სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეალურად კი, პროცესი ვერც 1 წლის შემდეგ დაიწყება, რადგან ქვეყანაში ინსპექტირების ცენტრები არ არსებობს
    მარი ჩიტაია
    25.11.2017

     გაზზე მომუშავე კერძო ავტომობილების ტექდათვალიერება 2019 წლამდე ვერ მოხერხდება. მართალია, ტექდათვალიერების ვადა ოფიციალურად არ გადაწეულა, მაგრამ თითქმის არანაირი პირობა არ არის, რომ მძღოლებმა ტექდათვალიერების გავლა შეძლონ. საქართველოში ჯერაც 2 აკრედიტებული ცენტრია, ხოლო შემოწმებული მანქანების რაოდენობა 4000-საც არ აღწევს, რიგში კი 300 000 ავტომობილია. როგორც აკრედიტაციის ცენტრების წარმომადგენლები ამბობენ, 10 ასეთი ცენტრის გახსნაც არასაკმარისია იმისთვის, რომ აირბალონიანი მანქანების ტექდათვალიერება დროზე მოესწროს.

    როგორც ამ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ავტომობილებს 2-წლიანი გრაფიკი დაუწესდათ. პირველ და მეორე ეტაპზე პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. ამ კატეგორიის ავტომობილები გაზზე იშვიათად მუშაობენ, შესაბამისად, ტექდათვალიერების პროცესის გასავლელად აირბალონიანი მანქანების მფლობელებს საკმაოდ დიდი ლოდინი მოუწევთ.

    აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ცენტრების რაოდენობა საკმარისია და ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება დადგენილ ვადაში მოხდება, თუმცა ოფიციალური უწყების პირობა, რომ სიახლისთვის ბაზარი მზად იქნება, სპეციალისტებისა და უკვე არსებული ცენტრების წარმომადგენელთათვის ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტია.

    როგორც კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი ნოდარ რამიშვილი განმარტავს, გაზზე მომუშავე მანქანებისთვის 10 აკრედიტაციის ცენტრიც რომ გაკეთდეს, მძღოლებს ტექდათვალიერების გასავლელად 2 წელიც არ ეყოფათ.

    "კანონის ამოქმედებამდე მცირე დრო რჩება, მაგრამ მანქანების შემოწმებას არავინ ჩქარობს. ამ დროისთვის 2000 მანქანა შემოწმდა, დაახლოებით ამდენივე - ჩვენს პარტნიორ კომპანიაში. ეს არის და ეს. 300 000-ზე მეტმა ავტომობილმა უნდა გაიაროს ეს პროცესი, ერთ ცენტრში კი დღეში 15 ავტომობილის შემოწმებაა შესაძლებელი. 10 ასეთი კომპანია რომ გაკეთდეს და ამ ტემპით იმუშაონ, კიდევ 2 წელი არ ეყოფათ. მარტივი არითმეტიკაა, რისი გაგონება არავის უნდა.

    დიდ ქალაქებში აკრედიტებული ცენტრები უნდა გაეხსნათ. ჩემთან მოვიდნენ ხაშურიდან, მითხრეს, რომ ცენტრის გახსნა უნდათ და კონსულტაცია გავუწიე, მაგრამ მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, მარტო სურვილით ეჭიდებიან ამ საქმეს. მძღოლებსაც არაგონივრული ვადა დაუწესდათ.

    სიმართლე გითხრათ, გონივრული არც არაფერი ყოფილა ამ კანონთან დაკავშირებით, ნორმალურად ვერ გაართვეს თავი. აკრედიტაციის ცენტრი არც არსებობდა, როცა კანონპროექტის შემუშავებაზე დაიწყო საუბარი. ახლა ერთადერთი გამოსავალია, რომ ერთდროულად რამდენიმე ცენტრი გახსნან, მაგრამ ეს დიდ ინვესტიციას მოითხოვს. არა მგონია, ამისთვის ვინმე იყოს მზად", - აცხადებს ნოდარ რამიშვილი.

    გაზზე მომუშავე მანქანების მიმართ მთავრობის მიდგომა სპეციალისტებისთვისაც გაურკვეველი დარჩა. როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რამდენიმე მიზეზით რეფორმა სამჯერ ჩავარდა და კიდევ არის საფრთხე, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ.

    "ვიცით, რომ ტექდათვალიერებისთვის მანქანებს გრაფიკი დაუწესდათ, მაგრამ ეს სხვა თემაა, რასაც გაზზე მომუშავე ავტომობილებთან ვერ გავაიგივებთ. თავდაპირველად მთავრობის მიდგომა იყო, რომ ასაკის მიხედვით შეემოწმებინათ მანქანები. წესით, ახლა 17-20 წლის მანქანებს უნდა ამოწმებდნენ, მაგრამ 25 წლის და მეტი ასაკის ავტომობილებსაც არ გაუვლია ეს პროცესი.

    რეფორმა სამჯერ ჩავარდა რამდენიმე მიზეზით. პირველია ის, რომ შესაბამისი ცენტრი, სადაც გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები უნდა შეამოწმონ, ქვეყანაში, მაქსიმუმ, ერთია. აკრედიტებული ცენტრები გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი მუშაობს", - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ ცენტრების დეფიციტის გამო განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებლებს გაუჭირდებათ.

    "რეგიონის მოსახლეობა გაზზე მომუშავე ავტომობილს ადგილზე ვერაფრით შეამოწმებს, რადგან ასეთი ცენტრი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისშია. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, უნდა ჩამოვიდეს თბილისში და დამატებით 800 კმ გაიაროს ავტომობილის შესამოწმებლად. მომსახურება ისედაც ძვირია და მძღოლს ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება. მეორე პრობლემაა ის, რომ ელექტრონული მომსახურება არ აქვთ, ძველი მეთოდით ხდება აღრიცხვა, ფურცელს ამობეჭდავენ და მისცემენ მძღოლს. ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება.

    დაუგეგმავად აკეთებენ და ბევრი რამ საბოლოოდ არ არის გარკვეული. სახელმწიფომ უნდა მოიძიოს ინვესტიცია, რათა დიდ ქალაქში ერთი მოზრდილი აკრედიტებული ცენტრი მაინც იყოს. თბილისშიც კი ავტოფარეხისოდენა ცენტრი მუშაობს და 300 000 მანქანას ვერ მოემსახურებიან, ეს წარმოუდგენელია", - ამბობს მესხიშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter