსეთისთვის.

„როგორც ვხვდები, „დიდი შვიდეულისგან" ალბათ ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებია. ნატოსგან კი ის გარანტიები იქნება, რომ უკრაინამ მათი დახმარებით მიაღწიოს იმას, რომ მაპის გარეშე ალიანსის წევრი გახდეს.

„ამერიკელები აპირებენ, რომ უკრაინას არანატოს წევრი სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი მისცენ, თუმცა საბოლოოდ რა გადაწყდება, არ ვიცი, რადგან ეს ნიშნავს, რომ აშშ უკრაინის დაცვას თავის თავზე იღებს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა აშშ-რუსეთის ომის წინაპირობები შეიქმნას. ისევე, როგორც ამერიკამ ტაივანს მისცა გარანტიები და ახლა ჩინეთთან პრობლემები აქვს.

„ამ ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიები უფრო ფასადური და რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ნაწილი მგონია, რადგან ეს ქვეყნები სამხედრო დახმარებას ისედაც უწევენ და მაქსიმალურად გვერდში უდგანან", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების მომავალი გარანტიების შესახებ დეკლარაციას კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა.

„ჩვენი ძალიან წარმატებული შეთანხმება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გრძელდება ქვეყნებთან შეთანხმებების მომზადებით. ორმხრივი შეთანხმებებით. მხოლოდ ერთი დღე გავიდა ვილნიუსიდან და ექვსი ქვეყანა უკვე შეუერთდა მსოფლიოს შვიდ უდიდეს დემოკრატიას", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, შეთანხმებას, რომელზეც 12 ივლისს „დიდი შვიდეულის" ქვეყნები შეთანხმდნენ, შეუერთდნენ ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და შვედეთი.

კონკრეტულად დოკუმენტი ითვალისწინებს უფრო დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემების სწრაფ გაცვლას, ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებას და უკრაინის საწარმოო პოტენციალის გაძლიერებას.

„ამ დახმარებას უკრაინა მიიღებს არა ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, არამედ ალიანსში გაწევრიანების პარალელურად", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივლისს ნატოს ვილნიუსის სამიტზე პრესკონფერენციისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×