სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    20.10.2017

     უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მათ შორის ერთ-ერთი ალექსანდრე შერვაშიძეა, რომლის შემოქმედებამაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო სასცენო ხელოვნების ისტორიაში, მისი ნახატები კი დღესაც ამშვენებს მსოფლიოს სახელგანთქმული თეატრების მუზეუმებს.

    ალექსანდრე შერვაშიძის მამა, კონსტანტინე შერვაშიძე, რუსეთის არმიის ოფიცერი იყო, რომელიც რუსეთში გადაასახლეს. მოგვიანებით ფრანგ მეუღლესთან ერთად ყირიმში დასახლდა. ფეოდოსიაში შეეძინათ ვაჟი ალექსანდრე, რომელმაც განათლება ჯერ სახლში მიიღო, შემდეგ კი - ნიჟეგოროდის კადეტთა კორპუსსა და კიევის რეალურ სასწავლებელში, თუმცა სამხედრო კარიერაზე უარი თქვა და კიევში პეტერბურგის აკადემიის ლაურეატებთან - სელებიანოვთან და არიხოვთან დაიწყო მეცადინეობა ხატვაში. 1891 წელს მოსკოვის ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.

    სასწავლებლის დასრულების შემდეგ პარიზში გაემგზავრა და სწავლა განაგრძო კარმინისა და ჟულიანის სახელოსნოებში. განსაკუთრებით გაიტაცა თანამედროვე ფრანგულმა ხელოვნებამ, გახდა პარიზის "რუსული მხატვრული წრის" წევრი და მიმდინარეობა "ხელოვნების სამყაროს" მონაწილე. დაუახლოვდა პარიზის სახელოვნებო-ლიტერატურულ წრეებს, მეგობრობდა გოლსტეინთან, ბენუასთან, სეროვთან, რერიხთან, ბრიუსოვთან, ბალმონტთან.

    1899 წელს ალექსანდრე შერვაშიძე სეროვთან ერთად ბრუნდება პეტერბურგში, თუმცა, როგორც პარიზელ მხატვართა კომიტეტ "მონპარნასის" წევრი, პერიოდულად მიემგზავრება პარიზში და მონაწილეობს გამოფენებში. 1906 წელს პეტერბურგის საიმპერატორო ოპერის თეატრის დეკორატორია. აქედან იწყება მისი, როგორც თეატრის მხატვრისა და სცენოგრაფის, შემოქმედება. ამ პერიოდში გააფორმა 50-ზე მეტი სპექტაკლი. მისი დადგმები "ახალი თეატრის" ფუძემდებლებს - ჯერ მეიერჰოლდს, მოგვიანებით დიაგილევს უკავშირდება. პირველად გააფორმა მეიერჰოლდის "ტრისტან და იზოლდა" მარინის თეატრში, "მასხარა ტანტროსი" ალექსანდრეს თეატრში; 1910 წელს - "ლურჯი წვერი" მარინის თეატრში, "ვაი ჭკუისაგან" - ალექსანდრეს თეატრში.

    1917 წლიდან ქართველი მხატვარი პეტერბურგის ყველა საიმპერატორო თეატრის დეკორატორია, თუმცა მხოლოდ სცენოგრაფიით არ კმაყოფილდება, მისი ესკიზების მიხედვით შეკერილი კოსტიუმებით გამოდიან "მოდის საღამოებზე" პეტერბურგის ცნობილი მსახიობები. პარალელურად პეტერბურგის ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავს სტატიებს რუს მხატვრებსა და ფრანგული ხელოვნების ისტორიაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წერილი "ფრანგული ფერწერა ასი წლის მანძილზე". პარალელურად სოხუმში ხსნის თეატრალურ კურსებს, სადაც მასთან ერთად ლექციებს კითხულობენ იმხანად სოხუმში მოღვაწე ცნობილი ხელოვანები ევრენიევი და კამენსკი.

    1921 წელს პოლიტიკური ვითარების გამო იძულებული ხდება, სამშობლო დატოვოს და ყირიმში მიემგზავრება, სწორედ იქ მიიღო მიწვევა ცნობილი თეატრალური მოღვაწე დიაგილევისაგან, რომელმაც მას ევროპაში სპექტაკლების გაფორმება შესთავაზა და პარიზში მიემგზავრება. იმავე წელს "მირ ისკუსტვას" მხატვართა გამოფენის თავმჯდომარედ აირჩიეს. მეგობრობს პაბლო პიკასოსთან, დერენთან და სხვა ცნობილ პარიზელ მხატვრებთან. პარიზში მისი მოღვაწეობა ძირითადად დიაგილევის დასთან მუშაობას უკავშირდება, იწვევენ ლონდონში, ბრიუსელში, მადრიდსა და მონტე-კარლოში.

    ამ წლებში გააფორმა ისეთი ცნობილი სპექტაკლები: გოგოლის "რევიზორი", რომელიც დაიდგა ბრიუსელში 1922 წელს: ვერეინოვის "მხიარული სიკვდილი" - პარიზში 1922 წელს; ბერნერსის "ნეპტუნის ტრიუმფი" ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიით - ლონდონში, კოვენტ- გარდენში. 1924 წელს გააფორმა დარიუს მეიოსის "ლურჯი ექსპრესისათვის" 134 მეტრი თეატრალური ფარდა, რომელიც დღეს ლონდონში, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმშია დაცული. ბეთჰოვენის "პრომეთეოსი" საფარის ქორეოგრაფიით - პარიზში 1932 წელს: ჩაიკოვსკის "გედის ტბა" პეტიპას ქორეოგრაფიით - ამერიკის შეერთებულ შატატებში. ასევე ბეჭდავს სტატიებს პოლ-სეზანზე, ვინსენტ ვან-გოგზე, ალექსანდრე ბენუაზე. 1945 წელს ფრანგული საბალეტო დასის მიერ მონტე-კარლოში დაიდგა ბალეტი "შოთა რუსთაველი" გაზეთ "ქართული საქმის" მხარდასაჭერად. ეს იყო ნიკოლოზ ევერენოვისა და სერჟ ლაფარის ოთხაქტიანი ქორეოგრაფიული ეპოპეა "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით. ფარდა, დეკორაცია და კოსტიუმები ეკუთვნის ალექსანდრე შერვაშიძეს.

    1958 წელს საქართველოს ხელოვნების მუზეუმს ალექსანდრე შერვაშიძემ საჩუქრად გადასცა პირადი არქივი 500-მდე ნამუშევრით, რომელთაც შერვაშიძე-ჩაჩბად აწერდა ხელს და როგორც თავად წერდა, ეს ამანათი ჩემი ხელით შევკარიო. ალექსანდრე შერვაშიძე გარდაიცვალა მონაკოში, მონტე-კარლოში. იგი დაკრძალეს ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე, 1985 წელს კი მისი ნეშტი საქართველოში, სოხუმში გადმოასვენეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter