ელზა პაპოშვილი
06.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან 15 დღე გავიდა-თუმცა ჯერ კიდევ უცნობია ვინ მოკლა ის და როგორ აღმოჩნდა გარდაცვლილის ცხედარი არაგვში. რაც დრო გადის, მკვლელობის ირგვლივ უამრავი კითხვები ჩნდება. გამოითქვა ეჭვები, რომ შესაძლოა უკვე მოკლულის გვამი მდინარესთან მიიტანეს და დახრჩობის ვერსიის გასამყარებლად ეს სცენარი გაითამაშეს. 

ასევე კითხვები ჩნდება საგამოძიებო მოქმედებების მიმართ. გულგრილობა თუ მიზანმიმართული შეცდომები. კითხვის ნიშნები ჩნდება ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებების მიმართაც, რომლებმაც 4 განსხვავებული ჩვენება მისცეს. ამიტომაც არ არის გამორიცხული ასევე, რომ მათი ჩვენებებიდან გამომდინარე გამოძიება საერთოდ ჩიხში შევიდეს. 

განსაკუთრებულ კითხვებს და ეჭვებს გიოგი შქარაშვილის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები აჩენს. საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არის ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან. ირკვევა, რომ 19 წლის ახალგაზრდას სხეულზე ჰქონდა 10-მდე დაზიანება. მათ შორის საუბარია მოტეხილობებზე.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტოები 22 ივნისით არის დათარიღებული. ფაილი 60 ფოტოს მოიცავს, ფოტომასალებიდან ირკვევა, რომ ცხედარი მდინარე არაგვში ფეხშიშველ მდგომარეობაშია ნაპოვნი.

სხეულს უამრავი დაზიანება აქვს მიყენებული, მარჯვენა ხელის მოტეხილობა, მარჯვენა მკლავზე დაზიანებები და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები. სხეულის სხვადასხვა არეში გიორგი შაქარაშვილს უამრავი დაზიანება ჰქონდა.

სხეულს დაზიანებები მდინარეში მოხვედრამდე აქვს მიღებული თუ მას შემდეგ, ამას პასუხს ექსპერტები გასცემენ.

11-12 ტომში განთავსებულ ფოტოებში არის იმ რკინის მილის ფოტო, რომელსაც ნიკა ჟვანია ფლობდა და ამას ჩვენებაშიც ამბობს. ნივთმტკიცებულებებს შორის არის ასევე კრამიტები. 

ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სავარაუდოა საქმეში ახალი ავტომობილი გამოიკვეთოს, რომელმაც კვალის დაფარვა სცადა. 

"ვფიქრობ, რომ რეალურად ადგილზე მესამე მანქანა მივიდა და კვალის დაფარვას ეცადა. ცალსახად ამ საქმეში სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ. ვფიქრობ, რომ აქ ფიგურირებენ ადამიანები, რომლებიც დანაშაულში მონაწილეებს დაეხმარნენ, გამოვრიცხავ ამ ეტაპზე, რომ სამართალდამცავები ეხმარებოდნენ. ასევე თუ ჩანთა დადებულია, ეს არის უნიჭოდ დადებული და გაკეთებული საქმე,"- განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

მისივე თქმით,  შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიტანეს და ჩააგდეს წყალში. ადვოკატის განმარტებით, შაქარაშვილის ცხედარზე წყლის ზემოქმედება შესამჩნევად არ იყო.

"როდესაც მე ვათვალიერებდი გარდაცვლილის ფოტოსურათებს, რეალურად, ერთი საგულისხმო მომენტი ის იყო, რომ თვითონ წყლის ზემოქმედება და გარკვეულწილად ამ შემთხვევაში მისი სხეულის მდგომარეობა, რაღაც ეჭვი გამიჩინა ის, რომ შესაძლებელია ეს 4 დღე წყალშიდაც არ ყოფილიყო.

წყლის ზემოქმედება არ იყო შესამჩნევი და ამავე დროს არ არის გამორიცხული ჩემი შეხედულებით ის, რომ შესაძლებელია 19-ში კი არ მოხდა და 18-ში კი არ ჩააგდეს წყალში, შესაძლებელია მერე მოიტანეს და მერე ჩააგდეს, არც ამას არ გამოვრიცხავ," - განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ. 

ასევე შესაძლოა საქმეში კითხვის ნიშნის ქვეშ, გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, გური ამირხანაშვილის არა მხოლოდ ჩვენება, არამედ მისი მონაწილეობით ჩატარებულის საგამოძიებო ექსპერიმენტში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.  

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შენობა, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა და სადაც მას მერსედესის მარკის ავტომობილის მგზავრებმა მიაგნეს, დგას მცხეთის მაგისტალის მიმდებარე ტერიტორაზე, არაგვის ხიდის ბოლოს, საიდანაც მას გიორგი შაქარაშვილის გადაადგილების დანახვა არ შეეძლო, ამიტომ საეჭვო ხდება გარემოება, როგორ მიუთითა ამირხანაშვილმა სამართალდამცველებს, სად იყო გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთა, რის შემდეგაც მისი ძებნა, წყალში დაიწყეს. 

ადვოკატებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ საქმეში, ეჭვი უჩნდებათ, რომ საქმეში ვიღაცა რაღაცას მალავს. შესაძლოა, ეს იყოს მცხეთის პოლიცია, მაგრამ ადვოკატები პირდაპირ და ცხადად ამბობენ, რომ ეს არის არაკვალიფიციური ადამიანების მიერ მტკიცებულებების  განადგურების მცდელობა. 

„ახლა დაკითხვა იმ ადამიანების ვინც "შკოდაში" იჯდნენ, ვინც წაიყვანეს ბრეგვაძე და ა.შ. ეს არის მინიმუმ არაპროფესიონალური, ალბათ საზოგადოებრივი გამოძახილიდან გამომდინარე ჩაიდო ეს ჩვენებები, თორემ რეალურად ინტერესი გამოძიების თავშივე უნდა ყოფილიყო, რომ მართლაც ვინ იყო ამ "შკოდაში" და რა მოქმედებები ჩატარდა შემდგომ“, - ამბობს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.  

ერთ-ერთი დაკავებული არასრუწლოვანის ადვოკატი გიორგი გელხაური კი აცხადებს, რომ ან ფოტოგრაფი იტყუება პოლიციელების გამოძახების ეპიზოდში, ან კიდევ პოლიციელები. 

„თუ ვსაუბრობთ, რაც განაცხადა, მან გამოიძახა პოლიცია, მერე რა ქნა? დამალა, დაფარა დანაშაული და აღარ უთხრა პოლიციას? თუ პოლიციას უთხრა ეს ყველაფერი და პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა? ანუ რომელიმე მხარე იტყუება, ხომ ფაქტია ეს?“ - ამბობს ადვოკატი.

მტკიცებულებები რომ ნადგურდება, დასტურდება იმითაც, რომ წინა დღეებში ადვოკატები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ საგამოძიებო უწყებამ უკვე გვიან მიმართა მერიას უშუალოდ გზის ჩანაწერების ამოღების მოთხოვნით. თუმცა ეს ჩანაწერები საგამოძიებო უწყებამ ვერ მოიპოვა, რადგან თბილისის მერიის განცხადებით, ვიდეო კამერების ჩანაწერები ხანდაზმულობის გამო განადგურებულია. 

რატომ არ იმოქმედა პოლციამ -  ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც საქმეში ჯერ ისევ პასუხგაუცემელია. იაკობ ბრეგვაძე მათ მეგობრებთან ნაცნობობას უარყოფს და ჩვენების მიხედვით, საუბრობს ისე, თითქოს უცხო პირები ჩხუბობდნენ ტერიტორიაზე, ის კი უბრალოდ თვითმხილველი იყო. 

პოლიციელი ვალერი ჯიქურაშვილი მის ჩვენებაში ამბობს, რომ ისინი იმყოფებოდნენ შკოდას ტიპის საპატრულო პოლიციის ავტომობილით, რომელსაც ჩართული ჰქონდათ ციმციმა, თუმცა კადრებში ჩართული ციმციმა არ ფიქსირდება.  

პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი არის ოცეულის მეთაურის მიერ გაკეთებული განცხადება. როდესაც პატრულ-ინსპექტორები უშუალოდ იაკობ ბრეგვაძესთან მივიდნენ, მათ ოცეულის მეთაურს დაურეკეს და ჰკითხეს, მივიდოდა თუ არა კრიმინალური პოლიცია, თუმცა მეთაურის, დავით ამირანაშვილის პასუხის მიხედვით, შეტყობინება გაუქმებული იყო და კრიმინალური პოლიცია ადგილზე ვერ მივიდოდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "მთავარ აქცენტებში" შაქარაშვილის საქმეში ცაცია ადამიანის შესახებ საუბრის მომენტში, გაზეთ "ქრონიკა +"ის რედაქტორს ელისო კილაძეს, დაუკავშირდა სანდრო წყარო, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეში ნამდვილად ფიგურირებს ცაცია და იგი არა არჩილ გაგნიძე, არამედ ნიკა ჟვანიაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის "ასკანელი ძმების" მფლობელის გოჩა ჩხაიძის ნათლულია.

„ცაცია გახლავთ არა არჩილ გაგნიძე, რომლის სახელიც გაჟღერდა, არამედ ნიკა ჟვანია, ამის შემოწმება და გადამოწმება გამოძიებას ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს. მეორე ამბავი გახლავთ ის, რომ ნიკა ჟვანია არის ასკანელი ძმებიდან ერთ-ერთის, გოჩა ჩხაიძის ნათლული, ასე რომ, ეს შეიძლება იყოს პირდაპირი კვალი გიორგი შაქარაშვილზე თავდამსხმელების დასახელებამდე,“ - აცხადებს ელისო კილაძე. 

მორაგბე ნიკა ჟვანიას დედა კი „მთავართან“ საუბარში უარყოფს, რომ ცაცია სპორტსმენი, რომელმაც ჩხუბის მონაწილეებს დაზიანები მიაყენა, მისი შვილია. მორაგბე, რომელიც ერთ-ერთია ძალადობის ბრალდებით პატიმრობაში მყოფ პირებს შორის, მისივე დედის განმარტებით, ნამდვილად არის გოჩა ჩხაიძის ნათლული. იგი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სპორტსმენის ამბავი ალკოჰოლური კომპანია "ასაკანელი ძმების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მასთან სატელეფონო საუბრისას მოიკითხა.

დაკავებულის დედა ასევე ადასტურებს მისი და "ასკანელი ძმების" მფლობელთა ოჯახის ახლობლობას და ამბობს, რომ ბოლო სატელეფონო საუბარიც მათ სწორედ ნიკა ჟანიას დაკავების შემდეგ ჰქონდათ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
komentari   (06.07.2020)
sanam mati ojaxis wevrebi ar gamocdian GIORGIS dedis msgavs simwares, manamde ar unda damtavrdes es mkvlelebis xelis gadafareba??? MTERSAC KI AR VUSURVEB ANALOGIURI DAEMARTOS,AVSA DA BOROTSAC KI AR VUSURVEB,MAGRAM RODEMDIS?RODEMDIS UNDA AITANOS PATIOSANMA XALXMA AMDENI USAMARTLOBA? rogor davijereb,rom aseti sustia saqartvelos policia,gamodzieblebi,prokuratura,ratom ar xdeba saqmis gaxsna,da tu gaixsneba ukve natelia,rom iqneba cru eqspertizz iqneba gakalbebuli,magram es bevrjer da mwared gamoscada sazogadoebam,motmineba sazgvars gascdeba amshemtxvevashi,rodemdis gadaefarebit mkvlelebs,kvelaferi ntelia,am saqmes gargi suni ar udis,magram am ojaxs tu ar kavs bobola xalxi mtavrobashi ,sazogadoeba,xalxi dgas mis gverdshi,pasuxi moitxoveba umagles doneze!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×