სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    02.12.2017

     დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, შევთავაზოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი მე-19 საუკუნის თბილისის თეატრალური ცხოვრებიდან, რაშიც დაგვეხმარება თეატრმცოდნე მანანა თევზაძის პუბლიკაციები.

    ერეკლე მეორის მეფობისას თბილისში ქართული წარმოდგენები - სახისმეტყველებანი იმართებოდა, მაგრამ 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევას გაბრიელ მაიორისა (არეშაშვილის) და მაჩაბლის თეატრები ემსხვერპლა. მე-19 საუკუნის დასაწყისში თბილისში რუსული წარმოდგენები იმართებოდა მთავარმმართებლის სასახლეში, მუდმივი დასის შექმნასა და თეატრის დაარსებაზე საუბარი მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის დროს დაიწყო.

    ვორონცოვს თბილისში ჩამოსვლისთანავე გაუცია ბრძანება და თბილისში მყოფ ანტერპრენიორ იაცენკოსთვის რუსული დასის ჩამოყალიბება დაუვალებია. 1845 წელს რუსულ დასს სამხედრო მანეჟის შენობა გადაეცა, რომელიც დღევანდელი პარლამენტის შენობის ზედა ტერასაზე მდებარეობდა. იგი გადააკეთეს და იმავე წლის 20 სექტემბერს 340-ადგილიანი დროებითი თეატრი გაიხსნა. წარმოდგენები კვირაში სამჯერ იმართებოდა, მსახიობებს კი მოსკოვიდან და პეტერბურგიდან იწვევდნენ. შემდეგ, ვორონცოვისვე განკარგულებით, ქალაქის გამგეობამ ტერიტორია ერევნის მოედანზე გამოყო და თბილისელ სოვდაგარ თამამშევს, დამტკიცებული პროექტის მიხედვით, სამი წლის ვადაში თეატრს შენობის აგებაზე ხელშეკრულება გაუფორმა. შენობის პროექტი არქიტექტორ სკუდიერის ეკუთვნოდა, შიდა გაფორმება - ვიცე-პოლკოვნიც თავად გრიგოლ გაგარინს, რომლის ესკიზებითვე შეიქმნა თეატრის ფარდა. ნაგებობის წინ შადრევანი და აუზი იყო. თეატრის მშენებლობა 1851 წელს დასრულდა და მას "ტფილისის თეატრი" დაარქვეს.

    რაც შეეხება ქართულ წარმოდგენებს, თბილისის გიმნაზიის დარბაზში პირველად დაიდგა გიორგი ერისთავის პიესა "გაყრა". დასს შესანახად ყოველწლიურად 4 000 მანეთი დაენიშნა, წარმოდგენები კვირაში სამჯერ - ხან "მანეჟის თეატრში", ხანაც "ტფილისის თეატრში" იმართებოდა. ვორონცოვის წასვლის შემდეგ თბილისში მხოლოდ რუსული დასი დარჩა, ქართულ დასს კი დაფინანსება მოეხსნა. ქართულმა დასმა ვართანოვის კერძო სახლის დარბაზი იქირავა, სპექტაკლებს კი გერმანულ კლუბში, მუშტაიდის ბაღის საზაფხულო თეატრში ან შერმაზანოვის, ჩათახოვისა და ანდრონიკაშვილის კერძო სახლებში მართავდნენ.

    ქართული საზოგადოების უპირველესი საზრუნავი გახდა ქართული თეატრის აღდგენა. 1869 წელს გაზეთი "დროება" წერდა: "პუბლიკამ თავისი სიყვარული ქართული სცენისა იმით დაამტკიცა, რომ ბილეთები წინადღესვე დაიტაცეს და ქართული თეატრი ძალიან წარმატებით წარმოსდგა. ამ წარმოდგენებმა დაამტკიცა, რომ ახლა არის მოთხოვნილება პუბლიკაში ქართული სცენის დაწესებისა". 1874 წელს "ტფილისის თეატრი" ძლიერი ხანძრისგან დაიწვა, მთავრობამ ახალი თეატრის შენობის აგების საკითხი დააყენა. გოლოვინის პროსპექტზე ივანე ჩათახოვის, ივანე ემინოვისა და ნიკოლოზ ზუბალაშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთი შეირჩა. გამოცხადდა კონკურსი, წარმოდგენილი 4 პროექტიდან არქიტექტორ შრეტერის პროექტი მოიწონეს. მშენებლობა 1887 წელს დასრულდა, მას "სახაზინო თეატრი" ეწოდა, სადაც იტალიური ოპერა და ბალეტი განთავსდა.

    იქ, სადაც დღეს გრიბოედოვის თეატრია, მაშინ იყო ქარვასლა, რომელიც ეკუთვნოდა გრიგოლ არწრუნს. ქართული დასის მსახიობებმა მას თხოვნით მიმართეს და შენობის თეატრად გადაკეთებულ დარბაზში დაიდეს ბინა. თეატრს "სათავადაზნაურო ბანკის თეატრი" ეწოდა, მაგრამ ხალხი მას "არწრუნის თეატრს" ეძახდა. ახალი თეატრის ასაგებად არქიტექტორების - ალექსანდრე შიმკევიჩისა და კორნელი ტატიშჩევის პროექტები შეირჩა. თავიდან პროექტზე ორივე არქიტექტორი მუშაობდა, თუმცა სამუშაო შიმკევიჩმა დაასრულა. შენობის ასაგებად საჭირო თანხა თეატრის დიდად მოყვარული პიტოევების ოჯახის სავაჭრო სახლმა გაიღო. ქალაქის ხელისუფლებამ გენერალ-მაიორ რეიტერის და მისი ძმისგან მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთიც გამოისყიდა და 1898 წელს მშენებლობაც დაიწყო.

    შენობის ფასადისა და შიდა სამუშაობის შესასრულებლად საგანგებოდ მოიწვიეს საუკეთესო იტალიელი და ბერძენი ოსტატები. მთელი ავეჯი, ბროლის სარკეები, ხალიჩები, ჭაღები, სანათურები ევროპაში დაამზადეს. თეატრის განათება ითავა "შუკერტის" ფირმამ. პროექტის მიხედვით, შენობა სამსართულიანი იყო. პირველი სართული მაღაზიებისთვის, მეორე სართული "არტისტული საზოგადოებისთვის"; შენობას 900 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი ჰქოდა, ამ შენობაშივე იყო საკონცერტო დარბაზი. ევროპიდან ჩამოიტანეს სცენის ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა, გაკეთდა ფაეტონებისთვის მისადგომი. სარდაფში კი რესტორანი "ანანო" გაიხსნა.

    "1901 წლის 8 თებარვალს, ნაშუადღევის 2 საათზე, გოლოვინის პროსპექტზე საზეიმოდ აკურთხეს ტფილისის "არტისტული საზოგადოების" ახლად აგებული დიდი შენობა" - წერდა გაზეთი "ივერია". გაზეთ "კავკაზში" კი დაიბეჭდა სტატია, სადაც ავტორი დეტალურად აღწერს შენობის ინტერიერს:

    "თეატრის მაყურებელთა დარბაზი შედგება პარტერისაგან, ბენუარის ლოჟების, ბელ-ეტაჟის, აივნისა და ზედა გალერიებისაგან და 810 ადამიანს იტევს. მორთულია როკოკოს სტილში. უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი ლუდოვიკო მე-15-ის სტილში, გოლოვინის პროსპექტზე გამავალი სარკისებური ფანჯრით... საკონცერტო დარბაზის მარჯვნივ მცირე დარბაზია, დირექტორიას ეპოქის სტილში. მარცხნივ მომცრო დარბაზი გერმანული რენესანსის და ქალთა სასტუმრო ოთახი დეკადენტურ სტილში. მარცხნივ მშვენიერი რენესანსული სასადილო დაგხვდებათ, კედელზე მთლიანი სარკეებით. სასადილოს იქით ახლებურ სტილში, ძალზედ ორიგინალურად მოკაზმული, პატარა ბუფეტი. კიბეები და ფოიე "მოდერნის" სტილში ბრწყინავს. არაფერია მყვირალა და ფერთა სრული ჰარმონიის დამრღვევი. თეატრში არ არის არც ერთი ადგილი, საიდანაც სცენა კარგად არ ჩანდეს. პარტერის სავარძლები მოწყობილია ქუდებისა და ჭოგრიტებისათვის. სცენის იატაკი მბრუნავია, სცენა ნათდება 1 200 ელეტრონათურით. კლუბში არის სამკითხველო დარბაზი, აღმოსავლური სტილის სასტუმრო ოთახი, საბილიარდო, ჭადრაკის, ნარდის და სხვა გასართობი ოთახები. მეორე სართულზე ორი საგანგებო ოთახი ბანქოს მოყვარულთათვის" - წერდა გაზეთი "კავკაზი" 1901 წლის თებერვლის ნომერში. ამბობენ, თეატრის მშენებლობა და მოწყობა მილიონნახევარი ოქროს მანეთი დაჯდა. იმავე წლის 5 მარტს ახალი თეატრის შენობაში ქართულმა დასმა აქვსენტი ცაგარელის "ხანუმა" დადგა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter