ნაზი ბერიძე
14.07.2023

იმ სამხედრო დახმარებების ფონზე, რასაც უკრაინა დასავლეთიდან იღებს და რუსეთის სამხედრო პოტენციალიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პუტინი მარცხისთვის არის განწირული, რუსეთს ომი აქვს მთელ დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროსთან, რაც ცალსახად განაპირობებს რუსეთის დასუსტებას და დაცემას, აცხადებენ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები ამერიკის პრეზიდენტის გამონათქვამის კომენტირებისას..

ჯო ბაიდენმა ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჰკითხეს, შეიძლება თუ არა უკრაინის ნატო-ში არმიღებამ პუტინი წაახალისოს და გამბედაობა მიანიჭოს, უპასუხა: „არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მან მოიგოს ომი უკრაინაში. მან უკვე წააგო ეს ომი".

ის არ ფიქრობს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან რუსეთს არ შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს თავისი რესურსები და პუტინი, სავარაუდოდ, საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ეს არ შედის მის ინტერესებში ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ სხვა თვალსაზრისით. იმედი აქვს, უკრაინა ამჟამინდელ კონტრშეტევაში პროგრესს მიაღწევს, რათა კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარდეს.

მანამდე პუტინმა „როსია 24"-ის ეთერში თქვა, რომ უცხოური ტანკები საბჭოურზე უკეთესად იწვის: „რაც შეეხება სხვადასხვა სახეობის იარაღის მიწოდებას, ჩვენ ვნახეთ, რამხელა იმედები დაამყარეს საკმარისად დიდი დიაპაზონის რაკეტების მიწოდებაზე. დიახ, ისინი ზიანს გვაყენებენ, მაგრამ საბრძოლო ზონაში რაკეტების გამოყენებისას, კრიტიკული არაფერი ხდება. ასევეა უცხოური წარმოების ტანკებზე, ქვეით საბრძოლო მანქანებზე. გუშინ საღამოს მდგომარეობით, მხოლოდ 4 ივნისის შემდეგ განადგურდა 311 ტანკი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, მინიმუმ, მესამედი, დასავლური წარმოებისაა, მათ შორის „ლეოპარდები". ისინი იწვის ისევე, როგორც ყველა. უკეთესადაც კი, ვიდრე საბჭოთა წარმოების ტე-72-ები."

ამ დროს კი დასავლეთი აგრძელებს უკრაინის დახმარებას. პარასკევს აშშ-მ დაადასტურა, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო. „ამ დროისთვის, კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში", - განაცხადა გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა. ჯო ბაიდენმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ რთული გადაწყვეტილება მიიღო და კასეტური საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ რაც უფრო ადრე აღიარებს პუტინი თავის სტრატეგიულ მარცხს და ზავს მოითხოვს, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე დაიზოგება.

„ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ვფიქრობ, იგი არ უნდა იყოს შორს ჭეშმარიტებისაგან. მე ვთვლი, რომ რუსეთმა ომი დიდი ხანია წააგო, მიუხედავად იმისა რომ ბატონი პუტინი ცდილობს, ჯიუტად, რესურსების ბოლომდე ამოწურვამდე არ ცნოს ის დამარცხება. თუმცა ეს ბევრს არაფერს შეცვლის. ამიტომ დავეთანხმებოდი პრეზიდენტ ბაიდენს, რუსეთი რაც უფრო საჩქაროდ მოიფიქრებს გამოსავალს ამ შექმნილი სიტუაციიდან, ეს მხოლოდ დაუზოგავს ადამიანების სიცოცხლეს. თუმცა არ ვთვლი, რომ პუტინი რაციონალურად მოაზროვნე ხელმძღვანელია, რომელმაც შეიძლება ეს ჭეშმარიტება, ასე მარტივად დაინახოს. ის პრაქტიკულად უკვე მთელ ცივილიზებულ სამყაროსთანაა წინააღმდეგობაში და, ჩემი აზრით, გამარჯვების შანსი არა აქვს. როდის დაიწყება მოლაპარაკებები, უკვე ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ აქ რაციო, გონი, კეთილგონიერება, სამწუხაროდ თითქმის არ მუშაობს. ამიტომ კონკრეტულად რამე პროგნოზის გაკეთება, ძალიან ძნელია, თუმცა ეს პროგნოზი ერთმნიშვნელოვანია - რუსეთი დამარცხდება," - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მისი შეიარაღება ამოწურვადია, უკრაინა კარგად არის შეიარაღებული დასავლეთიდან, თუმცა ძირითადად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვის უმტყუნებს პირველად ნერვები.

„ამ ეტაპზე ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტია რომ რუსეთი ამ ომს ვერ იგებს. ბევრი რამ დამოკიდებულია, გარდა რესურსებისა, იმაზეც, რომ ეს არის ნერვების ომი. ანუ ვის უმტყუნებს პირველად ნერვები. იმიტომ რომ ეს ომი პოპულარული არსად არ არის არც ვთქვათ უკრაინაში, არც რუსეთში, და ბუნებრივია ეს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. განსხვავებით რუსეთისგან, უკრაინას საერთაშორისო თანამეგობრობა უჭერს მხარს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ უკრაინაში საზოგადოებრივი აზრი ჯერჯერობით ასე მყარად დგას.

„ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ომის თეატრში, თუ უკრაინელები დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ ამ წინააღმდეგობის დაძლევას, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული საზოგადოებრივი აზრის გადაღლა, მაგრამ თუ ისინი მიაღწევენ რაღაც სერიოზულ წარმატებას, შეიძლება ისეთი მასშტაბის ვერ იყოს, როგორც ხარკოვის ოპერაცია, მაგრამ თუ მიაღწევენ სერიოზულ წარმატებას, ამან შეიძლება შეცვალოს მოვლენები, შეიძლება რეალური გახდეს სამშვიდობო მოლაპარაკება, რადგან მაშინ რუსეთი მიხვდება, რომ რეალურად აღარ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა და იძულებული იქნება მიიღოს ის პირობები, რომლებსაც შესთავაზაბენ საერთაშორისო შუამავლები.

„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო პოტენციალი, თუმცა ის ვერ იქნება იმის საპირწონე, რასაც დასავლეთი აწვდის იარაღის სახით უკრაინას, იმიტომ რომ ფაქტობრივად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა იარაღის წარმოების ხელახლა ამუშავებ. მაგალითად, გერმანია და სხვა წამყვანი ქვეყნები ისეთი სისწრაფით აწვდიან იარაღს უკრაინას, რომ ამ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს შეიარაღების თვალსაზრისითაც. მთავარია, უბრალოდ, დასავლეთში არსებობდეს პოლიტიკური ნება და არსებობდეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა უკრაინის სასარგებლოდ. ამ სიტუაციაში რუსეთს არავითარი შანსი არა აქვს. თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს იარაღი, რომ რამდენიმე ხანი გაძლოს. უბრალოდშეიარაღების რბოლაში ის ვერ მოიგებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ფაქტია," - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×