სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ერთ-ერთი ბოლო ადგილი დასავლურ კომფორტთან დასამშვიდობებლად სპარსეთში შესვლის წინ"
    ია აბულაშვილი
    20.12.2017

     "ძველი თბილისის სასტუმროები მხოლოდ შენობას როდი გულისხმობს, სასტუმროების ისტორია თავად ქალაქზე, იქ დროებით ჩამოსულ თუ მუდმივად მცხოვრებ ადამიანებზე, მაშინდელ თბილისზე მოგვითხრობს.

    "სასტუმროებში გაჩერებული მგზავრები სასტუმროების შესახებ, იქაური პირობების, დასაქმებული ხალხის, საერთოდ, ქალაქის თაობაზე ჩანაწერებს აკეთებდნენ" - წერს თავის წიგნში "თბილისის ძველი სასტუმროები" არქიტექტურისა და ისტორიის მკვლევარი დავით ხოშტარია.

    დღევანდელ სტატიაში, ჩვენც გვინდა, გავიხსენოთ მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასტუმრო თბილისში "ლონდონი", რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში პრესტიჟული სასტუმროს სტატუსს ინარჩუნებდა არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპაშიც.

    საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოგზაურების უმეტესობა სწორედ აქ ჩერდებოდა. სხვადასხვა დროს სასტუმრო "ლონდონში" ცხოვრობდნენ რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი, ლორდი კერზონი - ინდოეთის ვიცე-მეფე და შემდეგ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც წერდა, რომ "სასტუმროში მისი ყოფნისას ცხოვრობდნენ ტიანშანში ნადირობიდან მობრუნებული ფრანგი ვიკონტი, ანგლო-ევროპული ტელეგრაფის მაღალი რანგის მოხელე. ორი ინგლისელი სპორტსმენი; ტრანსკასპიის რკინიგზის ირლანდიელი ინჟინერი და პოლონელი კონსტრუქტორი, რომელსაც ამურდარიაზე ცნობილი ხიდი აუგია".

    სასტუმრო "ლონდონში" გაჩერებულა ამერიკელი გენერალი უილიამ შერმანი, რომელიც სამოქალაქო ომის დროს აშშ-ის არმიას ხელმძღვანელობდა, ინგლისელი სიძველეთა მკვლევარი გერტრუდ ბელი. ასევე, ცნობილი მოგზაურები, რომლებიც თავიანთ ჩანაწერებში სასტუმრო "ლონდონს" ევროპული ცივილიზაციის ფორპოსტად მიიჩნევდნენ. "ერთ-ერთი ბოლო ადგილი დასავლურ კომფორტთან დასამშვიდობებლად სპარსეთში შესვლის წინ" - უთქვამს თბილისში სტუმრად მყოფ ცნობილ ამერიკელ მეცნიერ უილიამ ჯეკსონს.

    სკუდიერის "მშრალ ხიდთან" მდებარე სასტუმრო "ლონდონი" 1875 წელს აშენდა თბილისელი არქიტექტორის - ოტო სიმენსენის პროექტით და ზუბალაშვილების ოჯახის ფინანსებით. შემდეგ მისი მფლობელი გახდა რიხტერების ოჯახი.

    1898 წელს სასტუმროს სულ 28 ნომერი ჰქონდა "დღე-ღამეში ერთიანად ათ მანეთამდე ფასისა, ზოგიერთი ნომერი სამმანეთნახევარიც ღირდა. ნომრები მშვენიერი საწოლებით, ქათქათა თეთრეულით, თითქოს დღეს შეკერეს, საწერი მაგიდა ორი შანდლით და სინზე ბროლის გრაფინით. უჯრებიან მაგიდაზე ფაიფურის ტოლჩა და პირსახოცი, იატაკზე თურქული ხალიჩა ეფარა".

    სასტუმროს ერთ-ერთი მშვენება იყო სადარბაზო და საოცარი კიბე, რომლის საფეხურები იტალიური კარიერის მარმარილოსგან იყო გამოთლილი. ამ მასალაზე მუშაობა უყვარდა თურმე მიქელანჯელოს. მოაჯირები გერმანიაში ჩამოსხმული კასელის ტექნოლოგიით. პირველ სართულზე დახატული იყო პანო - ბერნარდო ბელოტის სურათის "ქალაქ პირნას ხედი" - ასლი. დარბაზის შუაგულში ეკიდა უზარმაზარი ჭაღი, სალონში თეთრი როიალი და მაგიდა იდგა, სადაც ლამაზად იყო გაწყობილი უცხოური ჟურნალ-გაზეთები.

    სარეკლამო ფურცელი იტყობინებოდა, რომ სასტუმრო "ლონდონის" მფლობელია ეკატერინე კარლის ასული რიხტერი. როგორც ამბობდნენ, ამ "პატარა ფუსფუსა გერმანელი ქალბატონის" მაპინძლობას საგანგებოდ აღნიშნავდნენ თავიანთ ჩანაწერებში ინგლისელი მწერალი უოლტერ ჰარისი, ფრედერიკ ჯორჯ აფლილო, ავსტრიელი გენერალი ბარონ ფონ გისლინგსი, ინგლისელი ნატურალისტი ენტონი ბაქსტონი და სხვები.

    სარეკლამო ფურცელზე ისიც იყო აღნიშნული, რომ სტუმრებს სრული კომფორტის გარანტიას აძლევდნენ, ნომრები ელექტროფიცირებულია და ფარეხითო (მაშინ თბილისში სულ ორი "ფორდის" მარკის ავტომანქანა დადიოდა).

    როგორც აღნიშნავენ, სასტუმროს ნომრები არასდროს იყო თავისუფალი არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გამორჩეული იყო თავისი ულამაზესი ინტერიერით, მომსახურების მაღალი დონით, ევროპულ ენებზე მოლაპარაკე პერსონალით, შესანიშნავი რესტორნით, სადაც სტუმრებს ბრიტანული კერძებით - "ოისტერი", "ნეკნები", "ბივშტექსი", "ორაგულის წვნიანი ზაფრანით" უმასპინძლდებოდნენ ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილ ტანსაცმელსა და თეთრ ხელთათმანებში გამოწყობილი ოფიციანტები, არამედ უსაფრთხოების წესებითაც.

    "ათი ათასი თუმანი ნაღდი ფული ღია საფულით ოთახში რომ დატოვო და კარები არ ჩაკეტო, ათის საათის მერეც რომ დაბრუნდე, საფულე ხელუხლებელი დაგხვდება" - წერდა ცნობილი ირანელი მოგზაური მირზა ორუმი თავის ჩანაწერებში.

    1899 წელს თბილისში ინკოგნიტოდ იყო ჩამოსული ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი მუღლესთან ერთად და სასტუმრო "ლონდონში" გაჩერებულა - "სასტუმრო ლონდონში მოვეწყვე, ფული ცოტა მაქვს, ამიტომ სხვენში პატარა ოთახი ვიქირავე" - წერდა იგი თავის წიგნში "მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში", რომელიც 1903 წელს გამოიცა.

    კნუტ ჰამსუნი - "მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში"

    "ღამით აუტანლად ცხელოდა, მოუსვენრად მეძინა.

    ... სასტუმროში ჯერ კიდევ ყველას ეძინა. ვესტიბიულში ჩასულს შვეიცარი შემეფეთა თვალების ფშვნეტით. ის ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანია, რომლებიც აღმოსავლეთის სასტუმროებში გხვდებიან. ისეთი არნახული სისწრაფით ლაპარაკობს ფრანგულად, როგორსაც ადრე არასდროს შევხვედრივარ.

    მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრეა, ადამიანები ან სახლის კართან სხედან და საუბრობენ, ან კიდევ ქუჩაში დასეირნობენ. კავკასიელებს არასდროს სძინავთ!

    ზუსტად სასტუმროს წინ დიდი პარკია. მისკენ მივემართები. მხვდებიან ევროპულ ქურთუკებსა და ქუდებში გამოწყობილი კაცები და ოფიცრები ჩერქეზულ ფორმებში. ქალები თითქმის არ ჩანან. მთელი პარკი მოვიარე და სასტუმროში დავბრუნდი. ჯერჯერობით არავის გაღვიძებია.

    შემოსვლისთანავე შვეიცარმა ჩემთან საუბარი განაგრძო, მისგან თავის დასაღწევად კარი გამოვაღე და სამკითხველოში აღმოვჩნდი. მაგიდაზე ვედიკერის რუსეთისა და კავკასიის გზამკვლევი ვიპოვე. ტიფლისელთა აღწერაზე გადავშალე და კითხვა დავიწყე. ჩემი სასტუმრო "ლონდონი" ვარსკვლავითაა აღნიშნული. ქალაქში ას სამოცი ათასი მცხოვრებია, რომელთაგან თითქოს კაცები ქალებზე მეტნი არიან. ტიფლისში სამოცდაათამდე ენაზე საუბრობენ. 1903"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved