ნაზი ბერიძე
24.04.2023

უკრაინა ვერ მიატოვებს ბახმუტის დაცვას, რადგან მისი აღება რუს ოკუპანტებს ფრონტის გაფართოებაში დაეხმარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ AI Arabiya -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბახმუტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და რუსეთისა და უკრაინის დამოკიდებულებაზე ამ ქალაქის მიმართ „რეზონანსს" გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

ზელენსკის თქმით, თუ რუსული ჯარები ქალაქს დაიკავებენ, ეს შეიძლება გახდეს ხელშემწყობი დონეცკის ოლქის ქალაქების, კრამატორსისა და სლავიანსკის წინააღმდეგ შეტევისთვის.

„შეუძლებელია, ბახმუტზე უარი ვთქვათ, რადგან ეს ხელს შეუწყობს ფრონტის გაფართოებას და რუსეთის ჯარებსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს" მისცემს შანსს, უფრო მეტი ჩვენი ტერიტორია დაიკავონ", - განაცხადა ზელენსკიმ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძის თქმით, ბახმუტს სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნია, ის არის უბრალოდ ფსიქო-მორალური დატვირთვის მქონე მონაკვეთი, რომელიც რუსებმაც და უკრაინელებმაც სტალინგრადად აქციეს.

„მე რა უფლება მაქვს გავიგო უკრაინამ რა დათმო და რა არ დათმო, ვერ ვხედავ შავ-თეთრ გამოსახულებას, რომ ან ბახმუტი ან არაფერი, ასეთ საკითხს ვერ ვხედავ.

„ადვილი შესაძლებელია, ბახმუტი არის პირველი ხაზი, უკრაინის თავდაცვის. კარგი, რომ აიღონ ბახმუტი მერე რა უნდა ქნას უკრაინამ? სხვა ტერიტორიები აღარ იქნება ისეთი მოწყვლადი? დათმობაზე როგორ არის საუბარი, 85 პროცენტზე მეტს რუსები აკონტროლებენ ქალაქს.

„თავისი შტაბია, თავისი შეიარაღება და თავისი სამხედრო დაგეგმარება, მე ვერ ჩავთვლიდი ემოციურ პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდა, რომ ბახმუტს რაიმე აზრი ჰქონდა მნიშვნელოვანი უკრაინის თავდაცვისთვის.

„უკრაინისთვის აზრი აქვს კონრშეტევის მომზადებასა და კონტრშეტევის განხორციელებას და არა ამ ხორცის საკეპ მანქანაში ძალების დახარჯვას.

„ბახმუტი არის მხოლოდ მორალურ-პოლიტიკური დატვირთვის მქონე ტერიტორიული მონაკვეთი. აქ მას დიდი სამხედრო სტრატეგიული დატვირთვა ბახმუტს არ გააჩნია.

„რუსებმა ბახმუტის აღებას მისცეს საკრალური მნიშვნელობა და ამას უპირისპირდებიან უკრაინელები და საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებენ ბახმუტის დაცვას. რუსებმაც და უკრაინელებმაც სტალინგრადი გახადეს ბახმუტი-განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, ბახმუტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ხედავს იმ კუთხით, რომ ის ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილია უკრაინის განსახორციელებელი კონტრშეტევისათვის.

„ბახმუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი, რომელიც ახორციელებს ძალიან სერიოზულ მიმართულებას, თავდაცვის ზღუდის შექმნას, მისი დათმობა გამოიწვევს მთლიანი ფრონტის ხაზის მოშლას დონბასის მიმართულებით.

„და ამიტომ შესაბამისად, ამაზე კეთდება ძალიან სერიოზული აქცენტი. რომ არ მოხდეს ამის მოშლა და შემდგომში მერე გამოყენებულ იქნას, როგორც პლაცდარმი უკრაინის კონტრშეტევისთვის" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

შეგახსენებთ, რუსული ძალები რამდენიმე თქვეა უკრაინის ქალაქ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ, თუმცა მძიმე დანაკარგებს განიცდიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერაური შტაბის ინფორმაციით, ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×