სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    24.11.2017

     1936 წელს კრემლის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გამართულიყო, მიზანი - მთელ საბჭოეთს გაეგო, როგორი დიდი შემოქმედების სამშობლო აქვს დიდ სტალინს. მაშინ საქართველოში უმაღლესი პარტიული პოსტი ლავრენტი ბერიას ეკავა. ბერიას დაურეკა საბჭოთა კავშირის უშიშროების სახალხო კომისარმა ეჟოვმა და უთხრა, მოსკოვში ქართველ ხელოვანთა დეკადა უნდა ჩატარდეს და მოემზადეო. ბერიამ იმავე დღეს შეკრიბა ბიუროს წევრები. კულტურის მინისტრს უბრძანა, მეორე დღესვე დაეწყო სამზადისი, ყველა რეპეტიციას თავად ესწრებოდა. მოკლედ, იანვრის პირველ რიცხვებში ქართველ ხელოვანთა მთელი არმია მოსკოვის გზას გაუყენეს. როგორ წარმატებას მიაღწიეს ქართველმა ხელოვანებმა მოსკოვში, ამის შეხსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ, მაგრამ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ამბავს დეკადის ისტორიიდან მაინც შევთავაზებთ. ქართული

    კულტურის დღეები მოსკოვში დაიწყო, პირველი კონცერტი დიდ თეატრში გაიმართა, რომელსაც სტალინი ესწრებოდა. მომღერალთა გუნდმა შეასრულა სტალინის საყვარელი სიმღერა "სულიკო". ქართველმა მოცეკვავეებმა სცენაზე ცეცხლი დაანთეს, ერთმანეთის მიყოლებით ასრულებდნენ "მთიულურს", "ლეკურს", "ფერხულს" თუ "აფხაზურს". მთელი დარბაზი ფეხზე მდგომი მქუხარე "ურას" იძახდა.

    ამ კონცერტზე ერთი კურიოზი მომხდარა. ვიდრე მოსკოვში გაემგზავრებოდნენ, თბილისში გენერალური რეპეტიცია ჩატარდა, რომელსაც, ტრადიციულად, ბერია ესწრებოდა. აიხადა ფარდა და სცენაზე ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალბატონი გამოჩნდა, სტალინის მისასალმებელი სიტყვა და პირველ გამომსვლელთა სია წაუკითხავს, რომლებსაც ბელადისადმი მიძღვნილი სიმღერა უნდა ემღერათ. ამ სიაში პირველები იყვნენ დები შუშხიაშვილები. და, აი, სცენაზე ქართულ კაბებში და ჩიხტიკოპებში გამოწყობილი ქალთა ანსამბლიც გამოჩნდა. სილამაზის მოტრფიალე ბერია დები შუშხიაშვილების გარეგნობით აღფრთოვანებული არ დარჩენილა და საყვედური უთქვამს ორგანიზატორებისთვის. მათ თავი უმართლებიათ - რა ვქნათ, ამათზე კარგად დღეს ვერავინ მღერისო.

    ბერიას სასწრაფოდ აუღია კალამი და ფურცელზე ჩამოუწერია ცხრა ულამაზესი ქალის სახელი და გვარი და უთქვამს, ახლავე აქ მომგვარეთო. მოიყვანეს ეს ქალები. ბერია ეკითხება, სიმღერა და ჩონგურზე დაკვრა თუ იცითო. ყველამ უარი თქვა, მაგრამ ამ ქალებს სიღერის ტექსტი მაინც დააზეპირებინეს, ჩონგურზე სიმების ჩამოკვრა ასწავლეს და მოსკოვში გაამგზავრეს. ვერავინ მიხვდა, რა ჩაიფიქრა ბერიამ.

    დაიწყო ქართული კულტურის დღეები, დარბაზში სტალინი საპატიო ადგილზე ზის. აიხადა ფარდა და ბელადის წინ უმშვენიერესი ქართველი ქალები წარდგნენ. პოლიტბიუროს წევრები გაოცებას ვერ მალავენ. სცენის შუაგულში დგას ქართული ჭირნახულით დახუნძლული, დიდ ქვევრშემოდგმული ურემი. თურმე ამ ქვევრში დები შუშხიაშვილები სხედან, შიგნით გაყვანილია მიკროფონი, ისინი მღერიან, სცენაზე კი პირს აღებენ ულამაზესი ქალები. დასრულდა სიმღერა, ატყდა ტაში. კონცერტის დასრულების შემდეგ სტალინს ბერიასთვის უთქვამს - ძალიან მომეწონა ამ დების სიმღერა და დღეს კრემლში გამართულ ბანკეტზე უნდა ვამღეროო. მაშინ კი დაკარგა ფერი თურმე ბერიამ, იფიქრა, ამხელა ქვევრს კრემლში ვინ შემატანინებსო. მოკლედ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. სტალინი მობრუნებულა, მხარზე დაურტყამს ხელი და მშვიდად უთქვამს - ნუ ნერვიულობ, ლავრენტი, ქვევრი უკვე კრემლშიაო. ასე ჩაეყარა საფუძველი საბჭოთა კავშირში ფონოგრამას.

    კონცერტის შემდეგ საკავშირო მთავრობამ ქართველი ხელოვანები კრემლში მიიწვია საზეიმო ვახშამზე. ბანკეტი სიტყვით გახსნა საკავშირო ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარე კრეჟენცევმა, რომელსაც აღუნიშნავს ქართული დეკადის დიდი მრავალფეროვნება, მისი იდეური სიმძლავრე, რომლის ბადალი ჯერ მოსკოვში არავის უნახავსო.

    მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სანდრო კავსაძის გუნდის წევრებიც. სტალინი დარბაზში რომ შესულა და აპლოდისმენტებმა იქუხა, ბელადს ხელი აუწევია და უკითხავს - სანდრო აქააო? ჩამოვარდა სიჩუმე, დამსწრე საზოგადოება ორად გაიყო. ცოცხალი დერეფნის ერთ თავში სტალინი დგას, მეორეში - სანდრო კავსაძე. მერე ორივე დაძრულა და დერეფნის შუაგულში შეხვედრიან ერთმანეთს. სტალინი სანდროს გადახვევია და უთქვამს - "კრასავეც!"

    - ყოველთვის შენზე ლამაზი ვიყავი, - უპასუხია სანდრო კავსაძეს. ყველას ენა ჩაუვარდა, სტალინს კი გაღიმებია. საერთოდ არ შეცვლილხარო, - უთქვამს და მაგიდასთან მიუწვევია.

    რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ სანდროსთვის უთქვამს, - მთხოვე, რაც გინდაო. ეგ ჩიბუხი მაჩუქე, ახლა რომ ეწევიო. სტალინს ისევ გაცინებია, ჩიბუხი შალითაში ჩაუდვია და სანდროსთვის გაუწვდია.

    როგორც სანდრო კავსაძის შვილიშვილი კახი კავსაძე იხსენებს, სტალინის ჩიბუხი და მისი შალითა ახლაც მასთან ინახება. შალითა ცოტა დახეულია - სტალინმა ასე დახეული აჩუქა თურმე, ჩიბუხს კი კიდევ დიდხანს ასდიოდა ბელადის თამბაქოს სუნი.

    ამ ბანკეტზე სტალინს დიდად მოულხენია, ალავერდს ალავერდზე გადადიოდა ამხანაგებთან. ქართველ ხელოვანთა საპატივცემულოდ სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ცნობილი რუსი ხელოვანები იაბლოჩკინი, რეიზინი, მიხაილოვი, ალექსანდროვის წითელი არმიის გუნდი და სხვები. ბანკეტი ღამის პირველ საათზე დამთავრებულა, თუმცა სტალინს ქართველი ხელოვანები მიუწვევია ცალკე დარბაზში და მათთან დილამდე უსაუბრია, თან კახურ სიმღერებს მღეროდა თურმე. შემდეგ ბერიასთვის მადლობა გადაუხდია ასეთი დიდი საჩუქრისთვის. ქართველი ხელოვანების გადაპატიჟება ასე არ დამთავრებულა, ახლა მთელი ოპერის დასი, მომღერალთა და მოცეკვავეთა ანსამბლის წევრები მოლოტოვმა მიიწვია სახლში სადილზე. მერე ისევ სტალინს მიუწვევია თავის რეზიდენციაში, კარებთან დახვედრია და ქართულ ბუხარში თავისი ხელით დაუნთია ცეცხლი - მოდით, არ შეგცივდეთ, ჩემო ძვირფასო სტუმრებოო და ერთი კარგი ქართული პურმარილიც გაუშლია. დეკადის დასასრულს ქართველი ხელოვანები ჟდანოვმა მიწვია ლენინგრადში.

    მოკლედ, ასე ტრიუმფით დასრულდა ქართული კულტურის დღეები მოსკოვში და ასეთივე ტრიუმფით გაგრძელდა რეპრესიები თბილისში. დეკადის მონაწილეებიდან ზოგს წამებით ამოხადეს სული, ზოგიც "თავისი ნებით" ციმბირის გზას გაუყენეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter