სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    29.11.2017

     2017 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის შედეგად 12 ქალია დახოცილი, ხოლო ომბუდსმენის ინფორმაციით, 2017 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი მოხდა, საიდანაც 13 იდენტიფიცირებულია როგორც ოჯახში მომხდარი დანაშაული.

    ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველი წლის 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ასამბლეას განმარტებით, ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, რომ ხშირად ქალები მთელ მსოფლიოში გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან.

    აღსანიშნავია, რომ თბილისი წელს უკვე მეორედ შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა. კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 16 დღე გაგრძელდება.

    შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართა საერთაშორისო კონფერენცია "ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები".

    "2014-2016 წლებში სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლის შედეგად 50-მდე რეკომენდაცია და სპეციალური ანგარიში მოამზადა... რეალობა ძალიან მძიმეა და მსხვერპლები ვერ გრძნობენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას," - აღნიშნა სახალხო დამცველმა ღონისძიების გახსნაზე და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კონფერენცია ხელს შეუწყობს გამოწვევების გადაჭრის ახალი გზების წარმოჩენას.

    როგორც უჩა ნანუაშვილმა კონფერენციაზე განაცხადა, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, მიღებულ იქნას პრევენციული ზომები ფემიციდის შემცირების/თავიდან აცილების მიზნით, ამასთან, განხორციელდეს ეფექტიანი რეაგირება ყველა მომხდარ შემთხვევაზე, საკანონმდებლო ხელისუფლებამ მოახდინოს ფემიციდის, როგორც ცალკე დანაშაულის, დეფინიცია, ხოლო სასამართლოებმა საქმე გენდერული მოტივის გათვალისწინებით შეაფასონ.

    მნიშვნელოვანია პროკურატურის მიერ 20017 წლის ორი კვარტალის მიხედვით წარმოდგენილი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 1 580 ქალია, მოძალადე კი - 1 557 კაცი. ძალადობის შედეგად 12 ქალია მოკლული. აღნიშნული ინფორმაცია პროკურატურამ "ტაბულას" მონაცემთა გამოთხოვის შემდგომ მიაწოდა.

    აღსანიშნავია, რომ, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ ხდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევათა ანალიზი, მათ შორის, ზუსტი სტატისტიკის წარმოება და ხელმისაწვდომობა.

    ომბუდსმენის ინფორმაციით, 2017 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ქალის მკვლელობის 22 ფაქტი მოხდა, საიდანაც 13 იდენტიფიცირებულია, როგორც ოჯახში მომხდარი დანაშაული. სახალხო დამცველის ოფისში არ გამორიცხავენ, რომ დანარჩენ შემთხვევებშიც მკვლელობები გენდერული ნიშნით ყოფილიყო მოტივირებული.

    მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ, მკვლელობის შემთხვევების გარდა, საკმაოდ მაღალია მკვლელობის მცდელობების რიცხვიც. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ასეთი 11 შემთხვევა დაფიქსირდა, სიდანაც 8 მათგანი ოჯახში ძალადობის პირობებში მოხდა.

    ანგარიშის მიხედვით, ომბუდსმენის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემები არასრულია და რიგ შემთხვევებში არ შეესაბამება ერთმანეთს.

    "შსს-ს მონაცემებით, 2016 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად მკვლელობის 21 ფაქტი მოხდა, თუმცა მონაცემების მიხედვით მოკლულ ქალთა რაოდენობა არ იკვეთება. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ინფორმაციის მოწოდება მოხდა არასრულად, იმ მიზეზით, რომ მთავარი პროკურატურის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, შესაბამის ვადაში ვერ მოესწრო მოთხოვნილი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი.

    "რაც შეეხება შემაკავებელი ორდენების გაცემას. შსს-ს მონაცემებით, 2016 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების ანალიზის თანახმად, ძალადობის ფაქტი გამოვლინდა 3 012 ოჯახში, აქედან შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა 2 877-ჯერ, სადაც მონაწილეობდა 5 667 ადამიანი.

    "მოძალადისა და მსხვერპლის შესახებ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოძალადეთა 92% კაცია, ხოლო მსხვერპლთა 87% - ქალი. მსხვერპლთა ასაკობრივი გადანაწილების მიხედვით ყველაზე დიდ რისკჯგუფს (57%) კვლავ წარმოადგენენ 25-44 წლამდე ასაკის ქალები და 45 წელზე მეტი ასაკის კაცები (59%). გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობის მიხედვით, მსხვერპლთა ასაკობრივი რაოდენობა 24 წლამდე კვლავ დაბალია," - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter