სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლელა ოჩიაური
    19.09.2009

    ფესტივალის ორგანიზატორების თქმით: "თეატრალური ფესტივალის მასპინძლობა ყველა ქალაქისა და ქვეყნისთვის უდიდესი პრესტიჟია. იმისთვის, რომ ფესტივალის მასპინძელი გახდე, საუკეთესო თეატრი და მაყურებელი უნდა გყავდეს, ეს მთავარი პირობაა, თუმცა ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პირობაც არსებობს. თავისი განსაკუთრებული თეატრალური ცხოვრებითა და ატმოსფეროთი თბილისი სწორედ ამ იშვიათი შესაძლებლობების ქალაქია... იმედი გვაქვს, ამ გზაზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სხვა ფესტივალებსა და კულტურულ მოვლენებთან ერთად მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი იქნება".
    ფესტივალს მიეძღვნა პირველი პრესკონფერენცია, რომელიც თბილისის მერიაში გაიმართა - თბილისის მერის, გიგი უგულავას, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის, სამინისტროს, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირების, ფესტივალის მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორის, ეკა მაზმიშვილის მონაწილეობით.
    ეკა მაზმიშვილის ინფორმაციით, ფესტივალის მისიაა საქართველოს დედაქალაქის პოპულარიზაცია და ინტეგრირება საერთაშორისო კულტურულ მოვლენებში, ხოლო მიზანი - თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება თანამედროვე საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის საუკეთესო ნამუშევრებით; ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია და ინტეგრაცია საერთაშორისო ფესტივალებში; თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო კულტურულ ინსტიტუტებთან და მედიასთან; საერთაშორისო პროგრამის წარმოდგენა ქართველი მაყურებლისთვის; ქართული "შოუქეისის" წარდგენა უცხოელი მაყურებლისთვის.
    დასებისა და სპექტაკლების რაოდენობა და ინტენსიური საფესტივალო გრაფიკი - 27 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით - თეატრალურ საზოგადოებასა და თეატრის მოყვარულებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს მნიშვნელოვნად დაურღვევს და ეს 22 დღე (23 - გახსნიანად) "მოსვენებას" არ მისცემს.
    თბილისის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ("თბილისი ინთერნეიშნლ") პროგრამა თბილისის რამდენიმე თეატრში იშლება - რუსთაველის, გრიბოედოვის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თავისუფალ, მუსიკალური დრამის თეატრებში; ეროვნულ მუსიკალურ ცენტრსა და სასტუმრო "რადისონ სას ივერიაში".
    უცხოურ პროგრამაშია (რომელიც 14 სპექტაკლისგან შედგება) სპექტაკლები ლიტვის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ხორვატიის, საფრანგეთის, შვედეთის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, კორეის, გერმანიის თეატრებიდან; მასტერკლასები, ვორქშოფები და სემინარები - კრიტიკაში, თეატრის ფოტოგრაფიაში და მსახიობის ოსტატობაში (ეს უკანასკნელი, სპეციალურად, დევნილი ბავშვებისთვის ტარდება).
    ძირითადად უცხოელი მაყურებლისთვის (როგორც უწოდებენ - "შოუქეისი") გამიზნული ქართული პროგრამა ქართველი მაყურებლისთვის უკვე ცნობილ სპექტაკლებთან ერთად (რომლებიც ბოლო წლებში ან წინა სეზონში, თბილისისა თუ საქართველოს სხვა თეატრებში შეიქმნა) ახალი დადგმებისგანაც შედგება. მათ შორისაა: რობერტ სტურუას "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნისა" (რუსთაველის თეატრში) და დავით დოიაშვილის "მაკბეტის" (მუსიკისა და დრამის თეატრში) პრემიერები.
    ნამდვილი საერთაშორისო საფესტივალო გრაფიკია. ქართული პროგრამა 9-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება, მთელი დღის განმავლობაში სპექტაკლებით, სხვადასხვა თბილისური თეატრალური სივრცე იტვირთება - პირველი ჩვენებების - 11-12 საათსა და ბოლოების - 21 საათზე დაწყებით; ხოლო უცხოური - 27 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე, საღამოს საათებში.
    თუმცა, უცხოელი სტუმრები (მთლიანობაში - 300 კაცი, რომლებსაც ახალგახსნილი სასტუმრო "რადისონი" მასპინძლობს) საქართველოს არა მხოლოდ თეატრით გაეცნობიან. მათთვის ფესტივალის ორგანიზატორებმა სპეციალური პროგრამა შექმნეს, რათა ჩვენი ეროვნული კულტურის (ძველი თუ თანამედროვე) მთელი ელვარებითა და შეძლებისდაგვარად, სრულფასოვნად წარუდგინონ.
    ფესტივალის დირექტორია (რომელსაც, წესდების თანახმად, თბილისის მერია ორი წლით ნიშნავს) მარჯანიშვილის თეატრის მმართველი ეკა მაზმიშვილი; მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს (რომლის გარეშეც დირექტორი ვერც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს) წევრები არიან - გიგი უგულავა (თბილისის მერი, თბილისის მთავრობის თავმჯდომარე); ნიკოლოზ რურუა (საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი); ზაალ სამადაშვილი (თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე); გოგი მარგველაშვილი (რეჟისორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი); იოსი ტალგანი (იერუსალიმის ფესტივალის დირექტორი); კონსტანტინე კირიაკი (რეჟისორი, სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი); როჯერ მაკკენი ("ართს ინთერნეშნლ"); ზაალ ჩიქობავა (მსახიობი, რუსთაველის თეატრის მმართველი); ნიკალა ჯუღელი (ბიზნესმენი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი); თამარ კირვალიძე ("თი ბი სი ბანკი").
    სპექტაკლებზე მოხვედრა შეიძლება ბილეთებით, რომლების ფასი - 21, 18 და 11 ლარია და 120, 100 და 70-ლარიანი აბონემენტებით.
    გარდა იმისა, რომ ფესტივალი თავისთავად, დღესასწაულია, მით უფრო, თუ ამ ფესტივალში თანამედროვე ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩართული, "თბილისი ინთერნეიშნლს", მისი ორგანიზატორების თქმით, სხვა დატვირთვა და მნიშვნელობაც აქვს - მისი წყალობით: თბილისს შეუძლია მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი გახდეს, მოიზიდოს ადამიანები და შექმნას ის შემოქმედებითი კაპიტალი, რომლის ღირებულება განუსაზღვრელია".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter