თამთა ჩაჩანიძე
09.05.2023

უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე, სხვადასხვა რუსულ სამხედრო ფორმირებებს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და უახლოს დღეებში შეიძლება დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწიოს. „ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ იგი მოატყუა და კვლავ ბახმუტის დატოვებით იმუქრება. თავდაცვის სამინისტროს კი გადაწყვეტილი აქვს, რომ ასეთ შემთხვევაში „ვაგნერი" და მისი ხელმძღვანელობა ოფიციალურად დაადანაშაულოს სამშობლოს ღალატში.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დაპირისპირება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინსპირირებულია, რათა ამით საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს ომის არასასურველი შედეგით დამთავრების შემთხვევაში. მეორე ნაწილის აზრით კი, თუ „ვაგნერმა" ბახმუტი მართლაც დატოვა და თანაც მოღალატის ოფიციალური სტატუსით, პრიგოჟინს სამხედრო გადატრიალების გარდა სხვა გზა აღარ დარჩება.

თავისი მორიგი ვიდეომიმართვა, რომელიც უცენზურო ლექსიკითაა გაჯერებული, პრიგოჟინმა რუსებისათვის საკრალურად მნიშნელოვან დღეს, 9 მაისს გაავრცელა. იგი აცხადებს, რომ ბახმუტიდან გავლენ და შემდეგ იმსჯელებენ რა ქნან.

ამის პარალელურად კი რუსების მორიგი მასირებული სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე კატასტროფულად ჩავარდა - 8-9 მაისს გაშვებული 25 რუსული რაკეტიდან 23 უკრაინელებმა ჩამოაგდეს. ორიოდე დღით ადრე კი მათ ამერიკული „პეტრიოტით" რუსული ჰიპერბგერითი „კინჯალის" ჩამოგდებაც შეძლეს, რაც აქმადე შეუძლებლად ითვლებოდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ომში საჰაერო დომინაციის ყველა ჰიპოტეტური შანსი დაკარგა.

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, ცხელი წერტილი ბახმუტია. ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსს" უყვება, რომ 8 მაისს უკრაინელებმა მცირე კონტრშეტევა განახორციელეს და ქალაქში რამდენიმე უბნის ტერიტორია დაიბრუნეს.

მისივე შეფასებით, რუსი სამხედრო მიმომხილველების მხრიდან შეინიშნება რუსეთის მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომზადება იმისთვის, რომ შესაძლოა რუსეთმა ომი წააგოს.

„პრიგოჟნის და რუსეთის ხელისუფლებასთან დახალოებული პირების მხრიდან, ვინც სამხედრო ანალიზს აჯეთებს და ვიარებას აფასებს, სხვანაირი რიტორიკა დაიწყო - თითქოს უკრაინა იმაზე ძლიერია, ვიდრე ერთი შეხევდით ჩანს; რომ მოწინააღმდეგე ადვილი დასამარცხებელი არაა, ზურგს ნატო უმაგრებს და კონტრშეტევა შესაძლოა ისეთი ძლიერი იყოს, რუსეთმა პოზიციები დაიკარგოს. ეს რუსული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება, თუკი ამისთვის ფსიქოლოგიურად არ მოამზადებენ და ახლა ზუსტად ეს მიდის - რომ უკრაინა ძალიან ძლიერ მეტოქედ დასახონ", - განაცხადა კობერიძემ.

პრიგოჟინის ახალი ულტიმატუმი

რუსი ბიზნესმენისა და ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მორიგი ვიდეომიმართვა 9 მაისს დილით გავრცელდა. ჩანაწერში იგი იმედგაცუებული და გამწარებულია. ამბობს, რომ მოატყუეს და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მის მიერ მოთხოვნილი შეიარაღების მხოლოდ 10% მისცა.

პრიგოჟინის შეფასებით, რუსეთი ომს აგებს და ეს იმ ადამიანების ვიწრო ჯგუფის ბრალია, ვინც რუსულ არმიაში გადაწყვეტილებებს იღებს.

„7 რიცხვში ჩვენ დაგვპირდნენ, რომ საბრძოლო მასალას მოგვცემდნენ. 8-ში, 2 საათზე მივიღეთ საბრძოლო განკარგულება, რომ მოგვცემდნენ ყველაფერს. დღეს 9 რიცხვია. 8-ში იყო თათბირი, რომლის შემდეგაც გადმოგვცეს მოთხოვნილი რაოდენობის 10%. ჩვენ უბრალოდ თავხედურად მოგვატყუეს. არტიომოვსკიდან (ბახმუტი) არ გავალთ, კიდევ რამდენიმე დღეს „ვიჭიდავებთ", რომ ტყვია-წამალი მოგვცენ. შემდეგ ვნახოთ", -ამბობს პრიგოჟინი.

მისივე თქმით, დღეს „ვაგნერის" მტერი არა უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ რუსული ბიუროკრატიაა. ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის გარშემო ფლანგებს არღვევენ და უახლოეს მომავალში კონტრშეტევას დაიწყებენ და თუ „ვაგნერი" ბახმუტს დატოვებს, „ფრონტი ჩამოიშლება და უკრაინელები მოსკოვამდე ჩავლენ". საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში, კი ისინი „აუცილებლად დატოვებენ პოზიციებს".

პრიგოჟინი ვრცელ ვიდეოში ასევე ამბობს, რომ რუსული არმიის რეგულალურმა ნაწილებმა პოზიციები ისევ მიატოვეს და გაიქცნენ. კონკრეტულად კი ახსენებს 72-ე ბრიგადას, რომელმაც ბახმუტის ფრონტის სამხრეთ ფლანგზე პოზიციები მიატოვა. გარდა ამისა, პრიგოჟინი „გაზპრომის" დაფინანსებულ კიდევ ერთ ე.წ. კერძო სამხედრო შენაერთ „ფაკელს" ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამ დაჯგუფების მებრძოლები უარს აცხადებენ პოზიციებზე გასვლაზე.

„თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად ინტრიგების სამინისტრო გვაქვს, ამიტომ ჩვენი ჯარი გარბის. გარბის, რადგან 72-ე ბრიგადამ დღეს სამი კვადრატული კილომეტრი მიატოვა და დაკარგა, რომლის აღებაზეც 500-მდე მებრძოლი დამეღუპა, რადგან ეს იყო სტრატეგიული პლაცდარმი", - აღნიშნა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის ცნობით, მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ოფიციალური განკარგულება, რომ „ვაგნერის" მიერ საბრძოლო პოზიციების დატოვება შეფასებული იქნება, როგორც სამშობლოს ღალატი. მისი თქმით, თუ „ვაგნერი" ჭურვებს ვერ მიიღებს, ისინი ფრონტს მაინც დატოვებენ და შემდეგ დასვამენ კითხვას, თუ ვინ ღალატობს ქვეყანას რეალურად.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე მიიჩნევს, რომ პრიგოჟინი ამდენს ვერ გაბედავდა, პრეზიდენტ პუტინის მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს. პუტინი კი კლანთა შორის დაპირისპირებით სარგებლობს, რითაც იმ საფრთხეს ირიდებს თავიდან, რომ შემდეგ მას არ მიუბრუნდნენ. მეორეს მრივ კი ამ დაპირისპირებაში პუტინი განტევების ვაცს ეძებს, თუ ვის დააბრალოს ომის წაგება.

„ჩემი აზრით, პრიგოჟინს პუტინის მხარდაჭერა ყველა ვარიანტში აქვს, ამის გარეშე ასეთ განცხადებებს ვერ გააკეთებდა. პუტინს პოლიტიკური მარიონეტების შექმნა, თამაში და მათი ერთმანეთთან დაპირისპირება კარგად გამოსდის. შოიგუ და მისი კლანი გერასიმოვთან ერთად პრიგოჟინის კლანს უპირისპირდება, რითაც თავად პუტინი სარგებლობს, რადგან ერთმანეთის მტრობაში იმის საშუალება არ დარჩებათ, რომ რამე თუ მოხდა, კრემლის ხელისუფლებას მიუბრუნდნენ.

„მეორეს მრივ ამ დაპირისპირების ფონზე კიდევ ერთი რამ იკვეთება - განტევების ვაცი უნდა იპოვონ, თუ ომში ვერგამარჯვება ვისი ბრალია. მთავარი შეცდომა, რა თქმა უნდა, ცალსახად ვლადიმერ პუტინმა დაუშვა. იგი საკუთარ თავზე არაფერს იტყვის და განტევების ვაცი სჭირდება, რომელიც შეიძლება იყოს შოიგუს ხალხი, ან პრიგოჟინი.

„თუ პრიგოჟინს დაბრალდება, იტყვიან, რომ მთელი იარაღი მიითვისა და ვერაფერი გავაკეთეთო; თუ შოიგუს კლანს დაბრალდეება, იტყვიან, რომ არაპროფესიონალები და ცუდი გენერლები არიან. თუმცა ეს პროცესია, რომელიც დღეს-ხვალ არ გამოიკვეთება.

„ამასთან, კადიროვი ცალკე კლანურ მოთამაშედაა ჩამოყალიბებული. მისი ბრძოლისუნარიანი ნაწილების უმეტესობა ან განადგურებულია, ან კადიროვს არ უნდა, რომ ისინი გაუშვას, რადგან საკუთარი თავის დასაცავად სჭირდება. ამ ფონზე მას პრიგოჟინის განცხადებები არ მოეწონებოდა, რადგან თუ მისი დაჯგუფება „ახმატი" ბახმუტში აღმოჩნდა, მთელი ეს მითი მისი სიძლიერის შესახებ უბრალოდ დაიშლება", - განაცხადა კობერიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" სხვა სცენარზე საუბრობს. მისი თქმით, თუ „ვაგნერი" ბახმუტიდან გავიდა, ყველა ვარიანტში მოსკოვში სამხედრო გადატრიალების მოწყობას შეეცდება.

„ვაგნერი" თუ ბახმუტიდან გავიდა, ალბათ მოსკოვში წავლენ და შეუტევენ. ასეთი გასამხედროებული ფორმირება, რომელიც ფრონტიდან გამოდის, სხვას ვერაფერს გააკეთებს. ეს ყველაფერი 10 მაისს გამოჩნდება, თუმცაღა პრიგოჟინი კრემლიდან გააფრთხილეს, რომ ეს სამშობლოს ღალატად ჩაითვლება. ასეთ შემხვევაში დაიწყება თუ არა მასზე დევნა, ახლა ამის თქმა ძნელია.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ვაგნერელები" და რუსული რეგულარული არმია ფრონტზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უფრო მგონია, რომ სუდანის (სამოქალაქო ომის) სცენარი განმეორდება, მითუმეტეს, როცა რუსეთის შეიარაღებულ ძალებმა საკმაოდ დაბალი მზაობა აჩვენეს და ეს ამის რისკს ზრდის.

„მგონია, რომ კადიროვსა და პრიგოჟინს შორის დაპირისპირება არ მოხდება. ისინი მოკავშირეები არიან და როგორც ჩანს, კადიროვი იმოტომ ჩაერია, რომ მდგომარეობა გაენეიტრალებინა. თუმცა პრიგოჟინი, კადიროვი და ზოლოტოვი („როსგვარდიის" ხელმძღვანელი) ერთ კლანს წარმოადგენენ", - განაცხადა მაისაიამ.

ჩამოგდებული რაკეტები და მითიური „კინჯალი"

უკრაინის ჰაერსაწიონააღმდეგო სისმტემებმა 8-9 მაისის რუსეთის მხრიდან მასტაბურ სარაკეტო დარტყმები მოიგერია. ოკუპანტებმა თავდასხმის ორი ტალღის დროს 25 რაკეტა გაუშეს და აქედან 23 უკრაინელებმა გაანადგურეს. ორი დღით ადრე კი, უკრაინაში ამერიკულმა „პეტრიოტმა" რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჯალი" ჩამოაგდო, რითაც, ანალიტიკოსების შეფასებით, მისი უძლეველობის მითი დაიმსხვრა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის ცნობით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიას საზღვაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს. ორი ტალღის დროს რუსებმა 25 რაკეტა ისროლეს, აქედან 23 უკრაინელებმა გაანადგურეს. პირველი შეტევისას, ადგილობრივი დროით 8 მაისის ღამის 10 საათზე, მოწინააღმდეგემ შავ ზღვაში განთავსებული ხომალდებიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების მიმართულებით „კალიბრის" ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა საჰაერო თავდაცვის სარდლობა „ვოსტოკის" ძალებმა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 8-ვე გაანადგურეს.

მეორე შეტევისას, 9 მაისს, უკრაინის დროით დილის 4 საათზე, რუსებმა 4 სტრატეგიული ბომბდამშენიდან „ტუ-95მს" „ხ-101/ხ-555" ტიპის 17 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. აქედან 15 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზოინანსთან" აცხადებს, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა საჰაერო დომინაციის ყველა ჰიპოთეტური შანსი.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ყველა ჰიპოტეტური შანსი დაკარგა საჰაერო დომინაციის მოსაპოვებლად, რითიც უკრაინულ მოსახლეობას აშინებდნენ. ამ შიშის ფაქტორმაც დაიწია, ეს პირდაპირი და უმოკლესი რეალობაა. გრძელვადიანად კი ეს ნიშნავს, რომ რუსეთი თითოეულ გასროლილ რაკეტაზე ასობით მილიონს ხარჯავს და ეს მიზნამდეც კი ვერ მიაღწევს.

„რუსეთის მხრიდან „კინჯალზე" საუბარი ბაქიბუქობა იყო - რომ ეს იყო ყველაზე ზებგერითი იარაღი, რომელსაც ვერავინ ჩამოაგდებდა და „პეტრიოტსაც" აჯობებდა. მაგრამ ვიხილეთ, რომ მსგავსი რამ არ მოხდა და უკრაინალებმა ჩამოაგდეს", - განაცხადა კობერიძემ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის კარგად მუშაობა 70%-იანი წარმატების წინაპირობაა.

„უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ასეთი მუშაობა ძალიან სასიხარულო და კარგია. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს რუსული სარაკეტო დარტყმების უკვე აღარ ეშინიათ. ეს ომის მსვლელობაზეც მნიშვნელოვნად აისახება, რადგან, თუ უკრაინა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტები ჰაერიდანა დაცულია, ეს ომში 70%-ით წარმატების წინაპირობაა.

„მითი „კინჯალის" უძლეველობაზეც დასამარებულია. ამ ნაწილში გამოდის, რომ ამერიკული შეიარაღება რუსულს სჯობნის", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×