სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ყოველმხრივ უწყობდა ხელს ვაჭრებს, პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი მათი დაცვის საკითხი, მისი რაზმები იცავდნენ გზებს
    ია აბულაშვილი
    23.11.2017

     როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის ყველაზე ხანგრძლივი დროის მონარქის, ერეკლე მეორის ნებისმიერი წამოწყება, რეფორმა თუ მისი შედეგი სახელმწიფო პოლიტიკასა და საერთაშორისო ორიენტირებზე იყო გათვლილი; მას სჭირდებოდა ძლიერი და ცენტრალიზებული მმართველობითი სისტემა, რომელიც მე-18 საუკუნის მეორე ნახევრისთვის მოძველებული იყო, ამიტომ ქვეყნის განახლება მან სწორედ მმართველობის შეცვლით დაიწყო.

    განახორციელა ცვლილებები სამეფო დარბაზში, რომელიც სათათბირო ორგანოდან მეფის მუდმივმოქმედ დაწესებულებად იქცა.

    ასევე განახორციელა უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ღონისძიებები, კერძოდ: საერისთავოების გაუქმება, მორიგი ჯარი, სასამართლო რეფორმა, დებულებები ადგილობრივი მმართველობის შესახებ, მოსახლეობის აღწერა და სხვა. გაჩნდა ახალი უწყებები, რის შემდეგაც ქვეშევრდომები უშუალოდ მეფეს დაუკავშირდნენ.

    დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი მეფე ერეკლეს მიერ გატარებული რეფორმების ისტორიიდან.

    როგორც ისტორიკოსი აკაკი გელაშვილი წერს, ქვეყნის განვითარების უპირველეს ამოცანად მეფე ერეკლეს წესრიგის დამყარება მიაჩნდა. 1748 წელს მან ათარგმნინა და გაეცნო გერმანული საპოლიციო სამსახურის წესდებას.

    ამავე წელს მოახდინა უმაღლესი სასამართლოს რეორგანიზაცია. რეფორმა გაატარა ეკლესიაში; იმ დროს ქართლ-კახეთში 41 ეპარქიიდან ათიღა იყო შემორჩენილი.

    მან კათალიკოსთან ერთად შეიმუშავა განჩინება, რომელიც ეკლესიის მოშლილი საქმეების მოწესრიგებას ითვალისწინებდა. განჩინება შეეხებოდა სასულიერო პირთა სწავლებას, მოღვაწეობას, ეკლესია-მონასტრების მოვლა პატრონობას, ქონების განკარგვას.

    1773 წელს დღის წესრიგში დადგა მორიგი ჯარის შექმნის საკითხი, რაც რეგულარულ ჯარზე გადასვლის წინაპირობა უნდა ყოფილიყო.

    რეფორმით წესდებოდა საყოველთაო სამხედრო ბეგარა, რომლის მიხედვით, ყოველი მამაკაცი, განურჩევლად ეროვნებისა, წოდებისა და სარწმუნოებისა, ვალდებული იყო, ერთი თვე ჯარში წასულიყო.

    სამხედრო ბეგარისგან თავის არიდებისთვის სასჯელი იყო დაწესებული: თავადი 20 თუმანს იხდიდა, აზნაური - 10 თუმანს, მოხელე - 6 თუმანს, გლეხი იწკეპლებოდა. ამ წესით ერეკლეს უკვე 24-ათასკაციანი ლაშქრის გამოყვანა შეეძლო.

    როგორც მემატიანე წერს, მორიგი ჯარის შედეგები მალე დაეტყო ქვეყანას - "ესრეთ იქნენ შეშინებულნი ლეკნი, რომ ვერღარა სადა იკადრეს გამოსვლა და ესრეთ დამშვიდდა ქვეყანა, მეფობასა ამასსა აშენდნენ სიმაგრენი ქართლ-კახეთისანი ვიდრე ას სამოცამდე, გალავნიანი ბურჯნი მტერთათვის".

    ერეკლე ასევე დაინტერესებული იყო, რომ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია უფრო გაფართოებულიყო. 1750 წელს მისი ინიციატივით ამოქმედდა დარიალის გზა. ადგილობრივი ვაჭრები თავდაპირველად ეჭვით შეხვდნენ ამ ამბავს, რადგან კვლავ კასპიისპირა მაგისტრალს ანიჭებდნენ უპირატესობას.

    ერეკლემ ამ ახალ გზაზე შეღავათიანი ბაჟი დააწესა, რამაც შედეგი გამოიღო, როცა ეს შეღავათები მოიხსნა, ვაჭრები კვლავაც დარიალის გზით დადიოდნენ. დიდი რაოდენობით ქსოვილი მოზდოკში გაჰქონდათ, თუთუნი - ასტრახანში, ზოგიერთი ვაჭარი მოსკოვამდეც კი აღწევდა. ვაჭრებს უცხოეთიდან ოქრო ჩამოჰქონდათ, რაც სახელმწიფოსთვისაც დიდი მოგება იყო.

    ამბობენ იმასაც, რომ მეფე ერეკლე ყოველმხრივ უწყობდა ხელს ვაჭრებს, პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი მათი დაცვის საკითხი, მისი რაზმები იცავდნენ გზებს.

    მაგალითად, ერთხელ ხუთი ქართველი ვაჭრისთვის 20 ათასი მანეთის ოქრო ჩამოურთმევიათ; ასტრახანში ორი ქართველისთვის კი - 4 200 მანეთის ოქროს მონეტა და სხვა საქონელი, რომელიც უკან მხოლოდ ერეკლეს უშუალო ჩარევით დაუბრუნებიათ.

    პოტიომკინთანაც კი უჩივლა ფათალი ხანს, რომლის გზაზე ქართველმა ვაჭრებმა 60 ათასი მანეთი იზარალეს. მეფის კარი აწესებდა და აკონტროლებდა ბაჟს, ბაჟი ყველა წოდებისა და ეროვნებისთვის სავალდებულო იყო.

    მაგალითად, 1700 წელს თბილისის საბაჟო შემოსავალი 3 200 მანეთი ყოფილა, 1769 წელს კი საბაჟო შემოსავალი 10 ათასამდე გაზრდილა.

    გაიზარდა ვაჭრობა უცხო ქვეყნებთან. ნელა, მაგრამ ქვეყანაში მაინც შემოდიოდა ფრანგული, ესპანური საქონელი. ვაჭრობა შენარჩუნდა ირანთან, ერაყთან, ბაღდადთან, ბასრასთან, სირიასთან და საკმაოდ გაიზარდა ბაქოსთან, შემახასთან, ოსებთან, ლეკებთან.

    მარტო თბილისიდან ყოველთვიურად 150-200 ურემი გადიოდა ერევანს, თავზარსა და არზრუმში. ერევნიდან შემოდიოდა 70 ათასი ფუთი ბამბა, ირანიდან - აბრეშუმის ქსოვილები.

    აყველაზე კარგი ურთიერთობა ქართველ ვაჭრებს ინდოელ ვაჭრებთან ჰქონიათ. თავად ერეკლე მეფეს მიწერ-მოწერა ჰქონდა ინდოელ დიდვაჭარ შაჰამირ აღასთან თბილისში შაქრის საწარმოს გახსნის თაობაზე.

    თბილისში ინდოელ ვაჭარს ასევე უნდა გაეხსნა ბამბისა და სხვა გადამამუშავებელი საწარმოები, რისთვისაც მზად იყო, გაეღო 10 მილიონი რუპია. ამბობენ, რომ დიდმა ვაჭარმა შაჰამირ აღამ პატივისცემის ნიშნად ერეკლე მეფეს გამოუგზავნა ოქროს გვირგვინი და ასევე საგანგებოდ შექმნილი ბრილიანტებითა და ოქროს ჯვრით შემკული ჯილდო-ემბლემა.

    ვაჭრობას მოჰყვა ხელოსნობის განვითარება. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ხელოსნობის სულ 60-მდე დარგი ყოფილა, შემდეგ 200-მდე სახელოსნო და საამქრო გაიხსნა. მე-18 საუკუნის 80-იანი წლებისთვის მათი რაოდენობა უკვე 500-ს აღემატებოდა.

    ერეკლე მეფის ხელშეწყობით დაიწყო ქვეყანაში სამთამადნო მრეწველობის განვითარება, ოქროსა და ვერცხლის საბადოების ძიება, ამისთვის საქართვთელოში ჩამოიყვანა ოქროსა და ვერცხლის გამომდნობელი ბერძნები.

    1763 წელს მოიწვია "მადანჩები" ოჯახებით 2 000 სული ახტალის მონასტრის მიდამოებში, იქვე აშენდა ვერცხლის საამქროები, სპილენძის დაბლურში, შემდეგ კიდევ 2 საამქრო - ალავერდსა და სამბლურში.

    მარტო ახტალის საბადოებიდან 200 ლიტრი ვერცხლი და ასევე დიდი რაოდენობით ოქრო შემოდიოდა. 1774 წელს დიდი გარჯით მოახერხა ოსმალეთიდან დამატებით ბერძენი მადნის ოსტატების ჩამოყვანა და წარმოების გაზრდა.

    იმ პერიოდისათვის ვერცხლისა და სპილენძის შემოსავალი 60 ათას მანეთზე მეტს შეადგენდა. იხსნებოდა ახალი მადნები ქიზიყში, ოსეთში და სხვაგან.

    ამ პერიოდში გაიხსნა თბილისში ლითონის ჩამომსხმელი ქარხანა, რომლის ბაზაზე აშენდა ზარბაზნის ჩამოსასხმელი ქარხანა.

    თბილისშივე მზადდებოდა სპილენძის ჭურჭელი, რომელიც კარგად გადიოდა უცხოურ ბაზარზე, წარმოებიდან შემოსული მოგება კი ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების განვითარებასა და თავდაცვისუნარიანობას ხმარდებოდა.

    სამრეწველო წარმოება, როგორც სტრატეგიული დანიშნულების უმნიშვნელოვანესი დარგი, მეფის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

    მნიშვნელოვან და მომგებიან წარმოებად ითვლებოდა ასევე ზარაფხანა, სადაც 1757 წლიდან მონეტებიდან შაჰის სახელი საერთოდ გაქრა, დაიწყო ქართული ფულის მოჭრა, ვერცხლის ექვსშაურიანის, აბაზიანის, უზალთუნისა და შაურიანის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter