სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ადამიანებს არ გააჩნიათ უსაფრთხოების განცდა, რომ თუ ითანამშრომლებენ პოლიციასთან, მოწინააღმდეგე არ იძალადებს მათზე"
    გვანცა ღვედაშვილი
    12.12.2017

     სამართალდამცავი ორგანოების შიში თუ კრიმინალური მენტალიტეტი?! - მიიჩნევა თუ არა პოლიციასთან თანამშრომლობა ახალგაზრდებში "ცუდ ტონად" და რა არის მიზეზი, რის გამოც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს? - ამ კითხვაზე პასუხი არაერთგვაროვანია.

    სპეციალისტების ნაწილი მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე საუბრობს, ნაწილი კი უსაფრთხოების პრობლემას აყენებს.

    ის, რომ მოზარდებში სამართალდამცავებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სურვილი არ არის, 51-ე სკოლის მოსწავლეების ტრაგედიის დროსაც გამოჩნდა, როდესაც დაკითხვაზე დაბარებული 150 ადამიანიდან, რომელთა უმეტესობაც მოზარდი იყო, თანამშრომლობის სურვილი ძალიან მცირე რაოდენობამ გამოთქვა.

    სოციოლოგი არჩილ გამზარდია "რეზონანსთნ" საუბრისას აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებთან ურთიერთობის პრობლემა არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც აქვთ, მათ შორის, თანამდებობის პირებსაც. ამის მაგალითად კი სოციოლოგს პარლამენტში მუშტიკრივით "საქმის გარჩევის" ფაქტი მოჰყავს.

    "სამართლებრივი ურთიერთობის თემა დღეს ბევრად უკან დგას, რისი დანახვაც შესაძლებელია არა მხოლოდ მოზარდებში, არამედ პარლამენტშიც. როდესაც დეპუტატებს შორის ხდება დავა, იქაც კი მუშტიკრივით ცდილობენ პრობლემის გადაწყვეტას და არა სამართლებრივი გზით.

    "ზოგადად, როდესაც ადამიანებს პრობლემები აქვთ, მათ მოსაგვარებლად სასამართლოს ან ძალოვან უწყებებს ნაკლებად მიმართავენ. ეს "კარგ ტონად" არ ითვლება, მაგრამ პროცესი მაინც მიდის იქითკენ, რომ კრიმინალური მენტალიტეტის საპირისპიროდ სამართლებრივი პროცესების პროპაგანდა მოხდეს.

    "ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, შესაძლოა, კრიმინალურ მენტალიტეტს დავაბრალოთ, თუმცა არის მეორე მომენტიც - უსაფრთხოების განცდა. ადამიანებს არ გააჩნიათ უსაფრთხოების განცდა, რომ თუკი ვინმე ითანამშრომლებს პოლიციასთან, მოწინააღმდეგე მხარე არ იძალადებს მასზე. ზოგიერთ შემთხვევაში ეშინიათ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებთან ურთიერთობა და ეს შიშის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან იმისთვის, რომ ადამიანებმა ძალოვნებს მიმართონ, ისინი თავს მშვიდად და დაცულად უნდა გრძნობდნენ, რომ მათ წინააღმდეგ არ გამოიყენონ ეს თანამშრომლობა. ამდენად, ერთი მხრივ, შეიძლება სამართალდამცავებთან კომუნიკაციის არქონის სურვილი არსებულ მენტალიტეტად მივიჩნიოთ და, მეორე მხრივ, აქ არის შიშის ფაქტორი და ამაზე რატომღაც არ ლაპარაკობენ.

    "მოქალაქეებს შიში აქვთ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. არ არიან დარწმუნებულნი, რომ მათ მოქალაქეობრივ შეგნებას და ვალდებულებას ისევ ამ ადამიანების წინააღმდეგ არ გამოიყენებენ", - აღნიშნავს სოციოლოგი არჩილ გამზარდია.

    პოლიტოლოგია გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ბევრი დამნაშავე ხშირად საჯაროდ იმის იმედად აშავებს, რომ დარწმუნებულია, ირგვლივ მყოფები მას არ გათქვამენ და არავინ მოაწერს ხელს მოწმედ ჩვენების მიცემაზე. ეს კრიმინალური მენტალიტეტი უფრო ფართომასშტაბიანი პრობლემაა და ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს ბავშვებს, რომ დანაშაულის არგათქმა დანაშაულში მონაწილეობისა და თანამზრახველობის ტოლფასია.

    "უმთავრესი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა. აქ სერიოზული პრობლემაა დუმილის უფლების გამოყენება მოწმეების მხრიდან. ეს ჩვენი მენტალური პრობლემაა და რაც განათლების სამინისტროს შეუძლია, არის ამის გარღვევა.

    "სამართალდამცავი უწყებებისთვის ჩვენების მიცემა ჩვენს მენტალობაში "არ მოსულა", სინამდვილეში კი ეს ყველას მოქალაქეობრივი ვალია. პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა დავნერგოთ ახალგაზრდებში. თუ ყველას ეცოდინება, რომ დანაშაულის მოწმე იტყვის ყველაფერს და არ დამალავს დანაშულს, ამით თვითონ დანაშაულის რაოდენობაც შემცირდება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

    ამასთან, მოზარდებში სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარში განათლების ექსპერტები თავად საგამოძიებო უწყებებსა და პროკურატურის ბრალეულობასაც ხედავენ. ამ უწყებების ქმედებები არ განსხვავდება იმისგან, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო. ახალგაზრდები ისევ ხედავენ, რომ არის ე.წ. ჩადების ფაქტები, რაც ამ სტრუქტურების ნდობის ხარისხზე ახდენს გავლენას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter