ნაზი ბერიძე
22.04.2023

კანადა უკრაინას 29 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისას კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს თანხები არ არის იმდენი, რაც საჭიროა და უფრო უნდა გაძლიერდეს განსაკუთრებით უკრაინის საჰაერო თავდაცვა და მხარდაჭერა.

„დღეს კანადის მიერ გამოყოფილი თანხები და მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას ჭირდება თავისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად", - თქვა ანანდმა.

მედიის ინფორმაციით, დახმარების დიდი ნაწილი (26 მლნ დოლარი) უკრაინას საწვავის სახით გადაეცემა, თუმცა, პაკეტი ასევე შევა კანადური კომპანია Prairie Gun Works-ის მიერ წარმოებული 40 სნაიპერული იარაღი და 16 რადიოსადგური გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის.

ერთი კვირის წინ ანიტა ანანდმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ოტავამ აიღო ვალდებულება კიევს 1 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწიოს.

კანადის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების საერთო მოცულობა ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და სხვა მოსაზრებით უკვე 8 მლრდ დოლარს შეადგენს.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რაზონანსს" ეუბნება, რომ უკრაინის კონტრიერიშისთვის კანადის მიერ გამოყოფილი თანხები და არც სამხედრო დახმარება სავსებით არ არის საკმარისი. კონტრიერიშისთვის უკრაინას 3-5თვე აქვს, სანამ თოვლი და წვიმა დაიწყება, ამისთვის დასავლეთის დახმარება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საჰაერო მხარდაჭერა. მაგრამ, რადგან ომი დროში გაწელილია, უკრაინის საკითხი მსოფლიო ქვეყნებისთვის შეიძლება გახდეს დავიწყებადი, შესაბამისად უკრაინა ვერ გაიმარჯვებს და იქნება ჩიხში დაპირისპირება.

„ცალკე აღებული ეს აბსოლუტურად არ არის საკმარისი ეს თანხა. თუ კომპლექსურად განვიხილავთ, რაც რამშტეინზე დაპირდნენ, მთავარია, ახლა როდის იქნება ეს მიწოდებული.

„მოგეხსენებათ, უკრაინას აქვს გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობების ფანჯარა რომ კონტრშეტევა ყველაფრით მომგებიანი იყოს მისთვის. ეს არის სანამ დაიწყება ის შემოდგომის წვიმები და თოვლი. ანუ ეს არის სულ რამდენიმე თვე, 4-5 თვე. ეს ის ფანჯარაა, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს უკრაინამ.

„რაც შეეხება დახმარებას, უკრაინა ახლა 100%-ით არის დამოკიდებული დასავლეთის დახმარებაზე. ეს დახმარება, სამწუხაროდ, არის დროში გაწელილი. ვინაიდან დასავლეთს არ ჰქონდა თავის მარაგებში იმდენი, რაც უკრაინას სჭირდება. ეს მიწოდება ხდება დროში გაწელილად, რაც არ ადგება ძალების კონცენტრაციისთვის უკრაინას. მაგრამ ის, რომ აუცილებლად სჭირდება დასავლეთის დახმარება უკრაინას, ამის ორი აზრი არ არსებობს.

„თუ დასავლეთი ამ დახმარებას შეწყვეტს, უკრაინა დამარცხდება, ნუ დამარცხდება რა გაგებით, უკრაინა ვერ გაიმარჯვებს. რუსეთიც ვერ გაიმარჯვებს და ეს ომი შევა სტრატეგიულ ჩიხში და გადავა ისეთ დაპირისპირებაში, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს. თუ წლების განმავლობაშია გაწელილი ომი, ის მერე ავიწყდება დასავლეთს, მას თავისი პრობლემები გამოუჩნდება და ეს დახმარება თანდათან მოიკლებს უკრაინისთვის.

„ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ უკრაინას სჭირდება, დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რაც ამ ომმა მიაყენა ეს ზარალი, აი აქაც დასავლეთის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ეს გაწელილი ომი არავის არ აწყობს, რუსეთის გარდა, რა თქმა უნდა.

„ლაპარაკია უკრაინის ოთხ თუ ხუთ ბრიგადაზე, ჩემი აზრით ეს ფართომასშტაბიანი მოქმედებების საკმარისი არ არის. ღმერთმა ქნას რომ ფარულად ხდებოდეს ამ დაჯგუფების შექმნა, რომ ის იყოს გაცილებით ძლიერი, ვიდრე ინფორმაცია რაც გამოდის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინას სჭირდება საჰაერო მხარდაჭერა. გაძლიერება საჰაერო მხარდაჭერის, რაც გულისხმობს, არა სატრანსპორტო ვეტმფრენების მიწოდებას, არამედ, საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდებას. საფრენი აპარატების მიწოდებას, ეს იქნება მოიერიშე ვეტმფრენი თუ ეს იქნება, ეფ 16. რომელსაც ჰპირდებიან და ჯერჯერობით არ მიუციათ. აი ეს აუცილებლად ჭირდება უკრაინას" - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×