თამთა ჩაჩანიძე
01.03.2023

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩინეთშია, ვიზიტის მიზეზად კი კონტაქტების გაფართოებას ასახელებს, თუმცაб როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორთანაა კავშირში, მათ შორის უკრაინის ომზე პეკინის 12 პუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან, ვლადიმერ პუტინის ახალ მიზნებთან და ლუკაშენკოს პირად ინტერესებთან.

დაგეგმილია ალექსანდრე ლუკაშენკოს შევხედრა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინთან, მანამდე, მან ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლი ჩჟანშუსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბელარუსის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ჩინეთთან კონტაქტების გაფართოებაა.

„ჩინეთთან კონტაქტების გაფართოება ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის კონცეფციამ ბელარუსისა და ჩინეთის ურთიერთობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. დღეს მინსკი და პეკინი აგრძელებენ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, წარმატებით ავითარებენ ეკონომიკურ თანამშრომლობას და აფართოებენ რეგიონულ კავშირებს", - განაცხადა ლუკაშენკომ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ლუკაშენკო ჩინეთს სტუმრობს, მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პუტინის ხელისუფლება სუსტდება და რუსეთის ალტერნატივას ეძებს.

„ლუკაშენკოს ჩინეთში ვიზიტი სამ მნიშვნელოვან ფაქტორს უკავშირდება. როგორც ჩანს ვლადიმერ პუტინი ახალი მსოფლიო წესრიგისთვის ემზადება და ახალ პროექტს „საბჭოთა კავშირ 3"-ის შექმნას იწყებს. ლუკაშენკომ კი მათი აზრი მოახსენოს, რომელიც უკავშირდება ახალი გეოეკონომიკური პროექტის პროევრაზიული კორიდორის ამოქმედებას.

„საუბარია, რომ ახალ პროექტებში არა მხოლოდ რუსეთი, ირანი, ბელარუსი და ჩრდილოეთ კორეა შევლენ, არამედ მარიონეტული ტიპის ე.წ. სახელმწიფოები. მაგალითად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები.

„პუტინს „საბჭოთა კავშირი 2" პროექტი ჩაუვარდა და ახლა საუბარია მესამე გეგმაზე, რომელიც გეოეკონომიკური მიზნებისა და ამოცანების მიღწევას ითვალისწინებს და სამწუხაროდ რუსეთი ცილობს, რომ საქართველოც და მოლდოვაც ამ პროექტში რაღაცნაირად ჩაითრიოს.

„მეორე მიზეზი უკრაინის ომია - პუტინმა ლუკაშნკო გააგზავნა, რომ ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივას უფრო მეტი ყურადღება მიანიჭოს, დააფიქსიროს, რომ კრემლი და მისი მოკავშირეები ამ გეგმას იზიარებენ და უნდათ, რომ ის პუნქტები, რაც რუსეთისთვის წამგებიანია, პეკინმა როგორმე შეარბილოს, ეს იქნება ტერიტორიული მთლიანობა თუ სხვა.

„ჩინეთის ხელისუფლებამ ისეთი გეგმა შეიმუშავა, რომელიც მისი აზრით, ორივე მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა ყოფილიყო. კრემლმა ახლა ინიციატივა თავის ხელში აიღო და ცდილობს, რომ როგორმე გადაათამაშოს და ჩინეთის გეგმას კალაპოტი შეუცვალოს", - განაცხადა მან.

ამბობს, რომ რუსეთის წაგების შემთხვევაში, ავტორიტარული სახელწმიფოები ჩინეთისკენ გადაიხრებიან, რადგან მთელს მსოფლიოში დემოკრატიის დანერგვის „საფრთხე" წამოვა.

„ვიზიტის მეასმე მიზეზი არის პირადი მიზნები. როგორც ჩანს ლუკაშენკო ხედავს, რომ პუტინი და რუსეთი სუსტდება და უკვე ალტერნატიულ ძალას ეძებს. ჩინეთი ერთ-ერთი ძლიერი გავლენის ცენტრია და თადარიგი დაიჭირა. სხვათა შორის ირანმაც იგივე ვარიანტი გააკეთა.

„ლუკაშენკომაც შეატყო, რომ ვლადიმერ პუტინი სუსტება, ისეთი ძლევამოსილი არაა, როგორ ადრე ჩანდა. სხვათა შორის, უკრაინელები ამბობენ, რომ პუტინი ვალდაიში გადავიდა და ჩაიკეტა, დაცვა გაიძლიერა და კვიპროსზე თავისი ფინანსური კაპიტალის კონცენტრაციას ახდენს. გამოდის, რომ მისი პოზიციები იმდენადაა შესუსტებული, რომ კრემლიდან გადავიდა და მის გარემოცვასაც აღარ ენდობა.

„ახლა ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობაც კი დაიცვას, ეს ჩინეთია. რუსეთის წაგების შემთხვევაში, ბელარუსის მმართველობის ტიპის სახელწიფოები ჩინეთის მიმართულებით წავლენ, რადგან მერე დემოკრატიის დანერგვის „საფრთხე" წამოვა, ფერადი რევოლუციების ტენდენციის სახით და ასეთი სახელმწიფოები ჩინეთს მიეკედლებიან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

რუსეთი ყურადღებით ეკიდება ჩინეთის სამშვიდობო გეგმას და მისი დეტალები დეტალურად უნდა იქნას გაანალიზებული, - ამის შესახებ კი კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, ყურადღებას იმსახურებს.

„დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი ჩინელი მეგობრების გეგმას. რა თქმა უნდა, დეტალები გულმოდგინედ უნდა გაანალიზდეს ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით. ეს ძალიან ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესია", - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ამ დროისთვის რუსეთი ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევა შესაძლებელია.

ჩინეთის სამშვიდობო გეგმა მოითხოვს: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას. 12-პუნქტიანი გეგმის გარდა, ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული" და "ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოილოდიმირ ზელენსკი არ მიიჩნევს, რომ ჩინეთის წინადადება უკრაინაში ომის გადაწყვეტის შესახებ სამშვიდობო გეგმაა, თუმცა აღნიშნავს, რომ უკვე კარგია, რომ ჩინეთი უკრაინაზე საუბრობს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ომის დაწყების წლისთავს მიეძღვნა.

"ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ჩინეთის მშვიდობის გეგმა, არც რეზოლუცია და დეკლარაცია. ვფიქრობ, რომ ჩინეთმა თავისი შეხედულება გვაჩვენა", -

ზელენსკის თქმით, ჩინეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, მისი აზრით, ჩინეთი შეხედულება ბირთვულ უსაფრთხოებაზე ემთხვევა უკრაინისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებს.ამასთან, ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×