ბაჩანა ტყემალაძე
14.03.2023

ბოსნიელი სერბების ლიდერს, პრეზიდენტ მილორად დოდიკს „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ ქართული კანონპროექტის მიღება სურს, რომელმაც საქართველოში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ამას უკვე მოყვა მკვეთრად უარყოფითი შეფასებები. თავად ევროკავშირში კი, დასავლური მედიის ცნობით, ასევე იგეგმება უცხოურ დაფინანსებაზე კანონპროექტის შემუშავება, თუმცა, გასული კვირის თბილისის მოვლენების გამო, შესაძლოა ეს პროცესი შეჩერდეს.

ბოსნია და ჰერცოგოვინის სერბთა რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა „ქართულ" კანონპროექტს დღეს, 14 მარტს განიხილავს. ინფორმაციას „ინტელინიუსი" ავრცელებს. დოდიკის თქმით, კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობას ასახავს, მაგრამ ბოსნიაში არსებულმა აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ მას ამერიკულთან საერთო არაფერი აქვს და კრემლის მიერაა შთაგონებული.

„ეს ფილმი ადრეც გვინახავს და მისი დასასრულიც ვიცით. რუსეთმა 2020 წელს გააფართოვა თავისი უცხოელი აგენტების კანონმდებლობა და ამტკიცებდა, რომ მხოლოდ აშშ-ის მოდელს აკოპირებდა. შედეგად რუსეთმა გამოიყენა თავისი რეპრესიული კანონმდებლობა ყველანაირი განსხვავებული აზრის აღსაკვეთად, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის აღმოსაფხვრელად", - ნათქვამია ბოსნია და ჰერცოგოვინაში არსებული აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კანონპროექტს ასევე გამოეხმაურა „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელი სამანტა პუერი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი ანტიდემოკრატიულ სახიფათო გზაზე მიჰყვება რეგიონში სხვა ქვეყნებს.

ევროკავშირის დელეგაციის პრესსპიკერმა, ფერდინანდ კოენიგმა კი განაცხადა, რომ კანონპროექტის ინიცირება მათთვის შემაშფოთებელია.

„ეს კანონი ეწინააღმდეგება ბოსნია და ჰერცოგოვინას ევროპული გზის მისწრაფებებს, გაერთიანების და გამოხატვის უფლების ჩათვლით", - თქვა ფერდინანდ კოენიგმა.

თავად კანონპროექტის წარმდგენმა, პაუერს დოდიკმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ინიცირებული კანონპროექტი აშშ-ის კანონითაა შთაგონებული და ამავდროულად გამოეხმაურა „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" დირექტორის განცხადებასაც.

„ჩვენ ვაკოპირებთ ამერიკულ მოდელს, რამაც აშშ მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოდ აქცია. საინტერესოა, რომ ამ ყველაფერზე სამანტა პუერი ასე რეაგირებს, რადგან მან იცის, რომ ბოსნია და ჰერცოგოვინაში ბევრი პროექტი სწორედ „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსო" მეშვეობით ფინანსდება", - აღნიშნა დოდიკმა.

ბოსნიის და ჰერცოგოვინას გარდა, მსგავსი კანონის შემოღებას კანადაშიც განიხილავენ, სადაც უკვე სერიოზულად დაიწყეს საუბარი ქვეყანაში გამართულ ბოლო ორ არჩევნებში ჩინეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ.

კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, მარკო მენდიცინომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კანადაში „ახალი უცხოური გავლენის გამჭირვალობის რეესტრის" შესაქმნელად კონსულტაციებს ხელმძღვანელობს. ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს.

„მხოლოდ ერთი მიზანი გვექნება - გამჭირვალობის ლეგიტიმური ხელშეწყობა უცხო სახელმწიფოს ლობირებასთან დაკავშირებით", - თქვა მარკო მენდიცინომ.

კანონპროექტის კანადური ვერსიის მიხედვით, ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ უცხო სახელმწიფოს სახელით, მათი მიზნების მისაღწევად, უნდა გაამჟღავნონ თავიანთი კავშირები უცხოურ მთავრობასთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-სა და ავსტრალიაში.

კანადაში მსგავსი რეესტრის შექმნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კანადურმა მედიამ გაავრცელა ცნობები ანონიმურ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით, რომ 2019 და 2021 წლის არჩევნებში, ჩინეთი სხვადასხვა სქემით ერეოდა არჩევნების პროცესში.

ჩინეთმა ბრალდებები უარყო, ხოლო კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და კანადის სპეცსამსახურებმა უარი თქვეს ამ ინფორმაციის დადასტურებაზე და ამის პარალელურად, ისინი საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვას იძიებენ.

კანადასთან ერთად, ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს გაამჟღავნონ ნებისმიერი დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო" ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის ამ წამოწყებასთან დაკავშირებით კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონპროექტზე მუშაობის დაწყების დრო არასათანადოდაა შერჩეული, რადგან ევროკავშირმა აღნიშნულ კანონზე მუშაობა ზუსტად მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოში მსგავსი კანონპროექტის გამო პროტესტი გაჩნდა.

„აშკარად დელიკატური საკითხია. ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ, დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრისგან ინფორმაციის შეგროვების ადრეულ ეტაპზე. რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორ მიდგომას ვიღებთ", - აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა პირმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ დიდი ალბათობით ბოსნიაში ის მოხდება, რაც საქართველოში მოხდა. დოდიკის ეს ნაბიჯი კი იმაზე მიუთითებს, რომ მას ძალაუფლების შენარჩუნება უნდა.

„მსგავსი ტიპის კანონებს, მით უმეტეს, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები მაშინ იღებენ, როდესაც ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყლიბება და ძალაუფლების შენარჩუნება სურთ. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი და აშშ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ აუცილებლად წავლენ.

„თავის დროზე, როდესაც ამერიკა მსგავსი შინაარსის კანონს იღებდა, იქაც კი ძალიან სარისკო იყო მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იყო განსაზღვრული ყველაფერი და მას შემდეგ ეს კანონი იქ აღარც მუშაობს.

„დიდი ალბათობით, ბოსნიაშიც ის მოხდება, რაც საქართველოში მოხდა. ასეთ ქვეყნებში რამის ზუსტი ვარაუდი რთულია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×