ბაჩანა ტყემალაძე
15.03.2023

14 მარტს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუსეთის გამანადგურებლებთან შეტაკებისას ჩამოვარდა აშშ-ის სადაზვერვო დრონი, MQ-9 REAPER, რომელიც რუტინულ დავალებას ასრულებდა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ორმა SU-27-მა განახორციელა ამერიკულ დრონის მიმართ მეტად „არაპროფესიონალური" მანევრი, რის შედეგადაც ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი გამოედო დრონის პროპელერს, ამ ყველაფერმა კი „რიპერის" ჩამოგდება გამოიწვია.

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა თქვა, რომ ინციდენტი მათ არაპროფესიონალიზმსა და კომპეტენციის არქონაზე მიუთითებს.

„ჩვენი აპარატი ჩვეულებრივ ოპერაციებს ატარებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როცა ის გაიტაცა და ჩამოაგდო რუსეთის თვითმფრინავმა, ამან კი დრონის ავარია და მასთან კავშირის სრული დაკარგვა გამოიწვია", - თქვა ჯეიმს ჰეკერმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ საფრენი აპარატის წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებიათ. მათივე თქმით, ამერიკული დრონი დაფრინავდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის საზღვრების დარღვევით.

ამის გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოიძახეს რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი, რის შემდეგაც საგარეო-პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით აშშ მაღალ დონეზე თანამშრომლობს რუსეთთან.

„რუსეთმა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცე (სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა), არის სპეცოპერაციის ადგილი [...] თუ რუსული თვითმფრინავი კალიფორნიის სანაპიროს მიუახლოვდება, როგორი რეაქცია ექნებათ ამერიკელებს?" - ციტირებს CNN რუსეთის ელჩ ანატოლი ანტონოვს.

ანტონოვმა ინციდენტს ამერიკელების პროვოკაცია უწოდა, რადგან თავად დრონი, მისი თქმით, „დაფრინავდა გამორთული ტრანსპონდერებით" და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში შევიდა".

„რას აკეთებენ ისინი შეერთებული შტატებიდან ათასობით კილომეტრში? პასუხი აშკარაა: ისინი აგროვებენ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელსაც შემდგომში გამოიყენებს კიევის რეჟიმი ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და ტერიტორიებზე დარტყმისთვის," - ამბობს ანტონოვი.

ანალიტიკოსი ვახტანტ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი ინციდენტები რუსეთსა და ამერიკას შორის უცხო არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთი ცდილობს, რომ შავ ზღვაზე სრული დომინირების მოპოვებასთან ერთად, პოტენციურ მოკავშირე ჩინეთს თავისი შესაძლებლობები აჩვენოს.

„მსგავსი შემთხვევები ხდებოდა ცივი ომის დროს - ხან ამერიკა უგდებდა რუსეთს თვითმფრინავს, ხან რუსეთი ამერიკას. ჩემი აზრით, დრონის ჩამოგდება შემთხვევითი არ ყოფილა. 2008 წელს, როგორც მახსოვს რუსეთის გამანადგურებელმა ზუსტად ასე ჩამოაგდო ქართული დრონი.

ვფიქრობ, რომ პუტინის ეს ჟესტი უკავშირდება მომდევნო კვირაში ჩინეთის ლიდერის რუსეთში ვიზიტს. მოსკოვს სურს, ჩინეთს ანახოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია.

იქედან გამომდინარე, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო დაძაბა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები და ახლა ჩამოგდებული დრონი ძალიან ძვირადღირებული იყო, სიტუაციის დაძაბვას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც განსაკუთრებულ ესკალაციას არ ველოდები, დაველოდოთ, თუ კიდევ რა განცხადებები გაკეთდება და რა იქნება ჩინეთისა და რუსეთის შეხვედრის შემდგომ", - განაცხადა ვახტანს მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×