ნაზი ბერიძე
03.03.2023

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს, თქვა თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის მართვადი რეაქტიული სისტემების რაკეტები, რომელთა სროლაც „ჰაიმარსებით" არის შესაძლებელი, ასევე საბრძოლო მასალა ქვეითთა სამხედრო მანქანებისთვის და ჯავშანტექნიკა გასაშლელი ხიდების დასამონტაჟებლად.

ამაზე საუბრისას „რეზონანსთან" გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ახლა ის კრიტიკული მომენტია, როცა უკრაინას დახმარება ნამდვილად სჭირდება.

„ამერიკა არ ცვლის თავის პოზიციას და უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს, ანუ თავის სიტყვას ასრულებს. ძალიან კარგი თუ გამოაცხადეს და თუ უკრაინა კიდევ მიიღებს დახმარებას, ახლა მას დახმარება ნამდვილად სჭირდება, ვინაიდან ახლა ის პერიოდია, რომ რაღაცა უნდა გადაწყდეს ამ ომში. დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელები მოახერხებენ და კონტრშეტევას განახორციელებენ, რასაც ყველა ელოდება," - აცხადებს „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძე.

„ჯერჯერობით რუსებისაა ინიციატივა და ისინი უტევენ. უკრაინელებს ნამდვილად სჭირდებათ დახმარება. განსაკუთრებით გაცხარებულია ბრძოლები ბახმუტსა და უგლედართან, ასევე შეტევები მიდის მარინკას მიმართულებით. დიდი უპირატესობა მას არ გააჩნია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევენ, ეს ფაქტია და ამას ვერ გაექცევი.

„რუსები რაც კი შეუძლიათ ახლა ყველაფერს იყენებენ, ამას თუ გაუძლეს უკრაინელებმა... არ ვიცი. ალბათ, რუსები, ბახმუტს აიღებენ, და მერე ეს გაფორმდება უდიდეს წარმატებად.

„უკრაინას აუცილებლად სჭირდება დახმარება, სხვანაირად ის ტერიტორიებს ვერ გაათავისუფლებს. მან უნდა განახორციელოს კონტრდარტყმა, ყოველ შემთხვევაში რუსეთისთვის ყურადღების გადატანის მიზნით მაინც. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს მიმართულება იქნება ტირასპოლი-დნესტრისპირეთი. უკრაინამ შეიძლება დაარტყას რუსების გარნიზონს, რომელიც ტირასპოლში იმყოფება, მაშინ ფაქტიურად დნესტრისპირეთს გაათავისუფლებენ და თავის ზურგშიც აღარ ეყოლება მოწინააღმდეგე დაჯგუფება," - აცხადებს „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძე.

შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი, რომლის შესახებაც ვაშინგტონში 24 თებერვალს განაცხადეს, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო და უპილოტო საფრენ აპარატებს, დრონების საწინააღმდეგო შეიარაღებას, საბრძოლო მასალასა და სხვა აღჭურვილობას მოიცავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×