სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "უნიკალური ფრესკები ქართველ მეფეთა ან მათთან ახლო მდგომ პირთა დაკვეთით სრულდებოდა, რომლებიც ყველაზე ნიჭიერ მხატვრებს იწვევდნენ"
    ია აბულაშვილი
    14.12.2017

     როგორც ისტორიკოსები ამბობენ, შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის შესწავლისა და გადარჩენის ასწლოვან ისტორიას საფუძველი ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა.

    სწორედ მისი თაოსნობით, მე-20 საუკუნის დასაწყისში, შეიქმნა ქართული ფრესკის ასლების პირველი კოლექცია, რომელსაც წლების განმავლობაში ასრულებდნენ ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ: ეისნერი, კრონი, პრინევსკი, კიუნე, პოლტარაცკი, ხმალაძე, გარიბჯანიანი, დავით კაკაბაძე.

    1916 წლიდან ამ წამოწყებას შეუერთდნენ ლადო გუდიაშვილი, მოსე და ირაკლი თოიძეები, გიორგი ერისთავი, მიხეილ ჭიაურელი, შალვა ქიქოძე და დიმიტრი შევარდნაძე.

    საქართველოში კედლის მხატვრობის, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს, უძველესი ნიმუშები გვხვდება არმაზის ეკლესიაში, ტაო-კლარჯეთში, რომელიც შუა საუკუნეების კულტურის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ აქ შეიქმნა მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლები, მათ შორის ყველაზე გამორჩეული - ხახულის, ოშკისა და ოთხთა ეკლესიის მოხატულობები.

    ასევე, ატენის სიონის, გელათის, ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის, ტიმოთესუბნისა და ბერთუბანის მონასტრებში. მე-16-მე-17 საუკუნეების კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუშები გვხვდება სამთავროს, ნეკრესის, გრემის, ახალი შუამთის, ალვანის, ალავერდის, სვეტიცხოვლის ეკლესიებში.

    რა თქმა უნდა, ერთ სტატიაში ქართული მონუმენტური ფერწერის მთელ ისტორიას ვერ გავიხსენებთ, მაგრამ რამდენიმე უნიკალური ძეგლის შესახებ საინტერესო მასალას შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს.

    ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ატენის სიონის ტაძრის მოხატულობას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია მე-11 საუკუნის ქართული მონუმენტური მხატვრობის უნიკალურ ნაწარმოებთა შორის, სადაც ჭარბობს წრეში ჩასმული ჯვრები, სინგურით შესრულებული დეკორაციული გამოსახულებები.

    ტაძრის სამხრეთი ნაწილი მთლიანად ეთმობა ღვთისმშობელს, ანუ ფრესკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ანგელოზებთან ერთად. ამ კომპოზიციის ქვემოთ წარმოდგენილია 12 მოციქული. თაღის კარზე მედალიონში გამოსახულია ქრისტე, რომელსაც გვერდს უმშვენებენ წინასწარმეტყველები.

    ტაძრის დასავლეთი ნაწილი ეთმობა განკითხვის დღეს. ფრესკის მთავარი დამაგვირგვინებელი ნაწილია ვედრების კომპოზიცია - ცენტრში წარმოდგენილი ქრისტეს ფიგურა, გვარდზე გამოსახული ღვთისმშობლი და იოანე ნათლისმცემელი.

    ამ კომპოზიციის ქვემოთ მიდის აპოკალიფსის ციკლი, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი, ერთ მხარეს მართალთა მსვლელობაა გამოსახული, რომელიც სამოთხეში მიემართება და მეორე მხარეს ცოდვილთა მსვლელობა, რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიემართება.

    კედლის ქვედა ნაწილში გამოსახულია ღვითმსმშობლის მიძინების სცენა. ჩრდილოეთის კედელზე წარმოდგენილია მეფეთა სახეები.

    უძველესი კედლის მხატვრობა გვხვდება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, კერძოდ დიდოს ეკლესიის ფრესკა; აქ წარმოდგენილია ტახტზე მჯდომი მაცხოვარი, მარცხენა ხელში გაშლილი წიგნით, რომელზეც ქართული წარწერის კვალია შემორჩენილი. თავად საყდარი მოთავსებულია ოვალური ფორმის მედალიონში, რომელსაც გარშემო სამი ზოლი აქვს ჩაყოლებული - თეთრი, ცისფერი და მოწითალო.

    ტრიუმფალური კამარის კეხში გამოსახულია ცა-სხივებით, რომელშიც სულიწმინდა დაფრინავს მტრედის სახით. მაცხოვრის ჯვრული შარავანდედის აქეთ-იქით მოთავსებულია ორი მედალიონი მზისა და მთვარის სიმბოლური გამოსახულებით, მთვარე ქალის სახით, ხოლო მზეჭაბუკის სახით, რომელსაც ჩირაღდანი უჭირავს.

    მჯდომარე ქრისტეს ქვემოთ გამოსახული არიან მთავრანგელოზები კვერთხითა და სფეროთი ხელში. ქრისტესა და მთავარანგელოზებს შორის ერთ მხარეს გამოსახულია მახარობლები, მეორე მხარეს - ქერუბინი - ექვსფრთიანი ანგელოზი.

    ამავე ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლია ასევე უდაბნოს მონასტერი დავით გარეჯელის ციკლი. მასში აღწერილია რამდენიმე სასწაული, ლუკიანეს მიერ ირმების მოწველა, ურჩხულისაგან შვლის ნუკრის გადარჩენა, დავით გარეჯელის ლოცვა წყლის აღმოსაცენებლად, ცეცხლში გახვეული გველეშაპის დაღუპვა და სხვა.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ამ პერიოდში საქართველოში არსებობდა კედლის მხატვრობის რამდენიმე სკოლაც. მე-10-მე-11 საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში, მათ შორის ოშკის, ხახულის, ოთხთა ეკლესიაში.

    სავარაუდოდ ამ სკოლის ოსტატების მიერ უნდა იყოს შესრულებული კუმორდოსა და მანგლისის კედლის მხატვრობა მე-11 საუკუნის 20-იან წლებში. კახეთში კედლის მხატვრობის სკოლა დავით გარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული.

    ამ სკოლის კედლის მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია უდაბნოს მონასტრის მთავარი ტაძრისა და სატრაპეზოს ფრესკები მე-11 საუკუნით დათარიღებული. კედლის მხატვრობის სკოლები ასრებობდა ასევე სვანეთსა და რაჭაში.

    ქართულ ფრესკის მოხატულობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ასევე ისტორიულ პირთა გამოსახულებებს. ფრესკებზე გამოხატული იყო ბაგრატ მეოთხე, თამარ მეფე, ლაშა გიორგი.

    ქართველი მწიგნობარი და საზოგადო მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი, რომელიც საქართველოში ბაგრატ მეოთხის მოწვევით 1060-1065 წლებში მოღვაწეობდა და სხვა ქართველი დიდებულები.

    როგორც ამბობენ, ეს უნიკალური ფრესკები ქართველ მეფეთა ან მათთან ახლო მდგომ პირთა დაკვეთით სრულდებოდა, რომლებიც ყველაზე ნიჭიერ მხატვრებს იწვევდნენ.

    სწორედ მათ შექმნეს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის უნიკალური ნიმუშები. შემდგომ, სხვადასხვა ეპოქაში ნიჭიერი ოსტატები კედლებს აფორმებდნენ არა მხოლოდ რელიგიური მოტივებით, არამედ - სხვადასხვა ორნამენტით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved