სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    30.10.2017

     "ექვთიმე თაყაიშვილი საოცარი მოვლენაა საქართველოს ახლო წარსულში. მისი მოღვაწეობა - მრავალმხრივი, უანგარო და შედეგების მიხედვით მეტად ნაყოფიერი და ფასდაუდებელი, მოკიაფე ვარსკვლავივით იქნება საქართველოს ისტორიაში", - წერდა დიდი ქართველი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე თავის ერთ-ერთ წერილში.

    სწორედ ამ წერილიდან ამონარიდი გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

    "ქართული კულტურის აღორძინების საქმე, დაწყებული მე-17 საუკუნეში და ბრწყინვალედ და ენერგიულად განხორციელებული სულხან ორბელიანისა და ვახტანგ მეექვსის მიერ მე-18 საუკუნეში, მე-19 საუკუნის დასაწყისში ძლივს ღაფავდა სულს. იგი რამდენადმე გამოცოცხლდა მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან, მაგრამ ჩვენში არ იყვნენ სამეცნიერო მიზნებისთვის მომზადებული პირები საკმაოდ. არ იყო სამეცნიერო ცენტრი, რომ გასძღოლოდნენ ჩვენი წარსულის შესწავლის საქმეს, შეენახათ და შთამომავლობისთვის გადმოეცათ ის მაინც, რაც გადაურჩა ჟამთა სიავეს და მოაღწია მე-19 საუკუნემდე.

    ჩვენ მეტად დავაგვიანეთ ჩვენი წარსულის ძეგლების მოვლისა, მათი შეკრებისა და სათანადოდ დაცვის საქმეში. "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ღვაწლი, რა თქმა უნდა, არ უნდა იქნეს დავიწყებული. არც საეკლესიო მუზეუმის, რომელსაც მრავალი ხელნაწერი შეეკრიბა, მაგრამ ეკლესია-მონასტრებში და კერძო პირების ხელში ჯერ კიდევ ბევრი უნიკალური ხელნაწერი, მეტად მნიშვნელოვანი სიგელ-გუჯრები და სხვა ისტორიული ძეგლები იყო, რომელთაც თანდათანობით აკლდებოდა და არ ემატებოდა.

    ამასთან ერთად, ხდებოდა დატაცება და განიავება უძვირფასესი ისტორიული ძეგლების, ხელნაწერების, ხატების მოჭედილობის, ძვირფასი თვლებისა და ემალებისა, რომელთაც არ აკლებდნენ თავის ყურადღებას ლევაშოვები, საბინინები და მათნი მსგავსნი, რომლებსაც ვითომდა განახლებისა და შეკეთების მიზნით გაჰქონდათ თავისთვის ძვირფასი ისტორიული ნივთები და ხელნაწერები.

    ასეთი უნუგეშო ვითარება იყო ჩვენში სიძველეთა დაცვისა და მოვლის საქმეში. საჭირო იყო ორგანიზებული ზომების მიღება ძვირფასი და ისტორიული სიმდიდრის გადასარჩენად. ექვთიმე თაყაიშვილი სწორედ ის პიროვნება აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო, სისტემური ფორმა მისცემოდა ჩვენი ისტორიული ძეგლების მონახვის, დაცვის, მოვლის და შესწავლის საქმეს.

    ექვთიმე თაყაიშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, რომ 1889 წელს აღმოაჩინა მნიშვნელოვანი ძეგლი ახალჭალაში, ხაშურის ახლოს. ეს იყო პარხალის ოთხთავი, იოანე ბერის მიერ გადაწერილი მეათე საუკუნეში. ეს ოთხთავი 1922 წელს შემთხვევით გადაურჩა საქართველოდან უცხოეთში გატანას. გერმანიის კონსულმა ფონ ვეზენდორმა, რომლისთვისაც შესაძენად შეეძლიათ იგი, მოიტანა ეს ხელნაწერი უნივერსიტეტის მუზეუმში იმის გასარკვევად, თუ რას წარმოადგენდა და ღირდა თუ არა მისი შეძენა. ამ დროს იქ შევესწარით კორნელი კეკელიძე და მე. ჩვენ ავუხსენით კონსულს, რომ მაგ ხელნაწერს დიდი ხანია, ვეძებდით და ვერ გვიპოვნია.

    კონსულმა ამის შემდეგ იუხერხულა ხელნაწერის შეძენა და იმ კაცს, რომელსაც ეს წიგნი თავისად მიაჩნდა, მეტი გზა არ ჰქონდა, რომ ხელნაწერი არ დაეთმო უნივერსიტეტის წიგნთსაცავისთვის. ეს ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოგეცალოს ხელიდან ჩვენი მამა-პაპის მიერ შექმნილი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები, თუ ფხიზლად არ ვიქნებით.

    ექვთიმე თაყაიშვილი სულ წინ-წინ მიდიოდა ერთხელ არჩეული გზით. იგი იყო მოძრავი ინსტიტუტი, რომელმაც მთელი საქართველო შემოიარა, ზოგჯერ მარტომ, ზოგჯერ თანამშრომლების თანხლებით და შეკრიბა უტყუარი ცნობები უამრავი ისტორიული ძეგლის შესახებ. არქიტექტურულ ნაგებობათა, ხელნაწერების და საეკლესიო ნივთებისა, წარწერებისა, კედლის მხატვრობისა და სხვათა შესახებ.

    თაყაიშვილი რომ არა, განა ჩვენამდის მოაღწევდა ისეთი ძვირფასი "ხელმწიფის კარის გარიგება"? რა თქმა უნდა, არა, იმიტომ, რომ ექვთიმემ იგი იპოვა ქართლში მოგზაურობის დროს ერთ ოჯახში და ამოიღო ნაგვიდან, რომელიც მის თვალწინ გამოგავეს ოთახიდან. გესმის, მსმენელო?! ნაგვისთვის უნდა გადაეყოლებინათ უძვირფასესი ხელნაწერი. ეს ძეგლი მერე თვითონ თაყაიშვილმა შეისწავლა და გამოსცა სათანადო შენიშვნებით.

    ექვთიმე თაყაიშვილის კალამს ბევრი წიგნის გამოცემა ეკუთვნის. პირველ ყოვლისა, მისი გამოცემა მარიამისეული "ქართლის ცხოვრებისა", ეს ძეგლი მან ისე გამოსცა, რომ იგი ხელნაწერის მაგივრობას სწევს. "ქართლის მოქცევის" ტექსტი მან გამოსცა მეათე საუკუნის ხელნაწერების მიხედვით, ე.წ. "შატბერდის კრებულისა". ამას უნდა დავსძინოთ "სუმბატ დავითის ძის ქრონიკის" გამოცემა.

    სალიტერატურო ძეგლებიდან აღსანიშნავია "ბალავარიანის" გამოცემა 1895 წელს. ასევე, უნდა აღვნიშნოთ თაყაიშვილის მიერ გამოცემული "კათალიკოს-ბაქარიანი", "მელის წიგნი", "თამარიანი და სხვა. წარწერა რამდენი გამოსცა, ამას რა მოთვლის კაცი. რამდენი სიგელ-გუჯარი დაიბეჭდა, დიდძალი ხალხური სიტყვიერების მასალა, შეკრებილი ფშავში ვაჟა-ფშაველასაგან...

    1928 წელს გიორგი ახვლედიანი და მე ვიყავით ინგლისში, სადაც აგვისტოს ბოლოს ოქსფორდში მოეწყო ორიენტალისტთა მე-17 საერთაშორისო კონგრესი, რომელზედაც ჩვენ წავიკითხეთ მოხსენებანი. სამშობლოში დაბრუნებისას გამოვიარეთ საფრანგეთზე და პარიზის ერთ კაფეში ვნახეთ ჩვენი ძვირფასი ექვთიმე. გადავკოცნეთ ერთმანეთი და ტკბილად ვისაუბრეთ. "ჩემი მეორე სიკვდილი იქნება", - გვითხრა მან ცრემლებით, - "სამუზეუმო ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდეს". ამ ნივთებს ბევრი ეტანებოდა, მაგრამ ექვთიმე ფხიზლად იცავდა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter