თამთა ჩაჩანიძე
28.03.2023

უკრაინა დიდი შეტევისთვის ცოცხალ ძალას და საბრძოლო ტექნიკას ნელ-ნელა თავს უყრის - დაპირებული დასავლური ტექნიკის ნაწილი ადგილზეა. თანდათან სამშობლოში ბრუნდებიან ის უკრაინული დანაყოფებიც, რომლებიც წვრთნებს დასავლეთში გადიოდნენ. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის თავმოყრასა და წინა ხაზზე გაყვანას კიდევ დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება და დაახლოებით ამ დროს უნდა ველოდოთ უკრაინელთა მასშტაბური კონტრშეტევის დაწყებასაც.

არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ დაანონსებული დიდი შეტევის წინ უკრაინას ასობით ტანკი უგროვდება, როგორც თანამედროვე დასავლური, ისე საბჭოთა მოდერნიზებული. ქართველ სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, გაწვრთნილი ცოცხალი ძალისა და დასავლური ტექნიკის ფრონტზე გამოჩენას მინიმუმ სამი კვირა კიდევ უნდა, ეს კი სიტუაციას მნიშვნელოვნად შეცვლის. მათივე თქმით, სავარაუდო შეტევას აპრილის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება ფრონტზე ახლანდელ ვითარებას, ცხელი წერტილებია ბახმუტი, მარიინკა და ავდეევკა. განსაკუთრებით რთული ვითარება ისევ ბახმუტშია, რადგან შესაძლოა რუსებმა ალყის შეკვრა მოახერხონ.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" გარდა, უკვე რუსული არმიის რეგულარული ნაწილებიც ჩაერთვნენ, რაც უკრაინელთა მდგომარეობას მნიშნელოვნად ართულებს.

„მარიინკისა და ავდიივკის მიმართულება გააქტიურდა და სერიოზული ტიპის საბრძოლო შეტაკებებია. რუსებმა აქ დაწოლა გააძლიერეს. ბახმუტში კი ისინი ცენტრისკენ მიიწევენ, ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს არიან. ოკუპანტები ბახმუტში თითქმის ალყას კრავენ, თუმცა აქტიური წინააღმდეგობაა და ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევენ. იმედია უკრაინელებს ძალა ეყოფათ, რომ სანამ მომზადებული ნაწილები და დასავლური ტექნიკა ფრონტზე გამოვა, მანამდე ბახმუტი არ დანებდეს.

„როგორც ჩანს „ვაგნერმა" როტაცია მოასწრო. ციხეებიდან გამოშვებულ ძველ კონტრაქტორებს კონტრაქტი დაუმთავრდათ და ახალი სამხედრო ძალა შეიყვანეს. თან ცუდი ისაა, რომ „ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟნი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ შეთანხმდნენ და რუსეთის რეგულარულმა არმიამ ფლანგების დაცვა და უზრუნველყოფა თავის თავზე აიღო, რომ „ვაგნერის" ჯგუფებმა ცენტრალური მიმართულებით იმუშავონ, რაც არაა გამორიცხული, რომ ბახმუტის დაცემის წინაპირობა გახდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსული ძალები თანდათან ერტყობათ გამოფიტვა და უკრაინელთა დიდი შეტევის წინ შესაძლოა იძულებით დატოვონ რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

„რუსებმა გრავიტაციის ცენტრად ბახმუტი გადააქციეს. უკრაინელებმაც გადაწყვიტეს, რომ ქალაქი დაეცვათ, რაც წარმატებით ხორციელდება. ავდიივკა-მარიინკის მიმართულებაზე ის რუსეთის მიერ გამოცხადებული დიდი შეტევა კარგა ხანია დაიწყო, მაგრამ ერთი-ორი პატარა სოფლის გარდა რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ აქვთ.

„უკრაინა ახლა გარდამტეხ მომენტშია, ნელ-ნელა გადატეხავენ მოწინააღმდეგეს, ინიციატივას დაიბრუნებენ და ალბათ აღმოსავლეთ მიმართულებაზე გარკვეულ წარმატებას ვიხილავთ.

„რაც შეეხება სამხრეთს, აქ რაიმე სერიოზულ შეტევას ტექნიკა და სამანევრო ჯგუფები სჭირდება. სამხრეთში ხშირი დასახლება არაა და კარგი ტექნიკაა საჭირო, რომ დიდ მანძილზე გადაადგილება და შეტევა შეძლონ.

„მთავარია, რომ უკრაინამ ყველა მიმართულებაზე ბრძოლა და მტრის განადგურება შეძლოს, ადრე თუ გვიან რუსები გამოიფიტებიან და ამა თუ იმ პოზიციას დატოვებენ.

„იყო სასიხარულო ინფორმაცია, რომ რუსებმა ნოვა კახოვკა დატოვეს. ეს უმნიშვნელოვანესი დასახლებაა, მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზეა და სამხრეთის მიმართულებაზე ერთადერთი გადმოსასვლელი სწორედ ნოვა კახოვასთანაა, საიდანაც შეიძლება, რომ ცოცხალი ძალა გადმოიყვანო, სხვანაირად ფორსირება შეუძლებელია. თუმცაღა მერე აღმოჩნდა, რომ რუსებს ნოვა კახოვკა არ დაუტოვებიათ და უბრალოდ როტაცია იყო.

„რუსები უკვე დროში გაწელილ, ხანგრძლივ ოპერაციებს თავს ვეღარ ართმევენ. ადრე თუ გვიან კონტროლი და მართვა გაუჭირდებათ და გარკვეული ადგილების დათმობა მოუწევთ. ალბათ ამასაც ვიხილავთ მანამ, სანამ უკრაინა მასშტაბურ კონტრშეტევას დაიწყებს", -განაცხადა ლაშა ბერიძემ.

რა საბრძოლო ტექნიკა ჩადის უკრაინაში

გერმანიამ, ნიდერლანდებმა და დანიამ უკრაინას საერთო ჯამში 178 „ლეოპარდის" ტიპის ტანკები უნდა მიაწოდოს. ბერლინის მიერ დაპირებული „ლეოპარდ 2"-ის 18 ტანკი უკვე უკრაიანშია. ამის გარდა, 40 გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „მარდერი" და ორი ჯავშანმანქანაც ჩავიდა. უკრაინაშია პორტუგალიის მიერ ნაჩუქარი სამი „ლეოპარდიც".

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის თქმით, უკვე ადგილზეა ბრიტანული ტანკები „ჩელენჯერ 2", ქვეითთა ამერიკული ჯავშანმანქანები „სტრაიკერი" და და „კუგარი".

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ უკრაინას „ჩელენჯერ 2"-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემდა.

„სასიამოვნო იყო პირველი უკრაინული „ჩელენჯერი 2"-ის ტანკის დატესტვა. ასეთი ტანკები, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ მოგვაწოდა, ახლახან ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიებს", - წერს რეზნიკოვი.

როგორც „გარდიანმა" დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა, უკრაინული სატანკო ეკიპაჟები დიდ ბრიტანეთში წვრთნების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. ისინი რამდენიმე კვირაა „ჩელენჯერ 2" ტანკების ოპერირებას ითვისებდნენ. როგორც წყარო წერს, უკრაინული ეკიპაჟები და ტანკები, სავარაუდოდ, დროულად იქნებიან საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ადგილზე.

ამასთან, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი „ლეოპარდ 2ა4" საბრძოლო ტანკების პირველ პარტიას მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგზავნის უკრაინაში. ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინას 10 საბრძოლო ტანკს მიაწვდის.

ამავე პერიოდში ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინას გადასცემდა რვა ტანკს „ლეოპარდ 2" და ოთხ დამხმარე მანქანას.

„ტანკები უკვე ადგილზეა, ხოლო პერსონალის მომზადება მიმდინარეობს პოლონეთში, ევროკავშირის ეგიდით", - აღნიშნულია ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მარტშივე შვედეთის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის წინადადება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ, რომელიც მოიცავს დაახლოებით 554 მილიონი ევროს ღირებულების „არჩერის" თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, „ლეოპარდ 2"-ის ტანკებსა და „რობოტ 57" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.

პოლონეთმა უკრაინას უკვე 14 „ლეოპარდი" და საბჭოთა „ტ-72"-ები გადასცა, საფრანგეთმა კი AMX-10 RC ტიპის ტანკების პირველი პარტია 14 ერთეული უკვე გადასცა დაპირებული 40-დან.

ასევე, უკრაინაში უკვე ჩავიდა მოდერნიზებული „ტ-72ბ"-ების პირველი პარტიები ჩეხეთიდან და მაროკოდან, რომლებიც საერთო ჯამში უკრაინას 120 ტანკს დაჰპირდნენ. უკრაინისათვის ტანკების მიწოდების შესახებ ასევე ფინეთმა, კანადამ, დანიამ და ნიდერლანდებმაც განაცხადეს.

რაც შეეხება საბრძოლო ავიაციას, ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის „მი-24" ტიპის 12 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს.

პოლონეთი და სლოვაკეთი შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე თვეს უკრაინას საბჭოთა „მიგ 29" ტიპის 17 ავიაგამანადგურებლი გადასცენ. ამ სამხედრო თვითმფრინავების პილოტებს გადამზადება არ სჭირდებათ, რადგან უკრაინელებს მისი მართვა არ უჭირთ და საჰაერო ძალებშიც ამისთვის კარგად გამოცდილი მფრინავები ჰყავთ.

ამასთან, ფრანგული გამოცემა „ლე ფიგაროს" ცნობით, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, 30 უკრაინელი პილოტი საფრანგეთში, „მირაჟ 2000" საბრძოლო თვითმფრინავზე დაჩქარებულ მომზადებას გადიოდა. გავრცელებული ცნობებით კი, კიევი პარიზისგან კი 40 ერთეულ „მირაჟს" მიიღებს.

ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ არ გამორიცხა, რომ ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინაში „ეფ-16" ან სხვა ტიპის დასავლური ავიაგამანადგურებლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღონ.

21 მარტს „სიენენმა" აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ უკრაინას „პეტრიოტის" ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. ცნობილია, რომ 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პეტრიოტის" სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ამის შემდეგ კი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან.

იმავე „სიენენის" ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს „პეტრიოტის" მართვისა და გამოყენების ათვისება. ისინი სასწავლო კურსს ათი კვირის ნაცვლად რვა კვირაში ასრულებენ.

რას შეცვლის ამ შეიარაღების ფრონტზე გამოჩენა

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ როგორც ახალი ტექნიკის, ისე შესაბამისი სამხედრო პერონალის ფრონტზე გამოჩენას დაახლოებით 3 კვირაშ უნდა ველოდოთ და ეს სიტუაციას მნიშვნელოვნად შეცვლის.

„ჩელენჯერები" და „ლეოპარდები" უკვე უკრაინაშია. როგორც ვიცი, რამდენიმე ათეული ტანკი და 40 ამერიკული ჯავშანმანქანაა. საფრანგეთი „მირაჟ 200"-ის 40 თვითმფრინავს გადასცემს, რაც უკრაინელებს შეტევას გაუიოლებს, მათ ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსებისა და დრონების გადაჭერა შეუძლიათ და ამას გარდა, რუსების მოიერიშე ავიაციასაც პრობლემებს შეუქმნიან.

„აღარ მალავენ, რომ საბრძოლო ტექნიკა და გაწვრთნილი შენაერთები უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა. ამაზე პუტინსაც კი დაუსვეს კიუთხვა - რატომ არ ანადგურებს რუსეთი ამ კოლონებს რატომ არ ანადგურებს, მაგრამ მან ხელები გაასავსავა და ფაქტიურად რუსეთის შეიარაღებული ძალების სისუსტე აღიარა.

„როცა ასეთი ოპერატიულ-სტრატეგიული შეიარაღება შედის და ამბობ, რომ მსოფლიო მეორე არმია ხარ, პრევენციული ზომები უნდა მიიღო. მაგრამ ამას არ აკეთებენ და რატომ არ აკეთებენ, ამაზე პუტინსაც არ ჰქონდა პასუხი. მათი დაზვერვა მოიკოჭლებს და იმ ტიპის შეიარაღების ნაკლებობას განიცდის, რომელიც მოწინააღმდეგის სიღრმეში მტკივნეულად და ზუსტად დაარტყამს.

„უკრაინის ცოცხალი ძალის მზადება მიდის, რაღაც ნაწილი უკვე შესულია და სანამ მთლიანად ჩავლენ და თანაწყობა მოხდება, სამ კვირამდე მაინც უნდა. თან კლიმატური პირობების გაუმჯობესებას ელოდებიან. შეტევას ალბათ აპრილის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე უნდა ველოდოთ.

„ამ ყველაფრის ფრონტზე გამოჩენა იმას შეცვლის, რომ პირველ რიგში უკრაინა ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიიღებს. ასევე მათი ოპერატიული პოტენციალი გაიზრდება და ეს საშუალებას მისცემთ, რომ საკმაოდ სწრაფი შეტევა განახორციელონ, რომლის მთავარი მიზანი თუნდაც ოკუპირებული დონეცკის გათავისუფლება და ყირიმისაკენ გაჭრა იქნება", - განაცხადა მაისაიამ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯავშანტექნიკის გამოყენების ორი სცენარია - ან ეტაპობრივად ნელნელა პოზიციებს გაამაგრებენ, ან ერთიან სატანკო დააჯგუფებას შექმნიან კონტრშეტევისთვის.

„ძირითადად „ლეოპარდები" და „ჩელენჯერ 2"-ები ჩავიდა. ჯავშანტექნიკის გამოყენება ეტაპობრივად, ნელ-ნელა მოხდება. აქ ორი ვარიანტია - ან არსებულ პოზიციებს გააძლიერებენ, ან შეეცდებიან, რომ ერთი ძლიერი სატანკო დაჯგუფება შექმნან და რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე კონტრშეტევისთვის გამოიყენონ.

„რაიმე მასშტაბური კონტრშეტევისგან ჯერჯერობით შორს ვართ, რადგან უკრაინას საკმარისი ტექნიკა და საბრძოლო მასალა მაინც არ აქვს. თუმცა ალბათ ბახმუტის და გარკვეულ სხვა მიმართულებაზე ტაქტიკურ კონტრშერტევებს დროთა განმავლობაში ვიხილავთ.

„წვრთნებს უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად გადიან. რამდენიმე ეტაპია. ძირითადი შეიარაღებული ძალები მუდმივად იწვრთნება და ივსება. გარდა ამისა, ახალ ტექნიკა რომ გამოიყენონ, პერსონალის მომზადება სჭირდება, როგორც ტექნიკურად, ისე ტაქტიკურად. ეს წვრთნები კი მუდმივად სხვადასხვა ქვეყნებში მიდის.

„უკრაინელები წვრთნას უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე ტექნიკის გადაცემა გადაწყდება. ამით საქმეს წინ იგდებენ და საკმაოდ ჭკვიანურად ითვისებენ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×