ნაზი ბერიძე
12.07.2023

12 ივლისს, ოთხშაბათს, ომის 504-ე დღეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევზე მასირებული თავდასხმა მოიგერია. ცნობას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს და ამბობს რომ რუსულმა ძალებმა კიევის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს, რომ: უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 მიმართულებით 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს. „წარმატებული საბრძოლო მოქმედების შედეგად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 26 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. ასევე ჩვენმა დამცველებმა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 5 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს"-აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

როგორც უკრაინული გენშტაბის ინფორმაციაშია ნათქვამი, რუსულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის წინაარმდეგ 65 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 71-ჯერ გაუხსნეს.

მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში, 15 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, 4 კი-საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. ასევე სარაკეტო და საარტილერიო საშუალება, საჰაერო თავდაცვის სისტემა და რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური გაანადგურეს

ეფ -16-ები უკრაინაში, მფრინავების წვრთნები და უკრაინის მოლოდინები

ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინელი მფრინავების ეფ-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის წვრთნა აგვისტოში დაიწყება - ამის შესახებ „როიტერი" წერს.

ნატოს ვილნიუსის სამიტზე ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეფ-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადებას 11 ქვეყნის კოალიცია აგვისტოში, დანიაში განახორციელებს, ხოლო სასწავლო ცენტრი რუმინეთში შეიქმნება

დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო ძალისხმევას, რათა მოამზადონ მფრინავები, ასევე, დამხმარე პერსონალი, საბოლოოდ უზრუნველყონ ეფ-16-ების მიწოდება უკრაინისთვის.

დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „იმედია ჩვენ შევძლებთ შედეგების ნახვას მომავალი წლის დასაწყისში".

ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ აუღია უკრაინაში ეფ-16-ების გაგზავნის ვალდებულება, თუმცა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა 27 „მიგ 29" უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების ფლოტის შესავსებად მიაწოდეს.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა, კრიტიკული ობიექტები, სკოლები, უნივერსიტეტები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ეს კოალიცია" - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს რომ ავიაციის გარეშე უკრაინის წარმატება ნაკლებად მოსალოდნელია ომში.

„რუსეთ უკრაინის ომი იმითაც გამოირჩევა, რომ ასეთი დაპირისპირებული მხარეების მიერ დაკომპლოქტებული შეიარაღების სახეობებში, სერიოზული უთანაბრობაა. რაც განსაკუთრებით შეიმჩნევა ავიაციის სფეროში.

„კერძოდ, რუსეთის საოკუპაციო ძალები ფლობენ უდიდეს უპირატესობას, როგორც საბრძოლო თვითმფრინავების ისე დამრტყმელი შვეულმფრენების სახით. „ერთადერთი უკრაინელები უთანაბრდებიან რუსებს დრონებით და მათი გამოყენებით.

„რაც შეეხება საბრძოლო ავიაციის, აქ იგულისხმება გამანადგურებელი ბომბდამშენი და მოიერიშე თვითმფრინავები, აქ იგულისხმება დამრტყმელი შვეულმფრენებიც. აი ამაში რუსეთის საოკუპაციო ძალები უდიდეს უპირატესებოს ფლობს.

„გამომდინარე აქედან, როდესაც რომელიმე მხარე გადადის ფართომასშტაბიან კონტრიერიშზე, ამ კონტრიერიშს წინ უნდა უძღოდეს ძლიერი საარტილერიო მომზადება და ასევე ძლიერი საავიაციო მომზადება.

„რას ნიშნავს ეს, ანუ, სახმელეთო კონტრიერიშის დაწყების წინ სანამ სახმელეთო ქვეითთაა საბრძოლო მანქანები, ტანკები, და მებრძოლები გადავლენ ხმელეთზე მანამდე ავიაციამ უნდა დაამუშაოს მოწინააღმდეგის პოზიციები, შემდეგ უკვე არტილერია, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს მან, რომ შემდგომ მოწინააღმდეგემ უკვე კონტრიერიშში გადასულ მებრძოლებს, ნაკლები ესროლოს და ცეცხლი ნაკლებად გაუხსნას.

„გამომდინარე იქედან, რომ უკრაინის არმია განიცდის სერიოზულ შიმშილს, ანუ ჭურვების შიმშილს, რასაც ემატება ფაქტობრივად ავიაციის არ ქონა, იმიტომ, რომ რამდენიმე ათეული თვითმფრინავი და შვეულმფრენი, რომელთაგან მზადყოფნაში ყველა არ არის, სამწუხაროდ ამინდს ვერ შექმნის კონტრიერიშების დროს. ასე რომ, თავიდანვე ეს რა თქმა უნდა ცნობილი იყო და ეს მინუსი იგივე დარჩა.

„რაც შეეხება ეფ 16-ბის ამერიკისგან გადაცემა-არ გადაცემაზე, ეს შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ წელს არანაირად არ მოესწრება, თუნდაც მოხერხდეს 10, 20, 30 თვითმფრინავის გადაცემა, ვერ შეცვლის ვერაფერს" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×