სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი გაჩეჩილაძე
    25.11.2017

    თავის დროზე არაერთ ქართველ ფეხბურთელს მაღალჩინოსნებმა და თბილისის "დინამოს" ხელმღვანელობამ გული არაერთხელ ატკინეს და მოთამაშეები დიდი ფეხბურთიდან გულდაწყვეტილები გაისტუმრეს.

    დღევანდელ წერილში რამდენიმე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის მოგონებას შემოგთავაზებთ, რომლებსაც თავის დროზე გული დასწყვიტეს და მშობლიური "დინამოს" კარი უცერემონიოდ, ყოველგვარი ბოდიშის გარეშე მიუხურეს.

     მურთაზ ხურცილავა

    "შეგიძლიათ, დაასახელოთ ფეხბურთელი, რომელიც "დინამოდან" გულნატკენი არ წავიდა? რომელი ერთი ვთქვა - შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე თუ მიშა მესხი? მეც მაიძულეს, გუნდიდან წავსულიყავი, დამეტოვებინა კლუბი, რომელსაც 15 წლის განმავლობაში ყოველდღე ერთგულად ვემსახურე! ოფიციალური მიზეზი არ გაინტერესებთ? თურმე თანაგუნდელები ჩემთან საერთო ენას ვეღარ პოულობდნენ!

    "ცხადია, ყველამ მალე გაიგო, რომ მურთაზ ხურცილავა "დინამოდან" წავიდა. არ დაგიმალავთ, შემეხმიანნენ კიევიდან და მოსკოვიდან - ასაკის კვალობაზე კარგი პირობებიც შემომთავაზეს, მაგრამ საქართველო არ დავტოვე. 1975 წლის დარჩენილი დრო პირველ ლიგაში ვითამაშე ქუთაისის "ტორპედოს" მაისურით. ეს გადაწყვეტილება ჩემი მეგობრის, ცხონებული გურამ ფანჯიკიძის რჩევით მივიღე - ის მაშინ ქუთაისში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ "ტორპედოში" თავს ნორმალურად ვგრძნობდი, "დინამოდან" ჩემს გაშვებას მაინც ვერ შევეგუე და წლის ბოლოს კარიერაც დავასრულე.

    "უცნაურია, მაგრამ ფეხბურთიდან ჩემი გაცილების ცერემონიალი მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაიმართა: თბილისში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა და ჩვენმა "დინამომ" ითამაშეს. სწორედ ამ შეხვედრის წინ გადავეცი ნაკრების კაპიტნის სამკლავური ევგენი ლოვჩევს.

    "არ მიყვარს ამ თემის გახსენება, რადგან, სხვა თუ არაფერი, როგორც კაცს, გული მწყდება. 1968 წელს "მილანი" მიწვევდა. მათ კარგად ახსოვდათ ჩემი თამაში ნაკრებში და საკმაოდ დიდ თანხასაც მიხდიდნენ, მაგრამ იმ დროს ამაზე ვერც ვიფიქრებდი.

    "ჩემი თავი ჯანდაბას, ერთხელაც იქნებოდა, გავიპარებოდი სასტუმროდან და მერე რამენაირად ფეხს მოვიკიდებდი, მაგრამ წარმოგიდგენიათ, აქ რა დღე დაადგებოდათ ჩემიანებს! 60-იან წლებში ხალხს ქურდობისთვის ხვრეტდნენ და "სამშობლოს მოღალატის" ოჯახს რას უზამდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?!"

     ილია დათუნაშვილი

    "დიდი ფეხბურთიდან 1967 წელს წავედი, 30 წლისა "მოხუცად" ჩამთვალეს. რა დავარქვა, არც ვიცი, მოდა იყო თუ რა, მაგრამ 30-ს მიტანებული უკვე ასაკოვნად ითვლებოდი და გუნდიდან წასვლას გაიძულებდნენ.

    "ჩემი თაობა ყველა ამ ასაკში წავიდა, ზოგი უფრო ადრეც. მაშინ აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებდნენ. ჩემ მერე კიდევ რამდენიმე მოთამაშე გაუშვეს. მიშა მესხს რა უქნეს, ხომ გახსოვთ?"

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     გიორგი სიჭინავა

    "1965 წელს მეორედ მომისაჯეს სამუდამო დისკვალიფიკაცია - ამჯერად ფეხბურთში: ბაქოში ვთამაშობდით და ერთ მომენტში მარქაროვი წავაქციე. არც არაფერი, მაგრამ მან სიმულანტობა დაიწყო. ავდექი და მწარედ შევაგინე. ამ დროს მსაჯი მომვარდა და ყვითელ ბარათს მიჩვენებს, მარქაროვმა კიდე, თქვენ გაგინებდათო, - უთხრა! მოკლედ, ახლა მსაჯს დავუწყე კამათი, ისე მომეშალა ნერვები, მუცელში ხელი წავავლე და წითელიც ამიფრიალა.

    "თბილისში მატარებლით დავბრუნდით და სადგურზევე ამიყვანა ორმა კაგებეშნიკმა - ჩვენთან უნდა წამობრძანდეთო და პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმიყვანეს. შევარდნაძე იყო მაშინ მინისტრი - კაბინეტში შესულმა ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა და მორალის კითხვა დამიწყო... ბოლოს მითხრა, 58-ე მუხლის მიხედვით დაისჯებიო - საბჭოთა ხალხის მტრად მაქციეს!

    "ბიჭები ჯერ გაურკვევლობაში იყვნენ, მერე კი შოთა იამანიძე, როგორც გუნდის კაპიტანი, შევარდნაძესთან შევიდა და საქმეში გარკვევა სთხოვა. შემდეგ "ზემოდანაც" ჩაერივნენ სხვები და... მოკლედ, ციხის ნაცვლად შინაგანი ჯარების მერვე პოლკში გამიშვეს სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. იქ რა გამაჩერებდა?! ერთ დღეს გამოვიპარე და ცოტა ხანს თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი.

    "ვინ გადამარჩინა? ნიკოლაი მოროზოვმა! სპეციალურად ჩემ გამო ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან, ვასილ მჟავანაძესთან შევიდა და უთხრა, ეგ ბიჭი საბჭოთა სპორტს და ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდებაო და თავდებში დამიდგა.

    "მახსოვს, გაზეთ "ლელოში" ვიღაცას ჩემ ნაცვლად დააწერინეს გულის ამაჩუყებელი წერილი: ვითომ ვინანიებდი, დავაშავე და მაპატიეთ-მეთქი... წლების მერე შევიტყვე, რომ შევარდნაძე დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ჩემს შეწყალებას".

     მანუჩარ მაჩაიძე

    "საკავშირო ნაკრებში როგორ არ მიწვევდნენ, მაგრამ თბილისიდან მითხრიდნენ ძირს - მაჩაიძე არ გამოიძახოთო! ჩემიანებმა გამიმეტეს - აქ ხომ ყველა ჩემი მოწინააღმდეგე იყო!

    "1980 წელს ოდესაში, საკავშირო ჩემპიონატის შეხვედრაში მსაჯმა გამაძევა და დისკვალიფიკაციის გამო ორი შეხვედრა გამოვტოვე. "დინამომ" ორივე მოიგო და ამის შემდეგ ჩემ წინააღმდეგ გამოუცხადებელი აგიტაცია დაიწყეს, ვითომ უჩემოდაც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა.

    "გუნდი მოწინააღმდეგე ბანაკებად გაიყო. ოპონენტებმა ჩემი კაპიტნობიდან გადარჩევა მოისურვეს. საამისოდ გუნდში არჩევნებიც "ჩატარდა". 20:10 მოვიგე და ხელახლა ამირჩიეს კაპიტნად, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, მხოლოდ ორი კვირით, ვინაიდან მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა დამიბარა და მითხრა, რომ გუნდიდან მიშვებდა. მიზეზი რომ ვკითხე, თურმე "თანამედროვე ფეხბურთის" თამაშში ხელს "ვუშლიდი".

    "ამ საკითხთან დაკავშირებით არც მაშინდელი პრესა იშურებდა ჩემ მიმართ "ტკბილ" სიტყვებს და ყველას პირზე "თანამედროვე ფეხბურთი" ეკერა. ოპონენტები, ხალხი, ვინც მე მაკრიტიკებდა, თვლიდა, რომ თუ "დინამოდან" არ წავიდოდი, ქართული ფეხბურთი დაიღუპებოდა! სხვათა შორის, როცა გუნდში ვიყავი - მთელი 5 წლის განმავლობაში, თბილისში თამაში არ წაგვიგია! ჩემი წასვლის მომდევნო წლებში კი ჩვენი მოედნის ფაქტორი მეტოქეთათვის რატომღაც გაქრა!

    "ნოდარ ახალკაცს არასდროს დავუკარგავ იმას, რაც ეკუთვნის, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 70-იანი წლების მიწურულის და 80-იანი წლების დასაწყისის წარმატებებმა იმ ფეხბურთელებზე გადაიარა, რომლებიც ახალკაცამდე 6-7 წლით ადრე მივიდნენ "დინამოში". მაგალითად, დავით გოგია, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი გავრილ კაჩალინმა მიიყვანა გუნდში, ფირუზ კანთელაძე - სოლოვიოვმა, შოთა ხინჩაგაშვილი - გივი ჩოხელმა, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, გოჩა მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე, ვიტალი დარასელია, ვახტანგ კოპალეიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე - მიხაილ იაკუშინმა. ეს იყო თაობა, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა როგორც საკავშირო შეჯიბრებებში, ასევე ევროპულ თასებზე. 1978-ში მოგებული ჩემპიონობის შემდეგ, 79-შიც შეგვეძლო იგივე, მაგრამ... ჩვენ რომ უფრო ჭკვიანი და გამოცდილი მწვრთნელი გვყოლოდა, მიზანს მივაღწევდით!

    "აღზევების შემდეგ "დინამო" კატასტროფული სისწრაფით დაეშვა დაბლა. ამის შემდეგ ნოდარ ახალკაცი დროულად და სამართლიანად გაათავისუფლეს. ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანაში ხდება - როცა გუნდი ცუდად თამაშობს, ეს, პირველ რიგში, მწვრთნელის ბრალია.

    "კლუბში მესამასე მატჩი რომ არ მეთამაშა, გუნდიდან გამიშვეს! ჩემზე მეტი "დინამოში" მხოლოდ გუცაევს აქვს ნათამაშევი. დააკვირდით დავით ყიფიანის, კახი ასათიანის სტატისტიკას. ნახეთ, ან სეზონიდან სეზონამდე, ან სსრკ თასზე რამდენ თამაშს ატარებდნენ... იმ წელს, თასი მეორედ რომ ავიღეთ, ყიფიანმა სულ ორი თამაში ითამაშა - ერთი შეცვლაზე, ფინალში და იქაც პენალტი ვერ გაიტანა. 1980-ში გუნდიდან რომ არ გავეშვით, "შახტიორს" მარტო მოვუგებდი - ნახევარფინალში მათამაშეს და მერე გამიშვეს. ფინალში რომ მეთამაშა, თავს დავდებდი და იმ მატჩს არ წავაგებდით. თუმცა რა მაქვს დასამტკიცებელი - ნახეთ სტატისტიკა და თავად მიხვდებით, რა ვარსკვლავებიც გაუფეტიშა ხალხს უშიშროებამ."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter