სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ენერგოომბუდსმენი ამბობს, რომ ყველაზე მეტად თბილისელები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" უჩივიან
    თამუნა მუკბანიანი
    05.12.2017

     აბონენტების დიდი ნაწილი ენერგო და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან მიწოდების შეზღუდვაზე ან არასათანადო მიწოდებაზე საუბრობს. მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებს 24-საათიანი მომარაგებისთვის იხდის, თუმცა კომპანიების უმრავლესობას ეს სულაც არ ადარდებს. ენერგოობუდსმენი ამბობს, რომ მომხმარებელთა მხრიდან ხშირია საჩივრები, ამ მხრივ კი უპირობო ლიდერი წყალმომარაგების სექტორია.

    წყალმომარაგებისა და ენერგოსფეროში მიწოდების შეზღუდვაზე არაერთი აბონენტი საუბრობს. პრობლემაა როგორც წყლის ხშირი შეწყვეტა და მოსახლეობის უწყლოდ დატოვება 24 საათით ან მეტი ხნით, ასევე გაზის დაბალი წნევაც ზამთრის ცივ პერიოდში. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ გადასახადს 24-საათიან უზრუნველყოფაში იხდის და მიუღებელია ასეთი არასათანადო მომსახურება. ენერგოომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოსახლეობა არ შეიძლება დიდი ხნით რჩებოდეს წყლის, ელექტროენერგიის ან გაზმომარაგების გარეშე.

    შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ გასულ კვირას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის 5000 ლარით დააჯარიმა.

    წყლის შეწყვეტა მოსახლეობისთვის მთელი წლის განმავლობაში დიდი პრობლემაა, მაგრამ ზამთარში არანაკლები თავსატეხია ბუნებრივი აირის დაბალი წნევით მიწოდება. "ყაზტრანსგაზის" მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და არაპროფესიონალიზმზე საუბრობს სამგორის რაიონში მცხოვრები მარიამ მაღლაკელიძე. რამდენიმე ხნის წინ მის გაზის მილს მიუერთეს ახალი მეზობლის მილი, რამაც ისედაც დაბალი წნევა კიდევ უფრო შეამცირა. მიუხედავად არაერთგზის დარეკვისა და განცხადებით მიმართვისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

    "ახალ მეზობელს გაზი შემოჰყავდა. რა თქმა უნდა, სამუშაოების დროს გარეთ არ გავდიოდი. აღმოჩნდა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ჩემს მილზე მიაერთეს და ზამთარში ისედაც დაბალი წნევა განახევრდა. არაერთხელ დავრეკე "ყაზტრანსგაზ-თბილისში". როგორც იქნა, მოვიდნენ და აღიარეს კიდეც, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და მითხრეს, გამოვასწორებთო. 3 კვირა გავიდა და მოუხედავად იმისა, რომ მივედი, განცხადებაც დავწერე და ვრეკავ კიდეც, არავინ მაქცევს ყურადღებას. ზამთარი თუ გავა, მერე რაღად მინდა მათი გაზრდილი წნევა?" - ამბობს მოქალაქე მარიამ მაღლაკელიძე.

    ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეტყობინება მიიღო მისმა აპარატმა. მომხმარებლები განსაკუთრებით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" უჩივიან დიდი ხნით უწყლოდ დატოვების გამო.

    "კომპანია წინა კვირას 5000 ლარით დაჯარიმდა. მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა სალიცენზიო პირობების დარღვევა. აღმოჩნდა, რომ კომპანია არასრულად ავსებდა ელექტრონულ ჟურნალს, კონკრეტული ინფორმაციები იყო გამოტოვებული, რაც უმნიშვნელოვანესი დარღვევაა და სწორედ ეს გახდა მისი ფინანსური სანქციის მიზეზი.

    2017 წლის ყველაზე გავრცელებული დარღვევა მოსახლეობის დიდი ხნით უწყლოდ დატოვებაა. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა აბონენტები 48 საათითაც კი იყვნენ უწყლოდ გაუსაძლის სიცხეში. ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ "ჯივიპი" სისტემატურად არღვევდა ამ კუთხით დადგენილ ვადას, დროს და, უფრო მეტიც, სამუშაოებს აწარმოებდა არაგონივრულ ვადაში. სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საჩივრის საფუძველი ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში, რის შემდეგაც შედგა სამუშაო შეხვედრები, მოვისმინეთ კომპანიის მხრიდან ახსნა-განმარტებები და, საბოლოო ჯამში, კომპანიას მიეცა გაფრთხილება. ყოველ დარღვევაზე ან გადაცდომაზე დაჯარიმება არ ხდება და ეს შემთხვევაც ასეთი იყო. სემეკმა მიიჩნია, რომ გაფრთხილება იყო მართლზომიერი.

    მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა პრეტენზიები წლის განმავლობაში შენარჩუნდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართ. აბონენტები გამუდმებით ჩიოდნენ არასათანადო მომსახურების გამო. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები მასობრივად და არა მხოლოდ ერთ უბანში, რაც განაპირობებს წყლის შეწყვეტას, თუმცა დიდი პრობლემა ექმნება მომხმარებელსაც. ჩვენი პოზიციაა, რომ წყალი არ უნდა წყდებოდეს ძალიან დიდი დროით. ვიმედოვნებ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ნაკლებად მოხდება მომხმარებლის უწყლოდ დატოვება და ამას ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მომსახურების არასათანადო დონეა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ხშირად წყვეტს წყალს და თანაც დიდი დროით", - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.

    სემეკში შეტყობინებები შედის სხვა კომპანიების მიმართაც. შარშან ხშირად უჩიოდნენ "ყაზტრანსგაზ-თბილისს". მოსახლეობას ზამთრის პერიოდში ძირითადად გაზის დაბალი წნევა აწუხებს.

    "ჩვენ ამ კუთხითაც აქტიურად ვთანამშრომლობთ მარეგულირებელ კომისიასთან და ასევე კომპანიასთანაც. ეს პრობლემა მუდმივად იჩენს ხოლმე თავს აცივებასთან ერთად. წელს ჯერჯერობით მსგავსი საჩივარი არ მიგვიღია. 2017 წელი ჯერ არ შეგვიჯამებია, წლიურ ანგარიშს 20 დეკემბერს გამოვაქვეყნებთ და დარღვევებში "პირველი ადგილის" მფლობელსც გამოვარკვევთ. 2016 წელს კი საჩივრებში უდავო ლიდერი წყალმომარაგების სექტორი იყო", - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

    დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უფლებდამცველი ლაშა ჩხარტიშვილი სახელმწიფოს მხრიდან მსხვილი ბიზნესის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა იცავდეს მოსახლეობის ინტერესებს, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, პირიქითაა.

    "ზოგადად, სახელმწიფო მსხვილი კომპანიების მიმართ ზედმეტად ლოიალურია. თუნდაც წინა კვირაში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" დაწესებული 5000 ლარი, ყველას ესმის, რომ სასაცილო თანხაა. სწორედ იმიტომ არ უმჯობესდება მდგომარეობა ამ სფეროში, რომ სახელმწიფო არ არის ადეკვატური დამრღვევის მიმართ. ხსენებულ კომპანიას, გარდა წყალმომარაგებისა, აქვს ვალდებულება, გაწმინდოს თბილისის საკანალიზაცო არხები მომავალი წლის ბოლომდე, რაც, ჩემი ინფორმაციით, ვერ ესწრება. ხელისუფლების პოზიცია კი ამ შემთხვევაშიც გაუგებარია - ან პატიობენ, ან ვადას უგრძელებენ.

    ხელისუფლება უნდა იცავდეს მოსახლეობის ინტერესებს და არა მსხვილი ბიზნესკომპანიების. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, პირიქითაა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლაშა ჩხარტიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter