ნაზი ბერიძე
18.04.2023

პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ რუსეთმა მოიგო სხვა სახელმწიფოებსაც შეექმნებათ აგრესიის საფრთხე. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ მსგავსი სურათის წარმოდგენა მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი, რადგან რუსეთის მოგების არ სჯერათ, თუმცა თუ ჰიპოთეტურად მიაჩნიათ, რომ რუსეთის მოგების შემთხვევაში, პირველ რიგში, საფრთხე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შეექმნებათ.

პრეზიდენტი ანჟეი დუდა მოუწოდებს დასავლეთს, გააგრძელოს უკრაინის თანადგომა და არ დაუშვას რუსეთის დომინირება, სიხარბე და სხვა ხალხების შევიწროება. მან უკრაინას ურევი მხარდაჭერა აღუთქვა, სანამ რუსეთი არ დამარცხდება.

„თუ უკრაინა არ მიიღებს დახმარებას, რუსეთი მოიგებს ამ ომს, რაც რუსეთის მხრიდან მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება ევროპის ამ ნაწილის ხალხებზე დომინირების გასავრცელებლად", - აღნიშნა ანდჟეი დუდამ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონელებმა ძალიან კარგად იციან „ეს რუსული სიხარბე, სხვა ხალხებზე ბატონობის, სხვა ხალხების დამონების, პოტენციალის წართმევისა და მისი გამოყენების სიხარბე" და ამიტომაც პოლონეთი უკრაინას უჭერს მხარს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, ასევე მუდმივად გაუწიოს ეს მხარდაჭერა უკრაინას, სანამ ეს ომი ნამდვილად არ დასრულდება რუსეთის გამარჯვების გარეშე. რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, ის უფრო მეტ ქვეყანას დაესხმება თავს", თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ მოხდა ბელოჟევის ხელშეკრულების დენონსირება, შეიქნება საბჭოთა კავშირის აღდგენის პერესპექტივა და რუსეთი აიძულებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დაემორჩილონ მის ნებას, მათ შორის საქართველოსაც, თუმცა ამ ვითარების წარმოქმნის შანსი, ფიქრობს, რომ მინიმალურია.

„თუ რუსეთი იმარჯვებს, ესე იგი უკრაინას ეყოლება ახალი იანუკოვიჩი, შესაბამისად ამ შემთხვევაში საფრთხე რომელიც შეიძლება არსებობდეს, შესაძლებელია ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკოს და უკრაინის მარიონეტ ლიდერთან ერთად, რუსეთმა შეიძლება მოახდინოს ბელოვეჟის შეთანხმების დენონსირება. ვგულისხმობ 1991 წლის 8 დეკემბერს, როცა ბელოვეჟის ტევრში უკრაინის, რუსეთის და ბელორუსის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირი, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, წყვეტდა არსებობას.

„თუ ამ ხელშეკრულების დენონსაცია მოხდა, ეს ნიშნავს იმას რომ რუსეთი ფაქტობრივად გამოაცხადებს საბჭოთა კავშირის აღდგენას, შესაბამისად ამ შემთხვევაში საფრთხე შეიძლება შეექმნას ყველა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკას. რუსეთი გამოაცხადებს, რომ ყველა რესპუბლიკა ვალდებული იქნება, დაექვემდებაროს რუსეთის ნებას. შესაბამისად, საფრთხე საქართველოსაც, ბუნებრივია, რომ შეექმნება. რუსეთი შეეცდება საბჭოთა კავშირის აღდგენას, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ თეორიულად წარმოვიდგინოთ, პრაქტიკაში ცოტა რთულია. საქართველოს შემთხვევაში თბილისში შეჭრა არ დაჭირდება რუსეთს, გადაკეტავს ვთქვათ მაგისტრალს, დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის. და აიძულებს თბილისს, რომ დაემორჩილოს მის ნებას.

„ცალკე ულტიმატუმებს წაუყენებს ცენტრალური აზიის რესპუბლიკებსაც. მომავალში შეიძლება საფრთხე შეექმნას ბალტიისპირეთის რესპუბლიკებსაც. ადრე ბალტიისპირეთის რესპუბლიკები შედიოდნენ ჯერ რუსეთის იმპერიის და შემდგომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

„თუმცა ვიცით, რომ რუსეთის შანსები გაიმარჯვოს უკრაინაში, არის ძალიან მინიმალური, დასავლეთი კი ბოლომდე იბრძოლებს. ეს გამოიხატება თუნდაც შეიარაღების მიწოდებაში უკრაინისთვის. პლუს დასავლეთი, ეკონომიკურ სანქციებსაც გააგრძელებს რუსეთზე. ჩვენ ვიცით, რომ დღის წესრიგში დგას სანქციების მე-11 პაკეტის ამოქმედება. ეს გულისხმობს ბირთვული ტექნოლოგიების სფეროებში რუსეთის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შეზღუდვას," - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, უკრაინის კონფლიქტში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ასევე რუსეთის ძალაუფლების და საფრთხის გაზრდას პროგნოზირებს, პოსტ საბჭოთა რესპუბლიკებზე.

„თუ რუსეთმა გაიმარჯვა უკრაინის ომში და გაიძლიერა თავისი პოზიციები პირველ რიგში ეს ყოფილ იმ საბჭოთა რესპუბლიკებს დაემუქრებათ საფრთხე, რომლებიც რუსეთთან არ აპირებენ სტრატეგიულ თანამშრომლობას, აღმოსავლეთ ცენტრალურ ევროპის ქვეყნებს დაემუქრებათ სერიოზული საფრთხე. თუმცა, დასავლეთი ყოველთვის იქნება უკრაინის მხარეს. ის ყოველთვის დგას სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. ამ შემთხვევაში სიმართლე არის უკრაინის და არა რუსეთის მხარეს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×