სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    07.11.2019

    პენიტენციურ დაწესებულებებში საკმაოდ სერიოზულ გამოწვევებთან გვაქვს საქმე მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით, თუმცა, ინფრასტრუქტურასა და საყოფაცხვრებო პირობების შექმნასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 

    საქართველოს სახალხო დამცველის 2014-2017 წლების ანგარიშებში საუბარია მთელ რიგ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომელთა ნაწილიც წლიდან წლამდე მოგვარდა ან გაუმჯობესდა, თუმცა, გამოწვევების დიდი ნაწილი კვლავ აქტუალურია და მიუხედავად არაერთი განმეორებითი რეკომენდაციისა, კვლავაც საჭიროებს მოგვარებას, - ნათქვამია ანგარიშში. 

    ააიპ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ცაგარელი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების გატარებისა, დღეს კვლავ აქტუალურად დგას მთელი რიგი პრობლემები და გამოწვევები:

    „მართალია წლების განმავლობაში (2015-2018 წლებში) განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ეხებოდა, როგორც ცალკეულ დაწესებულებაში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ასევე მსჯავრდებულთა და პატიმართა მხრიდან ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფასა და ახალი დაწესებულებების მშენებლობას, სამაგიდე კვლევამ (კანონმდებლობის მიმოხილვა, სახალხო დამცველის ანგარიშების მეორადი ანალიზი) ცხადყო, რომ სამაგიდე კვლევის დასრულების პერიოდისთვის კვლავ აქტუალური იყო მთელი რიგი გამოწვევები, კერძოდ: 

    - მცირე ზომის დაწესებულებებზე გადასვლის აუცილებლობა, ახალი დაწესებულებების მშენებლობისას რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის აქტივობებისთვის ფართის გათვალისწინება;მცირე ზომის დაწესებულებებში ევროპული გამოცდილებით იგულისხმება დაახლოებით 200-300 ადგილიანი დაწესებულებები, რომელთა მართვაც უფრო მარტივია მენეჯერული თვალსაზრისით, მცირე ზომის დაწესებულებებში ასევე უკეთ არის შესაძლებელი რისკების შეფასების შედეგად ერთად განთავსებულ პატიმართა შორის სუბკულტურული გავლენების აღმოფხვრა, პატიმართა შორის ძალადობის თავიდან აცილება და რეაბილიტაციის ღონისძიებებისთვის ფართისა და რესურსის გამონახვა; ამჟამად განსაკუთრებით დიდი/ხალხმრავალი დაწესებულებებია გლდანის #8, გეგუთის #14, რუსთავის #17, ქსნის #15, ქუთაისის #2 დაწესებულებები, სადაც პატიმართა რაოდენობის გამო რთულია როგორც მსჯავრდებულთა რეინტეგრაციის პროგრამების დანერგვა (შესაბამისი ფართის სიმწირის გამო), ასევე პატიმართა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათ შორის ძალადობის რისკების მართვა. 

    - ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში (მინიმუმ 4 კვ.მ მრავალადგილიან საკნებში, 6 კვ.მ ერთადგილიან საკნებში), კერძოდეს საკითხი პრობლემური იყო #2, #8, #12, #14, #15, #17 დაწესებულებებში;

    - საკანონმდებლო დონეზე ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანაბარი მინიმალური საცხოვრებელი ფართის განსაზღვრა (ამჟამად ბრალდებულთათვის განსაზღვრულია 3 კვ.მ, მსჯავრდებულთათვის 4კვ.მ, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს);

    - პენიტენციური დაწესებულებების ეზოების ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა მსჯავრდებულებს ჰქონდეთ ნებისმიერ ამინდში ჰაერზე გასვლისა და ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია მოხდეს ეზოების აღჭურვა სავარჯიშო ინვენტარით;

    - განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებებისთვის ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების უზრუნველყოფა;

    - ხანმოკლე პაემნის განხორციელება მინის ბარიერების გარეშე;

    - #18 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისთვის ხანგრძლივი პაემნის ორგანიზების უზრუნველყოფა;

    - #2,3,6,9,14,18,19 დაწესებულებებში ვიდეოპაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა;

    - დახურული ტიპის დაწესებულებებში ტელეფონის მოთავსება ისეთ ადგილას, სადაც პატიმარს შესაძლებლობა ექნება სატელეფონო ზარი განახორციელოს  თანამშრომლის მიყურადების გარეშე;

    - პენიტენციურ დაწესებულებებში სათანადო სანიტარული ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, განათებისა და ვენტილაციის საკითხების მოგვარება. კერძოდ ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, ვენტილაციის პრობლემები აღმოჩნდა  #2, #3, #5, #6, #8, #9, #14, #15, #17 დაწესებულებებში, ხოლო განათების - #3, #8, #14 დაწესებულებებში,“ - აღნიშნა ცაგარელმა.

    საკნებში რამდენად არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები? - ამ საკითხთან დაკავშირებით ნატალია ცაგარელი აცხადებს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება რამდენიმე დაწესებულებაში.  

    „აღნიშნული მიმართულებით, კვლევა ეფუძნება სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ ინფორმაციას. სამაგიდე კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით განსხვავებული მდგომარეობაა, ამავეს ადასტურებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშიც 2018 წლის სექტემბერში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ. 2018 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა კვლავ რჩება გამოწვევად #2, #8, #12, #14, #15, #17, #18 და #19 დაწესებულებებში.  ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა თავად იხილეს ტარაკნები და ბაღლინჯოები, როგორც თანამშრომელთა სამუშაო ოთახებში, ასევე საცხოვრებელ და სამარტოო საკნებში.მისივე განმარტებით კვლავ აქტუალური იყო განათებისა და ვენტილაციის პრობლემები,“ - ამბობს ის.

    რაც შეეხება იმას, ბრალდებულები/მსჯავრდებულები მინიმალური საცხოვრებელი ფართით რამდენად არიან უზრუნველყოფილნი აღნიშნავს, რომ დღეს არსებული სტანდარტითაც კი ყველა დაწესებულებაში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.

    „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მინიმალური ფართის სტანდარტის გათანაბრება (ამჟამად მსჯავრდებულისთვის გათვალისწინებულია მინიმალური ფართი 4კვ.მ-ის, ხოლო ბრალდებულისთვის 3 კვ.მ-ის ოდენობით). თუმცა არსებული სტანდარტითაც კი ყველა დაწესებულებაში ვერ ხერხდება  მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უზრუნველყოფა.  სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია, რომ ისევ პრობლემატურია მსჯავრდებულთა 4კვ,მ-ით უზრუნველყოფის საკითხი, ასევე გამოწვევად რჩება ის ფაქტიც, რომ #17 დაწესებულებაში კვლავ ფუნქციონირებს ძველი, ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებელი, რომელიც  უნდა გაუქმდეს,“ - განაცხადა ნატალია ცაგარელმა. 

    ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტიტეტის რეკომენდაციების მიხედვით, ცხოვრება ციხეში შეძლებისდაგვარადუნდა უახლოვდებოდეს საზოგადოებაში ცხოვრების პოზიტიურ ასპექტებს. პატიმრების განთავსება უნდამოხდეს შეძლებისდაგვარად ახლოს მათ სახლებთან ან სოციალური რეაბილიტაციის ადგილებთან.პატიმრებისათვის უზრუნველყოფილი შენობა, განსაკუთრებით კი, საძინებელი კორპუსი, უნდაპასუხობდეს ადამიანის ღირსების პატივისცემისა და განმარტოების მოთხოვნებს. ასევე, დაცული უნდაიყოს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მოთხოვნები, კლიმატური პირობებისა და განსაკუთრებით ფართისოდენობის, ჰაერის მოცულობის, განათებისა და ვენტილაციის პირობების გათვალისწინებით თუ სხვ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×