სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ლემონჯავა
    20.09.2009

    როგორც "კვირის რეზონანსთან" საუბარში ხუციშვილი აღნიშნავს, მას მობილური ოპერატორი "ბილაინი" დაუკავშირდა და საქართველოში ამ კომპანიის შემოსვლის 3 წლის აღსანიშნავ კონცერტზე გამოსვლა შესთავაზა. ზაზა დათანხმდა. თუმცა, მალევე "ბილაინიდან" დაურეკეს და უთხრეს, რომ "რუსთავი 2"-ის მიერ წამოყენებული მოთხოვნის გამო იგი "ბილაინის" მიერ მოწყობილ კონცერტზე ვერ გამოვიდოდა - "რუსთავი 2" მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა თავის საინფორმაციო გამოშვებებში ამ კონცერტის გაშუქებას, თუკი კონცერტზე ხუციშვილი არ გამოვიდოდა.
    აღნიშნულთან დაკავშირებით "კვირის რეზონანსი" სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს დაუკავშირდა, სადაც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ზაზა ხუციშვილი იტყუება და მსგავსი რამ არ მომხდარა. ჩვენ "ბილაინსაც" დავუკავშირდით, მაგრამ კომპანიამ ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა.
    შეგახსენებთ, რომ ხუციშვილი "რუსთავის 2"-ის პროექტ "ვარსკვლავების აკადემიაში" ჟიურის წევრი იყო და ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა ეს პროექტი.
    ზაზა ხუციშვილი: "ვარსკვლავების აკადემიის" ჟიურიში ვიყავი. "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის გამო ეს პროექტი დავტოვე, რადგანაც სტუდენტები აშკარად ჩართეს პოლიტიკაში და სტუდენტების მხრიდან პოლიტიკური მოწოდობები ისმოდა. ამის შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში კომპანია "ბილაინის" პიარმენეჯერი დამიკავშირდა და შემომთავაზა კონცერტზე გამოსვლა, რომელსაც "ბილაინი" მართავდა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.
    "კომპანიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მათი ჩატარებული აქციები ტელევიზიით გაშუქდეს. უკვე მოლაპარაკებულ კონცერტზე დამირეკა საკმაოდ აღელვებულმა იგივე გოგონამ და მითხრა, რომ "რუსთავი 2"-მა კატეგორიული უარი განაცხადა ამ კონცერტის გაშუქებაზე, თუ "ვაკის პარკი" მიიღებს მონაწილეობასო. პრინციპში, ეს ნაბიჯი "რუსთავი 2"-დან მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჩემი მხრიდან "ვარსკვლავების აკადემიიდან" წასვლის გადაწყვეტილება ბოროტი არ ყოფილა, ამ გადაწყვეტილებას კი ბოროტად ვთვლი, იმიტომ, რომ "ვაკის პარკი" არ არის ზაზა ხუციშვილი".
    "კვირის რეზონანსი": ხომ არ დაკავშირებიხარ "რუსთავი 2"-ს, თუ ჰკითხე მათი გადაწყვეტილების შესახებ?
    ზ.ხ: "არ ვაპირებ დაკავშირებას. ამ სამ ცენტრალურ ტელევიზიას თავისი გასაჭირი ეყოფა".
    "კ.რ": რას გულისხმობთ?
    ზ.ხ: "რას და როდესაც თანამშრომლების 97% ფიქრობს ერთ რამეს და ამის შემდეგ ერთ-ერთი აკეთებს მეორე რამეს... მე ბევრ ტელევიზიაში ვყოფილვარ და ყველგან ვიცი განწყობა, იგივე სასადილოში, დერეფანში რასაც ფიქრობენ და შემდეგ ლაპარაკობენ სულ სხვას".
    "კ.რ": რომელ ტელევიზიებს გულისხმობ?
    ზ.ხ: "იმედს" ვგულისხმობ, რომელსაც მთავრობა ფლობს პირდაპირი ფლობის წესით. "პირველ არხს", "იმედს" და "რუსთავი 2"-ს".
    "კ.რ": შენს გადაწყვეტილებას მინდა დავუბრუნდე "ვარსკვლავების აკადემიასთან" დაკავშირებით. როდესაც შენ დატოვე ჟიური, რა გითხრეს "რუსთავი 2"-ში? ანუ, როგორ მოხდა თქვენი დაშორება?
    ზ.ხ: "მე თვითონ გავაკეთე განცხადება "რუსთავი 2"-თან მიტინგზე და შემდეგ დავურეკე ზაზა შენგელიას და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი".
    "კ.რ": რა გითხრა მან?
    ზ.ხ: "მან მითხრა, რომ ესმის ჩემი და უბრალოდ, სჯობდა მასთან შემეთანხმებინა ჩემი გადაწყვეტილება. მაგრამ მე არ ვთვლი ასე.
    "რაც შეეხება "ბილაინის" კონცერტს, ეს რომ ყოფილიყო "რუსთავი 2"-ის რაღაც აქცია ან კონცერტი, სავსებით გასაგები იქნებოდა, მაგრამ როდესაც კერძო კომპანიის აქცია არის, იქ ასეთი მოთხოვნა არასწორია.
    "ბილაინმა" "ვაკის პარკი" სხვა ჯგუფით ჩაანაცვლა. მე კარგად მესმის მათი და არანაირი პრეტენზია არ მაქვს მათთან. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა, რომ თავიდან ჩვენზე შეაჩერეს არჩევანი. თუ აქცია არ გაშუქდება, ჩამტარებელს აკლდება რაღაც.
    "არაფერს ვაპირებ. "რუსთავი 2"-ს ინფორმაციულ ომს ვერ მოვუგებ და არც ვაპირებ არანაირ ომს. არც სამაგიეროს გადახდას ვაპირებ. სიმართლე გითხრათ, არც წყენის და ბოღმის ჩადებას ვაპირებ. ასეთი ადამიანი არ ვარ. ამ ტელეკომპანიაში ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს და ჩემი მათ მიმართ დამოკიდებულება ნამდვილად ნათელია".
    ირმა ნადირაშვილი, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი: "ზაზა ხუციშვილი ტყუილს ამბობს. ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც თქვენ დაგიდასტურებთ, რომ "რუსთავი 2"-მა უარი თქვა კონცერტის გაშუქებაზე იმ შემთხვევაში, თუ იქ ზაზა ხუციშვილი მიიღებდა მონაწილეობას. მე საერთოდ არ ვიცი,ზაზა ხუციშვილის მონაწილეობა იყო თუ არა დაგეგმილი ამ კონცერტში. სთხოვეთ იმ ადამიანს, ვინც თქვენ ინტერვიუ მოგცათ, დაგისახელოთ წყარო, რომელმაც უთხრა, რომ "რუსთავი 2"-მა უარი უთხრა მისი მონაწილეობით კონცერტის გაშუქებაზე. ასეთ ადამიანს თქვენ ვერ იპოვით, იმიტომ, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა".
    თეონა ბაღდავაძე, "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: "ბილაინს" ჰყავდა დაქირავებული კომპანია, რომელმაც კონცერტის ორგანიზება მოახდინა. იგი იყო პასუხისმგებელი რეპერტუარის შერჩევაზე. "მგზავრების" და "ფრანის" არჩევა მოხდა დღევანდელი რეიტინგებისა და პოპულარობის გათვალისწინებით, რისი ნათელი მაგალითიც არის კუს ტბაზე გამართული კონცერტი, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter