სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანებს კინოთეატრებში სიარულის სურვილს უკარგავს
    თეო გუდავაძე
    25.11.2017

     თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კინოს მოყვარულებმა კინოთეატრში სიარულს მოუკლეს. კინოთეატრის უკანა პლანზე გადანაცვლებას უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის, ერთ-ერთია ფინანსები, რაც ადამიანს აბრკოლებს. მოყვარულებისთვის სასურველი ადგილი აღარ არის კინოთეატრი, რადგან ისინი სხვა საშუალებით ახერხებენ ფილმების ნახვას.

    კინო ყოველთვის იწვევდა ადამიანებში დიდ ინტერესს და რამდენიმე ათეული წლის წინ ის ერთ-ერთი საუკეთესო გართობის წყაროც იყო ახალგაზრდებისთვის. დღესდღეობით კი, როდესაც ტექნოლოგიები ვითარდება, ყველას შეუძლია, ნებისმიერი ფილმი (იქნება ახალი თუ ძველი) იხილოს ინტერნეტ სივრცეში, შესაბამისად, კინოთეატრებისადმი ინტერესი დაიკარგა და თანდათანობით განელდა.

    ნათია გულუა კინომცოდნეობაზე, სამი წელია, სწავლობს. მისი ინტერესი ბავშვობიდან კინოს უკავშირდება.

    "ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ფილმების ყურება გახდა ჩემთვის საუკეთესო განტვირთვის საშუალება. დაუსრულებლად შემეძლო ტელევიზორთან ჯდომა და ფილმის ყურება. ახლა 23 წლის ვარ და მახსოვს, 11-15 წლამდე, სანამ ასე აქტიურად შემოვიდოდა ყველა ოჯახში კომპიუტერი, რა მოუთმენლად ველოდი რომელიმე საინტერესო ფილმის ჩვენებას ტელევიზიით. არხიდან არხზე ვრთავდი და როგორც კი ნაცნობი ლოგო გამოჩნდებოდა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო - ვიჯექი და ვუყურებდი დიდი სიამოვნებით.

    ახლა კი რომელ არხზეც უნდა გადართო, უამრავი ფილმი გადის. გადახვევის ფუნქციები კიდევ უფრო ამარტივებს ყველაფერს. არ არსებობს, საღამოს მიხვიდე სახლში და რაიმე ფილმი ვერ მოძებნო. თუმცა როგორც კი ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი გახდა, ინტერესი დავკარგეთ ახალგაზრდებმა. ჩვენთვის აღარ არის საუკეთესო განტვირთვა ფილმის ყურება. ამას ყველა ადამიანზე ვერ ვიტყვი, არიან გამონაკლისებიც, მაგრამ საერთო სურათი ასეთია.

    ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა კინოდარბაზი. ყველამ იცის, რომ ის ფილმი, რომელიც ახლა კინოთეატრებშია, მალე ინტერნეტ სივრცეშიც განთავსდება. ზოგს ეზარება ყურება, ზოგს ფული არ აქვს და ზოგს არც აინტერესებს.

    თეატრში სხვა სიტუაციაა. წარმოდგენების ნახვა არ შეგვიძლია ინტერნეტში, ამიტომ თუკი გვაინტერესებს, აუცილებლად თეატრს უნდა მივაშუროთ. ამ ინტერესს სხვაგან ვერსად მოვიკლავთ და, უხეშად რომ ვთქვა, იძულებულნი ვართ, ვიაროთ თეატრში და ვნახოთ ის კონკრეტული დადგმა, რომელიც გვაინტერესებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნათია გულუამ.

    კინო ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რეჟისორები და მსახიობები ფილმებში გამოხატავენ უსაზღვრო ემოციებს, ასახავენ სოციალურ პრობლემებს, ცდილობენ, კადრში წარმოაჩინონ რეალობა და ადამიანებს თვალსაწიერი გაუფართოონ. უამრავი კინოსურათია, რომელიც ნამდვილ ისტორიას გადასცემს თაობებს. აქედან გამომდინარე, კინოს როლი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდია. სადავო საკითხია მხოლოდ ის, თუ სად ურჩევნია ადამიანს ფილმის ყურება, მაგრამ იმაზე კი ნამდვილად ყველა თანხმდება, რომ კინოს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს თანამედროვე სამყაროში, მის გარეშე კულტურული განვითარება რთული იქნებოდა. ირაკლი გოგუაძე 36 წლისაა და წლებია, კინოსთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს, მხატვარია და ფილმებისთვის ქმნის დეკორაციებს.

    "ჩემი აზრით, კინო გარკვეული დოზით ადამიანებს ცხოვრებას გვასწავლის და გვიყალიბებს გემოვნებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ეს ახალი ტენდენცია, რომელიც საკმაოდ შესამჩნევი გახდა, მე პირადად ძალიან მწყინს და მახსენდება ჩემი პატარაობის პერიოდი. თუკი რაიმე ფილმი გამოვიდოდა, იდგა რიგები და წყვეტა იყო ბილეთებზე, ახლა კი შეიძლება ახალი ფილმი გამოვიდეს და დარბაზი არც კი შეივსოს. ალბათ ეს გაჭირვების ბრალიცაა, ადამიანებს არ აქვთ საკმარისი თანხა, შეიძინონ ბილეთები, თუმცა ასე მასობრივიც არ არის ეს პრობლემა. სავარაუდოდ, ეს არის ინტერნეტ სივრცისა და ტელევიზიების გავლენა. არ არსებობს დღე, რომ საინტერესო ფილმი ვერ მონახო ტელევიზორში. რამდენიმე არხი კი მთლიანად კინოს ჩვენებაზეა გადასული.

    ცუდია, რომ კინოთეატრებში სიარულის კულტურა იშლება, აღარც შეყვარებული წყვილებისთვის არის საინტერესო და მიმზიდველი და არც პატარა ბავშვებისთვის. სხვა ალტერნატივა ურჩევნიათ და მომავალში ისე გამოვა, რომ კინოდარბაზები საერთოდ აღარ გვექნება. კინომოყვარულთა კლუბებია სოციალურ საიტებზე, სადაც ახალ ფილმებს განიხილავენ, მათი უმეტესობა კი ინტერნეტში უყურებს ფილმს და არაა - კინოთეატრში. ახალგაზრდები მხოლოდ ძალიან გახმაურებულ ფილმებზე დადიან და ანშლაგიც სწორედ მაშინ არის დარბაზში, როდესაც კონკრეტულ ფილმს დიდი ხანი აანონსებენ და წინასწარ მითქმა-მოთქმა ატყდება ხოლმე.

    კინოდარბაზში ნანახ ფილმს სხვა სიამოვნება მოაქვს და სახლში ნანახს - სხვა. არ ვამბობ, რომ ყოველ ახალ ფილმზე კინოში უნდა იარონ და მაინცდამაინც იქ უყურონ, თუმცა ხშირი სიარული კარგია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ირაკლი გოგუაძემ.

    21-ე საუკუნეში, როდესაც კინო ასე განვითარებული გახდა, კინოდარბაზი თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა და საზოგადოების უმრავლესობა უპირატესობას ფილმის ოჯახურ გარემოში ნახვას ანიჭებს

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter