ნაზი ბერიძე
13.07.2023

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის არმიაში ახალი სკანდალი აგორდა, რომელმაც შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს რუსი ჯარისკაცების მოტივაციასა და მორალურ მდგომარეობაზე და შესაბამისად, ომის მიმდინარეობაზეც კი. რუსეთის 58-ე არმიის სარდალმა, გენერალ-მაიორმა ივან პოპოვმა საჯაროდ გააკრიტიკა თავდაცვის სამინისტრო და უკრაინესი მებრძლი რუსი ჯარისკაცებისათვის ზურგში დარტყმაში დაადანაშაულა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოპოვი ზაპოროჟიეს ფრონტის სარდლის თანამდებობიდან გადააყენეს.

ამის პარალელარად ფრონტის ხაზზე ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურადაა. უკრაინულ ნაწილებს გარკვეული წარმატება აქვთ ქალაქ ბახმუტთან, რაც აძლიერებს თავად ქალაქისა და იქ მყოფი რუსული ნაწილების ალყაში მოქცევის ალბათობას. გენერალ პოპოვის ხსენებული განცხადებიდან გამომდინარე კი, მნიშვნელოვანი გარდატეხა უახლოეს მომავალში შესაძლოა სწორედ ზაპოროჟიეში მოხდეს.

უკვე თითქმის თვენახევარია, რაც უკრაინელთა კონტრშეტევა დაიწყო და პრაქტიკულად, დარტყმის გამოკვეთილი მიმართულება სწორედ ზაპოროჟიე იყო. ფრონტის ეს მონაკვეთი გენერალ პოპოვს ებარა და მან პოზიციების შენარჩუნება შეძლო.

რამდენიმე დღის წინ პოპოვმა, მისივე თქმით, სარდლობას როტაციის თხოვნით მიმართა. პოპოვი ყვება, რომ იგი აუცილებლად მიიჩნევდა თვენახევრიანი სისხლისმღვრელი ბრძოლით გამოფიტული ნაწილების ჩანაცვლებას რეზერვით, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ კი იგი ოფიციალურად გადააყენეს თანამდებობიდან.

რუსი სამხედრო მიმომხილველების ცნობით, პოპოვი დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს რუს სამხედროებს შორის. შესაბამისად, მისი გადაყენება ნეგატიურად იქნება აღქმული.

ამასთან, სამხედრო ბლოგერები ამ ინციდენტს ევგენი პრიგოჟინისა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" არშემდგარი ამბოხის გაგრძელებად მიიჩნევენ. პრიგოჟინიც ასევე ღიად უპირისპირდებოდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს.

პოპოვი თავის 4-წუთიან აუდიო მიმართვაში, რომელიც „ტელეგრამში" გავრცელდა, ასევე ღიად უპირისპირდება თავდაცვის სამინისტროს. იგი ყვება, თუ როგორ მიმართა „უფროს ხელმძღვანელს" ზაპოროჟიეს ფრონტზე შექმნილ სავალალო ვითარებასთან დაკავშირებით და როტაცია მოითხოვა, სამინისტრომ კი მასში საფრთხე დაინახა და ერთ დღეში „შეთითხნილი ბრალდებით" გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

„როგორც დღეს თქვა დივიზიების პოლკების ბევრმა მეთაურმა, ჩვენი არმიის ფრონტიდან შენგრევა ვერ შეძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა და ჩვენ ზურგიდან დაგვარტყა ჩვენმა უფროსმა ხელმძღვანელმა. მოღალატეობრივად და უნამუსოდ არმიას თავი მოკვეთა ყველაზე მძიმე და დაძაბულ მომენტში", - აცხადებს გენერალი პოპოვი.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან" დაკავშირებულმა „ტელეგრამ" არხმა გაავრცელა ცნობა პოპოვა და გერასიმოვს შორის მომხდარ კონფლიქტზე. მათი ინფორმაციით, გენერალმა პოპოვმა გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს შესთავაზა ფრონტის პირველ ხაზზე ხანგრძლივად მყოფი ქვედანაყოფების როტაცია მათი მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, გერასიმოვმა კი პოპოვი დაადანაშაულა პანიკასა და შანტაჟში და მას შემდეგ, რაც გენერალი პრეზიდენტ პუტინთან ჩივილით დაემუქრა, 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სხვათა შორის, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს სწორედ 58-ე არმია შემოიჭრა საქართველოში.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტის ცხელი წერტილები ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქები და განსაკუთრებით ქალაქი ბახმუტი.

„უკრაინელებს, როგორც მოგეხსენებათ, ზაპოროჟიეს მიმართულებით აქვთ წარმატება. შემხვედრი ბრძოლები მიმდინარეობს, შემხვედრითი წარმატებები აქვს ორივე მხარეს. ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზი დღეს ყველაზე უფრო დინამიურია.

„ასევე, ბახმუტთან უკრაინელებს საკმაოდ მყარი პოზიციები აქვთ. მათ ქალაქის ირგვლივ სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავეს და ამით გააცამტვერეს „ვაგნერელების" წარმატება. ამასთან, შეუძლიათ სერიოზული რუსული ქვედანაყოფებიც ალყაშიც მოაქციონ და ბახმუტი დაიბრუნონ, რაც, რა თქმა უნდა, დიდი წარმატება", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" საუბრისას უკრაინელთათვის ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ასევე ბახმუტს მიიჩნევს.

„უკრაინელებს წარმატება და წინსვლა აქვთ ძირითადი მაინც ბახმუტთან და სოლედართან. ცდილობენ, რომ ბახმუტი რაღაცნაირად ალყაში მოაქციონ. ჯერჯერობით ბრძოლები ბახმუტის გარეუბნებში მიმდინარეობს. ხოლო რუსებს გარკვეული აქტიურობა და გარკვეული წინსვლა აქვთ უფრო ჩრდილოეთით, სერებრიანსკის სატყეო მეურნეობასთან ახლოს, სადაც მიმდინარეობს ბრძოლები, კრემენნაიას და სევერსკის მიმართულებაზე", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

რამდენად კრიტიკულია რუსების მდგომარეობა ზაპოროჟიეში

გენერალი პოპოვი თავის სკანდალურ აუდიომიმართვაში ზაპოროჟიეში რუსების მდგომარეობას საკმაოდ პესიმისტურად ახასიათებს. თუმცა, ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ფრონტის ამ მონაკვეთზე ძალები თანაბარია და ახლო მომავალში უკრაინელთა გარღვევას არ უნდა ველოდოთ.

„ზაპოროჟიეს მიმართულებით პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. ეს ნაკლებად არის დაკავშირებული იმასთან, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ფაქტიურად მოხსნა, 58-ე არმიის სარდალი გენერალ-მაიორი პოპოვი. რომელმაც დააყენა საკითხი, რომ რუს სამხედროებს სჭირდებოდათ როტაცია. ის ამას შეეწირა, რამაც სამხედროებში გამოიწვია სერიოზული უკმაყოფილება და პროტესტიც კი.

„თუ საქმე გართულდება, შეიძლება ამას შეეწიროს თვითონ გენშტაბის უფროსიც, იმიტომ, რომ გერასიმოვზე ისედაც აღრენილები არიან კრემლში და არა მარტო კრემლში. ჯერჯერობით რთულია რამეს თქმა ამ ეტაპზე.

„სხვათა შორის, ეს ის რუსული 58-ე არმიაა, რომელიც საქართველოში შემოიჭრა აგვისტოს ომის დროს.

„გაარღვევენ თუ არა უკრაინელები ზაპოროჟიეს, ვერ გეტყვით. აქ უფრო ტაქტიკური მოქმედებებია. მასირებულ შეტევაზე გადასვლა ნაკლებად მოსალოდნელია. ძალები დაახლეობით თანაბარი. უფრო პოზიციური ბრძოლებია. ზაფხულია, სიცხეა და უკრაინელები ყველა ამ კომპონენტს გამოიყენებენ გადაჯგუფებისათვის ტაქტიკური ამოცანების შესასრულებლად. ასეთი (ფრონტის გარღვევის) შეტევები მოსალოდნელია სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, რასაც ადასტურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოცდილებაც, რდესაც გასულ შემოდგომაზე მათ ორი წარმატებული შეტევა განახორციელეს ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებით.

„როდესაც უკრაინელები ხერსონთან განავითარებენ შეტევას, ისინი არა მარტო ყირიმზე, არამედ აზოვის ზღვის მიმართულებითაც გავლენ და აღადგენენ თავის პოზიციებს.

„ხერსონი არის საკმაოდ კულმინაციური ცენტრი სამხრეთ სტრატეგიის მიმართულებით. თუ უკრაინელებს შეტევა წარმატებით გამოუვიდათ, მაშინ, ბუნებრივია, ისინი ორი მიმართულებით გეოსტრატეგიულად იჭრებიან. ანუ ყირიმის მიმართულებით იჭრებიან და უფრო მეტი ალბათობაა, რომ ყირიმის გათავისუფლება დაიწყონ და მეორე ისინი აღადგენენ პოზიციებს აზოვის ზღვაზე", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

„მე ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ გარღვევა მოხდა. ჯერჯერობით ბროლა მიმდინარეობს რუსების მუდმივ უზრუნველყოფის ზოლში, ანუ წინა ხაზთან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარკვეული წარმატებები აქვთ უკრაინელებს, მაგრამ არა იმ ტემპით, რასაც თვითონ აღნიშნავენ, როგორც თვითონ უნდოდათ და როგორც მსოფლიოს უნდოდა. ასეთი უკმაყოფილების გამომხატველი თუ თავადაც სამხედროა და ხედავს, რომ გადაღლილია დანაყოფები, დიდხანს არიან პოზიციებზე, მათი შეცვლა არ ხდება, აკლიათ აღჭურვილობა და შესაბამისი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გამოხატავს და ალბათ გამოხატავენ კიდეც უკმაყოფილებას. ეს გავიგეთ პოპოვის მაგალითზე და შეიძლება კიდევ სხვებიც არიან, ვინც გამოხატავენ.

„გეგმაში აქვთ ყირიმი უკრაინელებს და მათი ძირითადი ამოცანაა. რუსეთის თავდაცვის სიღრმე მაქსიმუმ არის 120-დან 150 კილომეტრამდე. ვგულისხმობ შეხების წერტილიდან აზოვის ზღვამდე უგლედარი-მარიუპოლის მიმართულებაზე. ახლა უკრაინელები დღეში წინ მიიწევენ 500 მეტრით, მაგრამ თუკი მოახერხეს რუსების დაცვის პირველი ეშელონის გარღვევა, პირველი ეშელონიდან მეორე ეშელონამდე არის პოზიციათა შორისი სივრცე, რომელიც ნაკლებადაა შევსებული თავდაცვითი სისტემებით და უფრო ჩქარა ხდება აი, ამ პოზიციათა შორის სივრცის გადალახვა. შესაბამისად, შეიძლება მოახდინონ უკრაინელებმა გარღვევა და მერე შეიძლება ტემპიც აჩქარდეს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ კულუარულ მოლაპარაკებებზე, რაც მიმდინარეობდა ვილნიუსში ნატოს სამიტზე, ალბათ იყო საუბარი იმ ტიპის იარაღის მიწოდებაზეც, რაც დაეხმარება უკრაინას ამის განხორციელებაში", - განაცხადა გენერალმა კაპანაძემ.

ახალი „ამბოხის" მოსალოდნელი შედეგები

ვახტანგ მაისაის შეფასებით, პოპოვის კრიტიკული მიმართვა რეალურ შიდა დაპირისპირებას არ ნიშნავს და ასეთი რამ, მისივე აზრით, არც პრიგოჟინის შემთხვევაში იყო.

„რუსეთის გენერალიტეტში პრიგოჟინის ამბოხის დროსაც არ იყო რეალური დაპირისპირება და შერკინება. ამ ფონზე, მაგალითად, სუროვიკინი ჩაანაცვლა საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხეილ ტეპლინსკიმ. ტეპლინსკი არის ფაქტობრივად, საოკუპაციო ჯარების სარდალი. ვერ გეტყვით რამე თუ შეიცვლება, იმიტომ, რომ პრიგოჟინის ამბოხმაც ნაკლები რყევა გამოიწვია რუსულ არმიაში და არ მგონია ახლახან მომხდარმა ფაქტმაც რამე გამოიწვიოს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" ასევე ამბობს, რომ პოპოვის შემთხვევა დიდად ომის ვითარებას ვერ შეცვლის. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ინციდენტები კრემლიდან იყოს ინსპირირებული, რათა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადასაყენებლად საბაბი შეიქმნას.

„ასეთი პოპოვები ალბათ კიდევ გამოჩნდებიან იქედან გამომდინარე, თუ რამდენად წარუმატებელი იქნება რუსების ორგანიზებული თავდაცვა. „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო..." იყო პრიგოჟინი, ახლა პოპოვია. შეიძლება მერე კიდევ ვიღაც იყოს. ალბათ მერე დგება მომენტი, რომ თუ ეს ინსცენირებული არ არის ზევიდან - გენერლების უკმაყოფილება, რომ პუტინს თავისი სამხედრო მმართველობის შეცვლის საბაბი ჰქონდეს, მაშინ ეს რა თქმა უნდა არ აისახება დადებითად საბრძოლო სულისკვეთებაზე, რომელიც ისედაც არ არის მაღალი რუსებში", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×