სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ზოგს კაფე-რესტორნებში სასიარულოდ ფული არ ჰყოფნის, ზოგი იქ მომზადებულ საკვებს არ ენდობა
    თეო გუდავაძე
    14.12.2017

     საქართველოში სახლში საკვების მომზადების ტრადიცია ჯერ კიდევ მყარია. მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურად ახლაც ასე იკვებება. "ეისითის" კვლევის შედეგადაც დადგინდა, საქართველოში მცხოვრები ოჯახებიდან უმეტესი ნაწილი, 65%, სახლში დამზადებულ საჭმელს ანიჭებს უპირატესობას. სწრაფი კვების ობიექტებისა თუ კაფე-რესტორნების მომრავლებამ ქართველების ცხოვრების წესი დიდად ვერ შეცვალა. ასევე დადგინდა, რომ ჩვენთან საკვების გამოძახების სერვისიც ნაკლებად პოპულარულია.

    ქართული სამზარეულო ყოველთვის იყო გამორჩეულად კარგი, შესაბამისად, ოჯახებშიც ფეხი მტკიცედ მოიკიდა ამ კულტურამ. თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნებოდა ერთი ხელმარჯვე ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად გამოსდიოდა სადილების გაკეთება. ეს კულტურა დღემდე შემორჩა და მიუხედავად იმისა, რომ ფეხდაფეხ იხსნება რესტორნები, კაფე-ბარები და სხვა კვების ობიექტები, ადამიანები უპირატესობას მაინც სახლში მომზადებულ საჭმელს ანიჭებენ.

    23 წლის თათია გიგაური ყოველთვის ცდილობს, სახლში მოამზადოს საჭმელი და იქვე მიირთვას, რადგან ფიქრობს, რომ გარეთ კვება არცთუ მიზანშეწონილია:

    "ბავშვობიდან ასე ვარ მიჩვეული, დედა სულ სახლში ამზადებდა, რაც არ უნდა მოგვენდომებინა ბავშვებს. არასდროს ენდობოდა გარეთ გაკეთებულ საჭმელს. ეს თვისება მეც გამომყვა და როდესაც ოჯახი შევქმენი, ყველაფრის კეთება თავად დავიწყე. ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია გამოძახების სერვისიც, ასევე კაფე-ბარებში სიარული, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

    სანამ დავოჯახდებოდი, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად მეც დავდიოდი, მაგრამ როდესაც ოჯახს ქმნი, ყოველდღე გარეთ ვერ ივლი და ვერ შეუკვეთავ იმას, რაც გინდა, რადგან არ არის დღესდღეობით ამის საშუალება. ასე მხოლოდ ერთეულები ცხოვრობენ.

    სახლში საჭმლის კეთება ბევრად იაფი ჯდება და თან იცი, რომ ჰიგიენა მაინც არის მაქსიმალურად დაცული. ამას ემატება ის, რომ იმ რაოდენობის სადილს მოამზადებ, რამდენიც გინდა. გარდა ამისა, სახლში გაკეთებულ საკვებს სხვა ხიბლიც აქვს. თუ გამოძახების სერვისი და რესტორნებში სიარულის კულტურა საქართველოში ვერ დამკვიდრდა, ეს, ერთადერთი, შეგვიძლია, უსახსრობას დავაბრალოთ. ქართველები საკმაოდ ზარმაცი ხალხია და თუ აქვთ იმის საშუალება, რომ რაღაც საქმე აირიდონ თავიდან და იყვნენ ნასიამოვნები, რატომაც არა, მაშინვე გადადგამენ ნაბიჯს. უმრავლესობას ფული არ აქვს და იმიტომ არ დადის რესტორნებში, თორემ უკან არავინ დაიხევდა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თათია გიგაურმა.

    ბოლო პერიოდში სწრაფი კვების ობიექტები ბევრად მრავალფეროვანი გახდა და ადგილობრივი სამზარეულოსთვის დამახასიათებელ კერძებს უცხოური საჭმლის სახეობებიც დაემატა: ჰამბურგერები, ჩიზბურგერები, პიცა, სხვადასხვა სახეობისა თუ შემადგენლობის ბურგერები, შაურმა, საკონდიტრო ნაწარმი, უცხოური წარმოების ნაყინი და გამაგრილებელი სასმელების მრავალფეროვნება - ეს დღევანდელ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტებია, რომელთა მოხმარებაც დღითი დღე მატულობს.

    ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ მაღალი დონის რესტორნებსა და კაფე-ბარებში იკვებონ, ხშირ შემთხვევაში, ისეთ ადგილებს სტუმრობენ, სადაც მსგავსი პროდუქტები მზადდება. ასე ბევრად იაფი ჯდება წახემსება. გიორგი ვერულაშვილი 28 წლისაა, ის პროფილაქტიკაში მუშაობს და მთელი დღის განმავლობაში იძულებულია, "სწრაფი კვების" ობიექტით ისარგებლოს:

    "ვფიქრობ, ქართველებს ძალიან გვიყვარს რესტორანში ჭამა-სმა, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რომ ყოველდღე მოახერხო. საქართველოში საშუალო ხელფასის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ამის ფუფუნება მხოლოდ ერთეულებს აქვთ. სწრაფი კვების ობიექტებმა უფრო მეტად იმიტომ მოიკიდა ფეხი, რომ იაფია.

    ქართველი ხალხის სიმდიდრე ქართული სამზარეულოა. სულაც არ მიკვირს, რომ ოჯახები არჩევენ სახლში კვებას და გარეთ არ გადიან საჭმელად, ეს უფრო ჯანსაღი მიდგომაა. გამოძახების სერვისით ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვსარგებლობ, რადგან ეს მომსახურება უკვე ყველა ობიექტმა დაამატა, შესაბამისად, მომსახურება 3-დან 8 ლარამდე მერყეობს, გააჩნია ადგილს, სად იძახებ საჭმელს. თუ გამოუვალი მდგომარეობა არ არის, მირჩევნია, მე თვითონ გავიდე და მოვიტანო საჭმელი, რომ ის ფულიც დავზოგო. უმეტესობას ეს მიდგომა ექნება.

    სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოში სახლის პირობებში კვება კარგა ხანს შენარჩუნდება, იქამდე მაინც, სანამ ეკონომიურად წელში კარგად არ გავიმართებით, რომ საკუთარ თავს მივცეთ ხანდახან მაინც ამისი უფლება", - აღნიშნა "რეზონანსთან" გიორგი ვერულაშვილმა.

    ადამიანების უმრავლესობა ფინანსურ ფაქტორს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ რესტორნებში სადილობის კულტურა სწორედ უსახსრობის გამო ვერ დამკვიდრდა საქართველოში. ქართველებისთვის რესტორანში წასვლა მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებშია მიღებული, სხვა შემთხვევაში ეს არის ზედმეტი ხარჯი, რომელსაც მხოლოდ ერთეულები აღიარებენ.

    რაც შეეხებათ "ფასტ ფუდის" მომხმარებლებს, მათი უმეტესობა ინფორმირებულია სწრაფი კვების უარყოფით ეფექტებზე, თუმცა ამბობენ, რომ, ცხოვრების რეჟიმიდან და დღის წესრიგიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვთ და იძულებულნი არიან, ჯანსაღ კვებას სწრაფი და იაფი საჭმელი არჩიონ. მათი უმრავლესობა იაზრებს, რომ საკმაოდ არაჯანსაღ საკვებს ეტანება, მაგრამ ზოგს დრო არ აქვს, რომ საკვებში უფრო ძვირი გადაიხადოს, ზოგს ფინანსები არ უწყობს ხელს და ა.შ. უნივერსიტეტებთან, სკოლებთან, სხვადასხვა დიდ დაწესებულებასთან საცხობები და სწრაფი კვების ობიექტები რეკორდული სისწრაფით მრავლდება, რადგან მოთხოვნა მათზე საკმაოდ დიდია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter