სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    03.11.2017

     დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, გავაცნოთ ნაკლებად ცნობილი ამბები ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის - თავად დიმიტრი ჯორჯაძის საინტერესო ბიოგრაფიიდან, რომელმაც 1931 წელს ბელგიაში გამართული ავტორბოლა მოიგო და გრან-პრის მფლობელი გახდა, პარტნიორობას კი ცნობილი ავტომრბოლელი გოფრედო ზეენდერი უწევდა.

    დიმიტრი ჯორჯაძე დაიბადა 1898 წელს სიღნაღში, კავკასიის კავალერიის პოლკის ოფიცრის - თავად ალექსანდრე ჯორჯაძის ოჯახში. სწავლობდა ვლადიკავკაზის იუნკერთა სასწავლებელში. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დატოვა სასწავლებელი და მოხალისედ ჩაეწერა ბათუმის დასაცავად. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა ჯერ თურქეთში, შემდეგ - იტალიაში, სადაც მისი ბიძა, თავადი გიორგი მაჩაბელი ქართულ საელჩოს ხელმძღვანელობდა. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ იტალიაში საქართველოს საელჩო დაიხურა, გიორგი მაჩაბელი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, დიმიტრი იტალიაში დარჩა.

    ამ პერიოდში დაუმეგობრდა ცნობილ იტალიელ მრბოლელ ზანირატის, რომელმაც ავტომობილის მართვა შეასწავლა. შემდეგ საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1931 წელს ბელგიის საკურორტო ქალაქ სპას გარეუბანში, ყველაზე სწრაფ ავტოტრასაზე, ავტორბოლა ტარდებოდა, დიმიტრი ჯორჯაძემ "სპა-ფრანორშანზე" "მერსედეს-ბენცით" 24-საათიანი რბოლა მოიგო და პრიზიც დაიმსახურა. თავის პარტნიორ გოფრედო ზეენდერთან ერთად ყველაზე ვრცელი დისტანცია დაფარა - 1580 მილი საათში, საშუალოდ, 65.8 მილი სიჩქარით. მაშინდელმა უცხოურმა პრესამ დიმიტრი ჯორჯაძე ჯერ რუს ემიგრანტად მოიხსენია, შემდეგ - რუმინელ გრაფად. ავტოსპორტის ისტორიაში კი მისი სახელი დარჩა, როგორც "კაცი ავაზას ტყავში".

    მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და ნიუ-იორკში პრინც დიმიტრი ობოლენსკისთან ერთად სასტუმროების ბიზნესს მიჰყო ხელი. სამხრეთ კაროლინაში შეიძინა "ბუნ ჰოლის" ცნობილი ისტორიული პლანტაცია თავის ცხენსაშენთან ერთად. სახელიც გაითქვა, როგორც წმინდასისხლიანი ცხენების სელექციონერმა; მისი ცხენები მონაწილეობდნენ დოღში, საუკეთესო მერანს "პრინც ჩექუილი" ერქვა, რომელმაც გრძელ დისტანციებზე რბოლაში რამდენჯერმე მოიპოვა ამერიკის ჩემპიონობა და ყველაზე სწრაფი ცხენის ტიტული.

    ამბობენ, მის წმინდა სისხლის ბედაურებს ყიდულობდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები კლარკ გეიბლი, ჯორჯ ბრენტი თუ ფრედ ასტერი. იმასაც ამბობენ, თავისი ძვირადღირებული იახტა პრეზიდენტ ეიზენჰაუერს აჩუქა. მხატვარმა ირაკლი თოიძემ კი "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრირებისას ტარიელის პორტრეტისთვის დიმიტრი ჯორჯაძე შეარჩიაო.

    დიმიტრი ჯორჯაძის ბიოგრაფიიდან საინტერესო ცნობებს გვაწვდის მწერალი იგორ ობოლენსკი: "დიმიტრი ჯორჯაძეს ამერიკაში პრინცად მოიხსენიებდნენ. იგი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი იყო ოდრი ემერი, უძრავი ქონების მულტიმილიონერ ჯონ ემერის ქალიშვილი, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის შვილიშვილის, თავად დიმიტრი რომანოვის, ყოფილი მეუღლე. პირველად დიმიტრიმ ოდრი ერთ-ერთი რბოლის დროს გაიცნო. კაფეში შესულმა ფანჯრიდან დაინახა ჯიშიან ცხენზე ამხედრებული ლამაზი გოგონა. კაფის მეპატრონისთვის უკითხავს, ვინ არის ეს ახალგაზრდა ქალი? უთქვამთ - ეს ოდრი ემერია, ამერიკელი მილიონერის ქალიშვილიო. იმ დროს ოდრი უკვე დიდ კნიაზ დიმიტრი რომანოვზე იყო გათხოვილი. მეორედ მას ორი წლის შემდეგ შეხვდა და მათი სასიყვარულო ისტორიაც დაიწყო, რომელიც 1937 წელს ქორწინებით დასრულდა. დიმიტრი ჯორჯაძე ზრდიდა ოდრის და რომანოვის შვილ პავლეს.

    ერთხელ პარიზში, ფეშენებელური სასტუმროს შესასვლელთან, სადაც დიმიტრი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, შემთხვევით ჩია კაცს შეეჯახა, რომელსაც მკაცრი სახეებით რამდენიმე ახალგაზრდა გზას უთავისუფლებდა. დიმიტრი ჯორჯაძემ მასში ჰიტლერი ამოიცნო, რომელსაც თავადისთვის პირდაპირ თვალებში ჩაუხედავს, ეს მომთვინიერებლის მზერა იყოო - უთქვამს შემდეგ მეგობრებისთვის დიმიტრი ჯორჯაძეს.

    მალე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და ცოლ-ქმარი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ერთ დღეს კალიფორნიაში, ლოს-ანჟელესის ლეგენდარულ სასტუმრო "ბელ ეირში," მსახიობ კლარკ გეიბლს შეხვდა, ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზარდა; სანსეტ ბულვარზე ერთად ხშირად სეირნობდნენ, ერთხელაც მაშინ ნაკლებად პოპულარულ მსახიობ რონალდ რეიგანს შეხვდნენ, რომელსაც დიმიტრი ჯორჯაძე მაშინვე უცვნია. მალევე გაიცნო ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავები და კალიფორნიაში დარჩენაც უნდოდა, მაგრამ ოდრიმ უარი თქვა - ჰოლივუდი? ეს ძალიან ვულგარულიაო - უთქვამს.

     დიმიტრი ჯორჯაძე და ოდრი ემერი რამდენიმე წლის შემდეგ დაშორდნენ. თუმცა მალევე გაიცნო ცნობილი ამერიკელი მოდელი და მსახიობი სილვია ეშლი, რომელიც პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარული ამერიკული ფილმის, "ქარწაღებულნის", ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, ჰოლივუდის ვარსკვლავ კლარკ გეიბლს გაჰყვა ცოლად. ეშლი და დიმიტრი 1945 წელს დაქორწინდნენ, თუმცა რამდენიმე თვეში დაშორდნენ. სილვია 1977 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია ჰოლივუდში. მის საფლავს აწერია "პრინცესა სილვია ჯორჯაძე".

    კიდევ ერთი მომენტი დიმიტრი ჯორჯაძის ბიოგრაფიიდან. ფლორიდაში დასვენების დროს თავადი ჯორჯაძე შეხვდა უინსტონ ჩერჩილს, რომელიც მადამ ბალსანის სასტუმროს მას შემდეგ ეწვია, რაც ინგლისში მორიგი არჩევნები წააგო. კონსუელა ბალსანი, ქალიშვილობაში ვანდერბელდი, უინსტონ ჩერჩილის ბიძაშვილის ყოფილი ცოლი იყო. სწორედ მადამ ბალსანის სახლში გაიცნო დიმიტრი ჯორჯაძემ უინსტონ ჩერჩილი, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი გახდა. დიმიტრი იხსენებდა, ჩერჩილმა ისე ამხედ-დამხედა, როგორც მე ცხენს ვაფასებ, მერე კი გაიღიმა, ძალიან თბილად ჩამომართვა ხელი და მითხრა, კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა ჩემს ჰორიზონტზე," - წერს იგორ ობოლენსკი.

    დიმიტრი ჯორჯაძე 1963 წელს საცხოვრებლად მონტე-კარლოში გადავიდა. იგი 1985 წელს გარდაიცვალა ნიცაში. დაკრძალულია მენტონის სასაფლაოზე. დარჩა აუხდენელი ოცნება, დაბრუნებულიყო სამშობლოში. გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ამერიკელმა მწერალმა ქალმა გეილ ელტონ მეიომ დაწერა წიგნი "კაცი ავაზას ტყავში - თავად დიმიტრი ჯორჯაძის ცხოვრება"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter