ნაზი ბერიძე
25.04.2023

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის და ამერიკელებს მოუწოდა, კიდევ ოთხი წელი მისცენ, რათა დაასრულოს ის, რაც დაიწყო. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ბაიდენის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ასაკის გამო ბაიდენმა თავად შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, ან თავად დემოკრატებმა არ დაუჭირონ მხარი მისი კანდიდატურის დაყენებას.

„როდესაც ოთხი წლის წინ ვიყარე კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ვთქვი, რომ ჩვენ ვიბრძვით ამერიკის სულისთვის. ისევ ვაგრძელებთ. საკითხი, რომლის წინაშეც ვდგავართ, არის ის, რომ მომდევნო წლებში გვექნება მეტი თავისუფლება თუ ნაკლები თავისუფლება, მეტი უფლება თუ ნაკლები. მე ვიცი, რა მინდა იყოს პასუხი და ვფიქრობ, რომ თქვენც იცით. გულდამშვიდებულად ყოფნის დრო არ არის, ამიტომაც ვაპირებ ხელახლა არჩევისთვის კენჭისყრას. შემოგვიერთდით, დავასრულოთ საქმე", - განაცხადა ბაიდენმა.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კვლავ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება.

გასული წლის ნოემბერში, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის მომდევნო, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაფერი შესანიშნავად იყო, დღეს კი, ქვეყანა დაღმასვლას განიცდის. ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად კენჭს იყრის, რათა ამერიკას დიდება დაუბრუნოს.

აპრილში, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილმა, რობერტ კენედი უმცროსმა, ასევე 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დაანონსა.

კენედი გახდა მეორე დემოკრატი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.

რობერტ კენედი უმცროსი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილი და სენატორ რობერტ კენედის შვილია. ორივე მათგანი 1960-იან წლებში მოკლეს

„რესპუბლიკელ" კანდიდატებს შორის არიან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, არკანზასის ყოფილი გუბერნატორი ასა ჰაჩინსონი და მილიონერი მეწარმე ვივეკ რამასვამი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, „რეზონანსთან" ამბობს, რომ ბაიდენი კარგი პრეზიდენტია, თუმცა ასაკის გამო შეიძლება თავადვე გადაიფიქროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

„ბაიდენი რა პოლიტიკასაც ატარებს რუსეთისა და უკრაინის მიმართ, ეს სწორია, მაგრამ ასაკია პრობლემა და არჩევნებამდე ალბათ გადაწყვეტილებასაც შეცვლის. მანამდე კი დემოკრატემა შეიძლება დაბლოკონ კიდეც მისი ვერსია და სხვა კანდიდატურა წამოაყენონ, რადგან მისი გამარჯვების შანსი ნაკლებია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×