სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ახალი წლიდან დედაქალაქში ელექტრონული რეცეპტები სავალდებულო იქნება
    ნათია ლომიძე
    20.12.2017

     2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტები სავალდებულო გახდება. სამედიცინო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით სამედიცინო ბაზარი უფრო დაცული იქნება და მისი გაკონტროლება არ გაჭირდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს იმედს ამყარებდნენ თავდაპირველად რეცეპტების შემოღებაზეც, მაგრამ ამ პროგრამამ არ გაამართლა. დღეს თითქმის ყველა აფთიაქში შეიძლება ურეცეპტოდ მედიკამენტების ყიდვა, შესაბამისად, ძნელი სავარაუდოა, რომ ელექტრონული ფორმატის შემოღებით რაიმე შეიცვალოს.

    ცვლილება პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელ საქართველოს მოიცავს. პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს უკვე გააცნო. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან.

    პროექტის ფარგლებში, ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები გაეცნენ ელექტრონული რეცეპტების სისტემას. ტრენინგი თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო ინსტრუქციებიც. დაიხვეწა ელექტრონული სისტემა და გახდა მეტად მორგებული მომხმარებელზე. ექიმებისთვის ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია რეგიონებშიც.

    რამდენად გაამართლებს ახალი მექანიზმი ფარმაცევტულ ბაზარზე. ძველმა მიდგომამ ვერაფერი შეცვალა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მედიკამენტები აფთიაქებში ექიმის კონსულტაციის გარეშე შეიძინოს. სამედიცინო სფეროს ექსპერტი მარინა ბერიძე მიიჩნევს, რომ ელექტრონული რეცეპტები აუცილებელია. სიახლე ცოტა დაგვიანებულიც კია, თუმცა მნიშვნელოვანი.

    მისი აზრით, ამ სისტემით შესაძლებლობა გაჩნდება, ნებისმიერი პროცესი გაკონტროლდეს. ყველაფერი იქნება ნათელი და პროგრამულად უზრუნველყოფილი. ელექტრონული რეცეპტის დამკვიდრებასთან არ აქვს არანაირი კავშირი იმ ფაქტს, რომ აფთიაქმა შეიძლება შემოიტანოს წამლების დასახელება, არ აღრიცხოს და ისე გაყიდოს.

    "ელექტრონული რეცეპტების სისტემა ნამდვილად პროგრესულია. ის არის საშუალება იმისა, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირი ჩაერთოს ამ პროცესში და განსაზღვროს, რამდენად სწორად არის დანიშნული წამლები. ეს პროცესი დაგვიანდა. როდესაც რეცეპტის გამოწერა აუცილებელი გახდა, ელექტრონული სისტემა მასთან ერთად უნდა ამოქმედებულიყო. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, იმუშავებს.

    ბაზარზე არის მედიკამენტების ჯგუფები: ერთი, რომელიც რეცეპტის გარეშე იყიდება და მეორე, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დანიშნულება. ამ შემთხვევაში რეცეპტული კონტროლი, თუკი ის განხორციელდა, ძალიან კარგი იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ პაციენტისთვის ნებისმიერ აფთიაქში მისვლა და წამლის მიღება შესაძლებელი გახდება. წესით, ყველაფრის უზრუნველყოფა პროგრამულად უნდა მოხდეს.

    ელექტრონული რეცეპტის შემოღებასთან არ აქვს არანაირი კავშირი იმ ფაქტს, თუ რომელიღაც აფთიაქმა გადაწყვიტა, შემოიტანოს წამლების დასახელება, არ აღრიცხოს და ისე გაყიდოს. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად ხდება რეცეპტების გამოწერა და ინიშნება თუ არა ის მედიკამენტები, რომლებიც ქვეყანაში რეგისტრირებულია", - განუცხადა "რეზონანსს" ბერიძემ.

    დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა დარეგისტრირებული. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. მიმდინარეობს მუშაობა 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ მოდულზე, რაც მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved