სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    08.11.2017

     1982 წელს გოდერძი ჩოხელის ფილმი "აღდგომა" ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის პრიზიორი გახდა. როგორც თავად რეჟისორი იხსენებდა, არათუ პრიზი, თავიდან ამ ფილმის გაშვებაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. მაინც როგორ გადაურჩა კომუნისტების ცენზურას "აღდგომა", ამაზე მკითხველს გოდერძი ჩოხელის რამდენიმე მოგონებას შევთავაზებთ.

    "თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. რუსული კინოს გარჩევა უნდა დაგვეწერა. რუსული არ ვიცოდი და მე ლექსი დავწერე გარჩევის მაგივრად - ხუთიანი დამიწერეს. მაშინ ხმაც გავარდა ინტსტიტუტში, პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოვიდაო. მეორე გამოცდაზე ვიღაც კაცი მოვიდა, გამომკითხა, ვინ ხარ, საიდან ხარო. შვილო, მიგიღებთ, ოღონდ თბილისმა არ გაგაფუჭოსო. მერე გავიგე, ეს კაცი რექტორი ილია თავაძე ყოფილა. სიყვარულით "მეცხვარეს" მეძახდა.

    შემდეგ კინოსარეჟისოროზე გადავედი. "აღდგომა" 1981 წელს გადავიღე. სასაფლაოსთან ურთიერთობა ჩვენთან მთაში, დიდი რიტუალი იყო. აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს ტაბლობას ვეძახდით, ტაბლობას სასაფლაოზე გავდიოდით და ყველა მიცვალებულის სულის შენდობას ვეუბნებოდით. ქვაზე გამოხატულ ადამიანთაგან ზოგს გუთანი, ზოგს ცხვარი ედგა. ბავშვობაში მხატვრობას ამ საფლავების ნახატებით ვეზიარე. თანაც იქაური ხელოსნები ისე ოსტატურად გამოხატავდნენ... ან რა საღებავებს იყენებდნენ, ახლაც მიკვირს. ეს საღებავები საუკუნეთა მანძილზე, წვიმაში, ქარში, ყინვაში, თოვლში არ იშლება.

    ჩვენთან 7-8 თვე ზამთარი იცის, ძალიან დიდი თოვლი მოდიოდა ხოლმე. თოვლისაგან გულგამოკლული მოუთმენლად ველოდი გაზაფხულს, რომელსაც პირველად სასაფლაოზე ვგრძნობდი, იმიტომ, რომ სასაფლაო მზისგულზე იყო და პირველად აქ დნებოდა თოვლი. პაპა-ბებიას საფლავის ქვებზე იები ამოდიოდა, სასაფლაოზე მივდიოდი გაზაფხულის სანახავად და იქ ვკრეფდი იებს. მაშინ ჯეროვნად ვერ ვაცნობიერებდი საფლავების სილამაზეს, ხოლო როდესაც გავიზარდე და კინორეჟისორი გავხდი, ერთ-ერთ ფოლკლორულ ექსპედიციას სოფელ დუმაცხოში გავყევი. გაზაფხული იდგა, თოვლი ალაგ-ალაგ იყო ჩამომდნარი. დუმაცხოს საფლავებზე გავიარეთ, საოცრება დავინახე. საფლავის ქვის ნატეხებზე ზოგს თავი ჰქონდა თოვლში ამოშვერილი, ზოგის მხოლოდ გუთანი ჩანდა... მთელი ეს სასაფლაო ფიროსმანის დიდ ტილოს მოგაგონებდათ. მაშინ გამიჩნდა სურვილი, ეს ყველაფერი ეკრანზე გადამეტანა. შემექმნა მხატვრული ფილმი და სხვებსაც ენახათ ეს სილამაზე.

    საფლავებს რომ ვიღებდი, ეპიტაფიას წავაწყდი. მიცვალებულის პირით საუბრობდა ქვა. დამებადა აზრი, რომ ფილმში მიცვალებულები ამელაპარაკებინა სიკეთეზე, სიყვარულზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე. ყველას ვეკითხები - გინდა აღდგომა? ზოგს აღდგომა უნდა სიყვარულისთვის, ზოგს იმისთვის, რომ საქართველოს მტრები დაამარცხოს - მეფე ერეკლეს დროიდან ვარ აქაო, ნეტავი, ხმალი და ცხენი მომცაო. ისევ იმისთვის უნდა აღდგეს, რომ სამშობლოს სიცოცხლე შესწიროს.

    ამ ფილმში მთელი საქართველოს ისტორია ჩემებურად მაქვს ნაჩვენები. მე ვეკითხები მეფე ერეკლეს, რამდენი წლისა ბრძანდებით-მეთქი კრწანისის ომში? სამოცდათხუთმეტისაო. ახლა თუ ფიქრობთ ჩვენზე-მეთქი, მა, ვისზე ვფიქრობ, ბალღოო. მეფე ერეკლე დანანებით ამბობს, რომ კრწანისის ომში ოთხი ათასი მეომარი ძლივს ვიშოვე და ჩემს დასაფლავებაზე ოცი ათასი კაცი იყო მოსულიო. მართლაც, ხმალ-ხანჯალში ჩამჯდარი ოცი ათასი მეომარი მიჰყვებოდა პროცესიას. ეს ტკივილი ჩაჰყვა მეფეს საფლავში და იქაც ეს სტკივა. ეს იყო მოხუცი მეფის განწირული ბრძოლა, ალბათ, პირველად დამარცხდა, ისიც - ღალატით. ილია ჭავჭავაძის მერე ბრძოლის ხმა წყდება და სიჩუმე ისადგურებს.

    "აღდგომას" ვიღებდი ჩოხში, გუდამაყარში, მთიულეთის ხეობაში, ფასანაურში... პირველად ჩემმა პედაგოგმა ომარ გვასალიამ ნახა, ისე მოეწონა, გადაირია. მაშინ ეგეთი ფილმის გაშვებაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა, შეიძლება, დავეჭირეთ კიდეც. წავიდა და ნუგზარ ფოფხაძეს აჩვენა - ნახე, რა ფილმი გადავიღეთო. - ვის გარეშეც ვერ გავუშვებთ, იმათ უნდა ვაჩვენოთო, ცეკა-ში წავიღოთო - უთქვამს ნუგზარს. შევარდნაძის დაბადების დღე ყოფილა იმ დღეს. ნუგზარ ფოფხაძეს უთქვამს - საჩუქარი მოგიმზადე და უნდა გაჩვენოო.

    დამიბარა, წავედით მე და ნუგზარ ფოფხაძე, წავიღეთ "აღდგომა". ცეკა-ს კინოდარბაზში სხედან შევარდნაძე და სხვა ცეკა-ს მდივნები. - მოდი, მოდი, ჩემთან დაჯექიო, - დამიძახა... მივედი და გვერდით დამისვა შევარდნაძემ.

    დაიწყო "აღდგომა", მე ვარ გოდერძი ჩოხელი, ქართველი, მინდა დაგიბრუნოთ სიცოცხლე... მინდა, ცოტა ხნით საიქიოში წაგიყვანოთ, - ისმის ეკრანიდან...

    ჩუმად არიან. გატრუნულია ყველა. როგორია, ცეკა-ს მდივნები საიქიოში წაიყვანო! ამ დროს მე ვფიქრობ, თუ არ დამიჭირეს, საერთოდ ამიკრძალავენ კინოს გადაღებას, რა უნდოდა ამ ფოფხაძეს, რა აიჩემა ფილმის ჩვენება-მეთქი.

    უცებ შეკითხვა რომ დავიწყე მკვდართან და იმანაც რომ მიპასუხა, შევარდნაძეს გაეცინა. მთელი ფილმი ასე იყო. აუტყდებოდა შევარდნაძეს სიცილი, განსაკუთრებით იცინა, მკვდარს რომ ეუბნება, "ქარი ხომ არსაიდან გიქშუტუნებსო" - ისინიც იცინიან. მერე ხომ ფილმი ასე მთავრდება: ღირსეული გმირები ამოდიან და როგორც მართლა იყო, იქაც ილიაზე შეწყდა ყველაფერი... დღემდე ვთვლი, რომ ილიაზე შეწყდა დიდი ბრძოლა.

    შევარდნაძემ უთხრა ცეკა-ს მდივნებს, - აბა, ახლა თქვენ გაარჩიეთ ეს კინოო. სოლიკო ხაბეიშვილი ადგა და თქვა: - თქვენი არ ვიცი, მაგრამ გოდერძი ჩოხელმა კომუნისტი კაცი დამარწმუნა, რომ საიქიო არსებობსო.

    ზოგმა რა თქვა, ზოგმა - რა. მენთეშაშვილი ადგა, ქალაქის საბჭოს მდივანი თუ თავმჯდომარე იყო, ის გადამეკიდა, - ილიაზე რატომ მთავრდება ეს ფილმიო. დღეს ადამიანი აღარ გვყავს, რომლის ხსნებაც შეიძლებაო? აქცენტი აქვს აღებული, რომ ედუარდზე დავამთავრო. წავა-წამოვა, ვიღაცა რაღაცას იტყვის, ეს ისევ იმას მეუბნება. ბოლოს შევარდნაძე მიუტრიალდა და უთხრა: შენ, მე მგონი, ამ ფილმში ილია ჭავჭავაძე გიშლის ნერვებსო. გაჩუმდა ეს კაცი. გაისუსა.

    "აღდგომა" იმავე საღამოს ტელევიზიაში გაუშვეს. ატყდა ერთი ამბავი. ბაზარში რომ შევდიოდი, უფასოდ მატანდნენ ყველაფერს. შენა, შვილო, საიქიო აალაპარაკე და ფულს როგორ გამოგართმევთო, მეუბნებოდნენ," - ასე იხსენებდა გოდერძი ჩოხელი გაგანია კომუნისტების დროს ფილმ "აღდგომის" გადაღების ისტორიას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter