ელზა პაპოშვილი
15.07.2020

მარტვილში 26 წლის გოგონას ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ქმრის ოჯახში თვითმკვლელობით დაასრულა, ცხედრის სახლში გადასვენებას ითხოვს. მათ ნოჯიხევთან სენაკი-თბილისის გზის ცენტრალური მონაკვეთი გადაკეტეს  და ამით ქმრის ოჯახის გადაწყვტილება გააპროტესტეს, რომლებიც მშობლებს ცხედრის სახლში გადასვენების უფლებას არ აძლევენ. ისინი ცხედრის ხობში გადასვენებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გოგონაზე ოჯახში ყველა ძალადობდა, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ის  მოკლული  იყოს. ქმრის ოჯახს კი ამით კვალის დაფარვას ცდილობდეს.  

ოჯახი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გოგონას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ასევე მისი ქმარი ლეიკემიით არის დაავადებული, რის გამოც ქალზე მისმა მშობლებმა სისტემატიური ძალადობა და შევიწროვება დაიწყეს. მას უყველაფერს უკრძალავდნენ და ფაქტობრივად მშიერს ამყოფებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ბევრს ჭამდა და მის ქმრის ავადმყოფობის გამო ამის სურვილი არ უნდა ჰქონოდა. გოგონას მშობლები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია თვითმკვლელობამდე რა მოხდა. არც იმას გამორიცხავენ, რომ გოგონა უკვე გარდაცვლილი თვითმკვლელობის სცენარის გასათამაშებლად ჩამოეკიდათ. 

გოგონას მამა გოჩა ნადარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის დახმარებას ითხოვს, რადგანაც გარდაცვლილი შვილის საკუთარ სახლში გადასვენების უფლება მისცენ. მისი თქმით, პოლიცია უმტკიცებს, რომ ქმრის ოჯახს სახლში დასვენების უფლება აქვს. მშობლის ინფორმაციით, ისინი შეთანხმდნენ, რომ ორი დღე მიცვალებული ქმრის ოჯახში ყოფილიყო, ორი დღის შემდეგ კი მისი ცხედარი მშობლებს უნდა გადაესვენებინათ. ახლა კი უარს ამბობენ და ცხედარს აღარ აძლევენ. ოჯახს კი ამის გამო ეჭვები უჩნდება. 

„შვილის ცხედარის გადმოცემას ვითხოვ. ჩვენ იქ ვერ ვივლით და აქ საკუთარ სოფელში გვინდა რომ დავკრძალოთ. ცოცხალს პატივს არ სცემდნენ და ახლა მიცვალებულზე რატომ გადაირივნენ. ჩემი შვილი არის მსხვერპლი, რომელზეც ძალადობდნენ, ფსიქოლოგიურად მონად ჰყავდათ. ქმარიც, დედამთილიც, მულიც აშინებდა. ელემენტრაულ ჭამას უშლიდნენ. 

„ამის შესახებ გარდაცვალებმამდე რამდენიმე დღით ადრე დას მოუყვა. მის ქმარს ლეიკემია აქვს და ამის გამო ამოიჩემეს. არ ვიცით იმ უბედურ დღეს რა მოხდა. იჩხუბეს, სცემეს თუ რა უქნეს. არაფერს არ გამოვრიცხავთ და გვინდა, რომ სიმართლე დადგინდეს. შესაძლოა უკვე მკვდარი ჩამოკიდეს და თვითმკვლელობის სცენაა გათამაშებული,“ - განაცხადა გარდაცვლილის მამამ გოჩა ნადარეიშვილმა.

მამის თქმითვე, გარდაცვლილის ოჯახი მზადაა გამოძიების დასრულებას დაელოდოს, თუმცა მანამდე ცხედარს ითხოვს. გოჩა ნადირაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილის ქმარი დაკითხული არ არის. საქმეზე ექსპერტიზებია დანიშნული, საიდანაც გაირკვევა სიკვდილამდე გოგონაზე ჰქონდა თუ არა ფიზიკურ ძალადობას ადგილი.     

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×