სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამბავი ეგვიპტის ფარაონის უჩვეულო ევროპული ოდისეისა
    მამუკა ნაცვალაძე
    06.11.2017

     ეგვიპტის ფარაონ რამსეს მეორეს უჩვეულო ბედი დაანათლა გამჩენმა - იცოცხლა 92 წელი, ჰყავდა ასზე მეტი შვილი. ასეთი დღეგრძელობა არათუ ძველი მსოფლიოს ისტორიაში, შუა და ახალი საუკუნეების დროსაც საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო. იმდროინდელი მოსახლეობა ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და მიიჩნევდა, რომ ადამიანს, რომელმაც ასე დიდხანს იცოცხლა, განსაკუთრებული მისია ჰქონდა.

    მართლაც განსაკუთრებული გახლდათ რამსეს მეორე - ეგვიპტის ყველა დროის ყველაზე წარმატებული ფარაონი. იგი ქრისტეშობამდე მეთორმეტე საუკუნეში ზეობს, მისი მმართველობისას პირამიდების ქვეყანამ მიაღწია ყველაზე დიდ მწვერვალს, თუმცა მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა მისი გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის დამადასტურებელი - რამსეს მეორე ეგვიპტის ფარაონთაგან ერთადერია, ვისაც საფრანგეთის რესპუბლიკის პასპორტი ერგო.

    როგორ აღმოჩნდა რამსეს მეორე კაიროს მუზეუმში

    ეს უჩვეულო ამბავი გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან იწყება, როცა კაიროს მუზეუმის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რამსეს მეორის მუმიისათვის საგამოფენო დარბაზში მიეჩინა ადგილი.

    სანამ კაიროს მუზეუმში მოხვდებოდა, დიდი გზა გამოიარა რამსეს მეორემ საგამოფენო ექსპოზიციამდე. მისი მუმია პირვანდელი განსასვენებლიდან, მეფეთა ველიდან, შორს - ელ-ბაჰრის სამალავში გადაუტანია თებეს ქურუმ პინეჯემ პირველს. სწორედ ამ სამალავს მიაგნეს მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში.

    მეოცე საუკუნის დასაწყისიდან რამსეს მეორის მუმია მსოფლიო დონის სანახაობად იქცა. ეს ის დროა, უამრავი ძველეგვიპტური არტეფაქტისადმი ინტერესი განსაკუთრებულად რომ გამძაფრდა. ამ მოვლენამ ეგვიპტის მთავრობას უბიძგა ახალი მუზეუმის აშენების იდეისაკენ. სხვა მნიშვნელოვან ეგვიპტურ არტეფაქტებთან ერთად, სწორედ კაიროს ახლად აშენებულ მუზეუმში დაიდო ბინა რამსეს მეორის მუმიამ.

    ბევრი რამ ვერ გათვალეს ეგვიპტელებმა, ვერ დაიცვეს სათანადო პირობები, შენობაში არ იყო შესაბამისი ტენიანობა, ვერ მოხერხდა მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება, თავისი უარყოფითი კვალი დაუტოვა მუმიას მრავალრიცხოვანმა დამთვალიერებელმაც, რის გამოც მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. რამსეს მეორის მუმიამ ლპობა დაიწყო.

    ამბავი რამსეს მეორის მუმიის ზეაღმართული ხელისა

    ლპობის პროცესი განსაკუთრებულად შესამჩნევი გახდა 1907 წელს, რასაც ყურადღება უცნაური ფაქტის შემდეგ მიაქციეს - სამეფო მუმიების სამუზეუმო დარბაზის მცველი საკმაოდ უჩვეულო ამბავს შეესწრო - რამსეს მეორემ მარცხენა ხელი აამოძრავა. ბუნებრივია, დარბაზის მეთვალყურეს არავინ დაუჯერებდა და უმრავლესობა ამას ჰალუცინაციებს მიაწერდა, თუმცა ფაქტი ის იყო, რომ შოკირებული ეგვიპტელის მოყოლილი ამბის რეალობაში საზოგადოება თავადაც დარწმუნდა. ყველამ იხილა რამსეს მეორის მუმიის ზეაღმართული ხელი, რაც ბევრმა უჩვეულო და საკრალური მნიშვნელობის მოვლენად აღიარა, თუმცა მეცნიერები შეეცადნენ ამ მოვლენის ახსნას უფრო არგუმენტირებულად და ეს ფაქტი ორგანიზმში მიმდინარე ლპობის პროცესის შესაბამის მექანიკურ რეაქციად მიიჩნიეს.

    ამ ემოციურ პროცესს შეესწრო ფრანგი მწერალი ჟულიენ ვიო, რომელიც პიერ ლოტის ფსევდონიმითაა ცნობილი. სწორედ მან აღწერა დეტალურად ფარაონის თავს დატრიალებული უცნაურობა.

    როგორ მიივიწყა კაიროს მუზეუმმა ერთ დროს პოპულარული რამსეს მეორე

    მუზეუმის ხელმძღვანელობამ ყველაფერი იღონა მუმიის არასასურველი ლპობის პროცესის შესაჩერებლად. ამიტომაც მისი ქიმიური დამუშავება გადაწყვიტეს, მაგრამ იმდროინდელი ტექნოლოგია არ იძლეოდა იმის საშუალებას, მთლიანად აღეკვეთათ ლპობის პროცესი. წლების განმავლობაში სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მუმია ნაწილებად იშლებოდა.

    ამის შემდეგ რამსეს მეორის მუმიის კომერციული თვალსაზრისით გამოყენება აღარაა შესაძლებელი, ამიტომაც გაქრა ის მუდმივმოქმედი სამუზეუმო ექსპოზიციიდან და დამთვალიერებელთა თვალთახედვის არედან.

    მას შემდეგ დიდი ხანი მუმია აღარავის გახსენებია. 1936 წელს კაიროს მუზეუმის დირექტორად დაინიშნა ანდრე ეტიენი, რომელმაც მოიკითხა ერთ დროს პოპულარული ექსპონატი და დიდი ძებნის შემდეგ თავისი წინამორბედის კერძო ბინის სარდაფში მიაკვლია მას.

    ამბავი რამსეს მეორის სამუზეუმო რეინკარნაციისა

    1975 წელს ახალი ერა იწყება რამსეს მეორის იმქვეყნიურ ცხოვრებაში. სწორედ ამ წელს კაიროს მუზეუმის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფარაონთა მუმიების ექსპოზიციის მოწყობა. გაიხსენეს რამსეს მეორე, მეცნიერებმა მოინახულეს მისი მუმია და დასკვნაც გამოიტანეს - ლპობის პროცესი შეუქცევადია, სულ რამდენიმე წელი და მუმია აღარ იარსებებს. საჭირო იყო გადამწყვეტი ზომების მიღება, თანაც სასწრაფოდ.

    ტექნოლოგიის თვალსაზრისით ახალმა მეცნიერულმა მიგნებებმა საშუალება მისცა საზოგადოებას, ამჯერად უფრო ქმედითი ზომებისათვის მიემართა, რაც შედეგიანი იქნებოდა. ისიც საგულისხმოა, რომ რამსეს მეორე მხოლოდ ეგვიპტელ მეცნიერთა საწუხარი არ იყო, მისი ბედი აფიქრებდა იმდროინდელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებას.

    ერთ-ერთი მათგანი, ფრანგი არქეოლოგი ქალი ქრისტიან დეროშ ნობლკური, ლუვრის მუზეუმის ეგვიპტური განყოფილების თანამშრომელი გახლდათ. ის სთავაზობს საფრანგეთის უმთავრესი მუზეუმის ხელმძღვანელობას, მოაწყონ რამსეს მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა. სწორედ ამ გრანდიოზული გამოფენის ფარგლებში უნდა დაგეგმილიყო რამსეს მეორის მუმიის საბოლოო განკურნება.

    როგორ დაინტერესდა საფრანგეთის პრეზიდენტი რამსეს მეორის ბედით

    კრისტიან დეროშ ნობლკური არაერთხელ სტუმრობდა კაიროს მუზეუმის ფონდებს, ეგვიპტელ მეცნიერებთან ერთად არაერთხელ მოინახულა რამსეს მეორის მუმია და სწორედ იმ დროიდან აეკვიატა ფიქრი, რომ შეძლებდა, შთამომავლობისათვის შეენარჩუნებინა ყველაზე ძლიერი ფარაონის სხეული.

    ნობლკური ყველა ღონეს მიმართავდა ამისთვის, საფრანგეთის იმჟამინდელ პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ დესტენთანაც იყო აუდიენციაზე. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, ქვეყნის უმაღლესი პირების დონეზე გადაწყვეტილიყო საქმე. ჟისკარ დესტენს შუამდგომლობა უნდა გაეწია ეგვიპტის არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტ სადათთან, რათა კაიროს მუზეუმიდან ფარაონის მუმია პარიზში გადმოეტანათ. ფრანგების ტექნოლოგიური დონე და უახლესი მიღწევები იძლეოდა იმის იმედს, რომ უახლესი მეთოდების გამოყენებით მუმიის ლპობის პროცესი შეჩერებულიყო.

    როგორ დაითანხმა ვალერი ჟისკარ დესტენმა სადათი რამსეს მეორის პარიზულ ვოიაჟზე

    ეს აუდიენცია ჟისკარ დესტენის ეგვიპტეში ვიზიტის წინ ხდება. სწორედ სადათი უმასპინძლებს ფრანგს და ისიც ამ ოფიციალური თუ არაოფიციალური ფორმატის გამოყენებით შეეცდება საკითხის მოგვარებას.

    სადათის რეაქცია ისეთი იყო, რასაც მოელოდნენ ფრანგები - თავდაპირველად თავი შორს დაიჭირა - სიტყვის გაგონებაც კი არ სურდა იმის შესახებ, რომ ეგვიპტელებს მუმია პარიზში გაეგზავნათ. ბუნებრივი იყო მისი პოზიცია - მან თავის თავზე არ აიღო პასუხისმგებლობა მოსალოდნელი საფრთხის გამო.

    ჟისკარ დესტენისათვის სადათის უარი ახალი გამოწვევა აღმოჩნდა, სუეცის არხზე მეორე დღეს სტუმრობისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელახლა გაუბა საუბარი მას, მთავარი აქცენტი იმაზე გადაიტანა, რომ ფრანგები რამსეს მეორის მუმიას მოეპყრობოდნენ არა როგორც საექსპონატო ნივთს, არამედ როგორც ფარაონის ცხედარს.

    ფრანგის წინადადებას ამჯერად სხვა კუთხით შეხედა სადათმა, გააანალიზა მოსალოდნელი შედეგები და დაინახა ის სარგებელი, რაც შესაძლებელი იყო ფრანგებისათვის თანხმობის შემთხვევაში მას, როგორც პოლიტიკოსს, მიეღო. ფარაონისადმი გამორჩეულ პატივისცემას მისთვის დამატებითი პოლიტიკური დივიდენდების მოტანა შეეძლო.

    როგორ დახვდა საფრანგეთის მთავრობა პარიზში რამსეს მეორეს სამეფო პატივით

    ასე გადაწყდა რამსეს მეორის პარიზში სტუმრობის საკითხი საფრანგეთის რესპუბლიკის პასპორტით, სადაც შავით თეთრზე წერია მისი მფლობელის ვინაობა - რამსეს მეორე - ეგვიპტის ფარაონი.

    1976 წლის 26 სექტემბერს რამსეს მეორე საფრანგეთის სამხედრო თვითმფრინავით დაეშვა ლე ბურჟეს აეროპორტში, სადაც მას სამეფო დიდების შესაბამისი პატივითა და სათანადო ცერემონიალით დახვდა საფრანგეთის მაშინდელი მთავრობა სრული შემადგენლობით. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო დიპლომატიური პროტოკოლის ისტორიაში.

    კონკოღდის მოედანზე პარიზში აღმართულია ობელისკი რამსეს მეორის საპატივცემლოდ. სწორედ ამ მოედანზე მიაბრძანეს საპატიო ამალის თანხლებით ფარაონი, იქიდან კი ადამიანის მუზეუმში გადააბრძანეს.

    ადამიანის მუზეუმში რამსეს მეორის მიღება არ იყო ადვილი. მართალია, სახელმწიფო დონეზე მიღწეული იყო შეთანხმება, მაგრამ ძირითადი საქმე ამ მუზეუმის თანამშრომლებს უნდა გაეკეთებინათ, რაც მათთვის დამატებითი თავსატეხი იყო, თუმცა ამის ეს იყო დიდი გამოწვევაც.

    ამბავი დიდი მეცნიერული გამოწვევისა

    პროფესორ ბალუს ხელმძღვანელობით ფარაონის მუმიის გამოკვლევითა და მკურნალობით ასობით მეცნიერი დაკავდა. საჭირო იყო თავდაპირველად ზუსტი დიაგნოსტიკა, შემდეგ კი სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა, რათა შეეჩერებინათ მუმიის ლპობის პროცესი და საბოლოოდ აღმოეფხვრათ მსგავსი საფრთხე. სწორედ ამ გამოკვლევების საშუალებით გახდა ცნობილი დეტალურად, როგორ ხდებოდა ეგვიპტის ახალი სამეფოს პირობებში ბალზამირებისა და მუმიფიცირების პროცესი.

    მას შემდეგ, რაც უცხო სხეულებისგან გაათავისუფლეს მუმია, მისი გამოშრობა დაიწყეს, რაც ეგვიპტური ტექნოლოგიური პროცესის დუბლირება იყო. მთავარი ყურადღება სწორედ მუმიის გამოშრობას ეთმობოდა, რამდენადაც სწორედ გამოშრობის დროს კვდება ყველა ის ცოცხალი უჯრედი და ბაქტერია, რაც სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნის მუმიას. აღმოჩნდა, რომ ეგვიპტელები ამისთვის იყენებდნენ საჭმელ სოდას, სწორედ სოდის ტომრებში ათავსებდნენ სხეულს. გამოშრობის პროცესისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გარდაცვლილის სხეული პატარავდებოდა, მისი კანი ძვლებს ეკვროდა. ეს პროცესი 40 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ამის შემდეგ სხეულში ათავსებდნენ სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ბალახებს. რამსეს მეორის სხეულში სხვადასხვა მალამოსთან ერთად თამბაქოს ფოთლებიც აღმოჩნდა.

    ხელახალი მუმიფიცირებისას, ბუნებრივია, კარგად შეისწავლეს რამსეს მეორის აღნაგობა - მისი სიმაღლე 1,75 მეტრი იყო, თერი ფერის კანითა და თეთრი თმით.

    როგორ განკურნეს ფრანგებმა რამსეს მეორე

    მეცნიერებმა რამსესის მუმიაზე სოკოს 60-ზე მეტი სახეობა აღმოაჩინეს. სწორედ ამ მიკროორგანიზმების განადგურების ხერხი უნდა მონახულიყო, რათა საბოლოოდ აღკვთილიყო მუმიის ლპობის პროცესი. კვლევაში ჩაერთო გრენობლის ატომური კვლევის ინსტიტუტი. მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდათ გრენობლის ინსტიტუტში, რადგან მანამდე სხვადასხვა პერგამენტის კვლევისა და მათი შენარჩუნების მეთოდებს ამუშავებდნენ.

    რადიოაქტივობის მეთოდითა და დასხივებით გამოკვლევისას აშკარა გახდა მკურნალობის კონკრეტული საშუალებები. დასხივების გზით უნდა განადგურებულიყო მუმიის სხეულზე არსებული ყველანაირი ცოცხალი მიკრობი.

    განკურნებული მუმია სარკოფაგში ჩაასვენეს და საგამოფენო ვიტრინაში განათავსეს, რომელიც შეფუთეს ჰერმეტულად. ასე საიმედოდ იყო დაცული რამსეს მეორე სხვადასხვა გარეშე საფრთხისგან. სწორედ ასეთი სახით დააბრუნეს კაიროს მუზეუმში რამსეს მეორის განკურნებული მუმია.

    მკურნალობის პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდა. რამსეს მეორის სრულიად ჯანმრთელი მუმია 1977 წლის 7 მაისს საფრანგეთის მთავრობამ დიდი პატივით გამოაცილა კაიროს გზაზე.

    საფრანგეთის მთავრობის მაგალითი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსოფლიო ცივილიზაცია ზოგადსაკაცობრიო საკუთრებაა და მასზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter