ნაზი ბერიძე
12.07.2023

ნატოს ვილნიუსის სამიტზე გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინამ ინტეგრაციის გარანტიები მიიღო - ალიანსმა უკრაინისთთვის გააუქმა მაპის მოთხოვნა და უკრაინის წევრობის გზა 1-ნაბიჯიან პროცესად იქცა. ასევე, ნატო შეთანხმდა უკრაინისთვის 3-წლიანი პრაქტიკული დახმარების პროგრამაზე, რომელიც ქვეყანას ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ვილნიუსის სამიტზე, თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ყველაზე მნიშვნელოვანია

„მე ყველასთვის მსურს, ეს სამიტი წარმატებული იყოს: ჩვენი სამხედროებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის - ყველასთვის, კონკრეტულად უსაფრთხოების გარანტიები არის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხისთვის.

უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის მის ნატოსკენ გზაზე, არა ნატოში შესვლის შემდეგ, არამედ უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი ინტეგრაციის გზაზე და დღეს ეს გარანტიები დაადასტურეს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და თუ ეს მოხდება და ჩვენ ამაზე ნამდვილად ვიმუშავებთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული წარმატება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ თუ ჩვენ მივიღებთ მიწვევას, ეს იქნება ყველაზე ხელსაყრელი" - განაცხადა ზელენკიმ

მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელმა დაანონსა, რომ ევროკავშირი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას მხარს უჭერს და მზად არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა მიიღოს

მისივე თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ნატოსთან კოორდინირებით უსაფრთხოების გარანტი გახდეს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ნატოს უსაფრთხოების გარანტიებში მთავარ ფაქტორად ეფ 16-ის გადაცემას გულისხმობს, რაც გაააძლიერებს უკრაინის საჰარეო თავდაცვა. უკრაინა მიიღებს სხვა პოზიტიურ შედეგებს, განსაკუთრებით ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნით.

„უკრაინა მიიღებს სამხედრო დახმარების პაკეტს, 500 მილიონიან დოლარიან პაკეტზეა საუბარი.

„ნატოს ეგიდით შეთანხმდა, რომ უკრაინა მიიღებს საბრძოლო თვითმფრინავებს ეფ 16-ს - ამ კუთხით მოხდება უკრაინის საჰაერო კომპონენტის გაძლიერება. შემუშავდება უკრაინა-ნატოს თანამშრომლობის საბჭო, სადაც უკრაინას ექნება თანასწორუფლებიანი ურთიერთობა ნატოელებთან. უკრაინას ყოველგვარი მაპის გარეშე ექნება საშუალება რომ გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო.

„როდის მოხდება, არ ვიცი, მაგრამ, შეიძლება ვაშინგტონის სამიტზე მიიღონ გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში უკრაინისთვის გააიოლეს ნატოში გაწევრიანების ორ-ეტაპიანი ვარიანტი, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე, საქართველო მაპის გარეშე ვერ გაწევრიანდება ნატოში" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" უკრაინის მაპის გარეშე მიღებას აანონსებს, მაგრამ ეს არ მოხდება სანამ უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დასრულდება. ასევე, ამოქმედდება ნატო-უკრაინის საბჭო, რაც უფრო დაახლოებს უკრაინას ნატოში ინტეგრაციას.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინას მიიღებენ ალიანსში სამოქმედო გეგმის - მაპის გარეშე. მაპი არის ხანგრძლივი პროცედურა - არიან სხვადასხვა ქვეყნები, მაგალითად მაკედონია, რომელსაც 15 წელი ჰქონდა მინიჭებული მაპი და მხოლოდ შემდეგ გახდა ნატოს წევრი.

„როგორც ფინეთი მიიღეს და შემდეგ შვედეთს მიიღებენ ნატოში, უკრაინასაც მიიღებენ მაპის გარეშე, ოღონდ აქ საუბარია, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ. იმიტომ რომ დღეს თუ მოხდება ნატოში უკრაინის მიღება, ამოქმედდება წესდების მე-5 მუხლი, რაც ნინავს ალიანსის წევრზე თავდასხმას, ნატო ვალდებული იქნება შეიარაღებული ძალები ჩართოს საომარ მოქმედებებში.

„აქედან გამომდინარე, ბუნებრივია დღეს უკრაინის მიღება ნატოში არ მოხდება, მაგრამ დახმარებების გაწევა მოხდება შეიარაღებების მიწოდების კუთხით. გარდა ამისა ნატო-უკრაინის კომისიის ნაცვლად ნატო-უკრაინის მუდმივმოქმედო საბჭო იქნება" - თქვა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×