სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    16.10.2017

     მე-19 საუკუნის რუსი მხატვრის - ივან კრამსკოის ნახატი "უცნობი ქალი", რომელსაც ხშირად "რუსულ ჯოკონდასაც" უწოდებენ, მხატვარმა 1883 წელს შექმნა. მხატვრის ოსტატობასთან ერთად ამ შედევრისადმი ინტერესს მასზე გამოსახული ქალბატონის ვინაობაც იწვევს. მკვლევართა აზრით, ივან კრამსკოიმ სურათი ლევ ტოლსტოის "ანა კარენინასა" და დოსტოევსკის "იდიოტის" პერსონაჟ ნასტასია ფილიპოვნას გავლენით შექმნა; რომ მხატვარს მისი ქალიშვილი სოფია კრამსკაია პოზირებდა და სხვა.

    ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ტილოზე გამოსახული ქალი ქართველი თავადის - ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილი ბარბარეა, რომელიც 1775 წელს თელავში დაბადებულა. ვინ იყო ნახატზე გამოსახული ქალის პროტოტიპი, ამის შესახებ თავად ავტორი არაფერს ამბობს არც პირად წერილებში და არც დღიურებში და გამოცანად დაუტოვა შთამომავლობას.

    ამ იდუმალებით მოცულ ნახატთან დაკავშირებით დღევანდელ სტატიაში ვერც ჩვენ ვიტყვით რაიმე ახალს, თუმცა რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ამბავს მაინც შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს.

    თავადი ბაადურ თურქესტანიშვილი ვახტანგ ქ|-ის მიერ პეტრე |-თან გაგზავნილი პირველი დესპანი იყო, რომელიც 1724 წელს ვახტანგ მეფეს გაჰყვა რუსეთში და მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერატორის კარზე დარჩა.

    ბარბარეს მამა რუსეთის არმიაში მსახურობდა, დედა კი მარია ალექსანდროვნა ერიოპკინა იყო. ბარბარეს მშობლები 20 წლის ასაკში გარდაეცვალა და მას შემდეგ მისი ბედი იმპერატორის კარს დაუკავშირდა, იმპერატრიცა მარი ფიოდოროვნას ფრეილინა გახდა. თავისი სილამაზითა და გონიერებით მალევე მოიპოვა იმპერატრიცას კეთილგანწყობა.

    "თავადის ასული თურქესტანოვა (ასე მოიხსენიებდნენ მას პეტერბურგში. რედ.) გამოირჩეოდა დიდი გონიერებით, ფართო საფუძვლიანი განათლებით, სათნო და რამდენიმე ფანტასტიკური გატაცების ბუნებით. აზიური წარმოშობა მას აღმოსავლელი ქალის თვალისმომჭრელ ელვარებას მატებდა", - წერდა რუსეთში საფრანგეთის ელჩი, ბარონი ბუდბერგი.

    შვეიცარიის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, მოსკოვში მცხოვრები ფერდინანდ კრისტინი კი წერდა, რომ იგი იყო ძალიან გაწონასწორებული და საუცხოოდ აღზრდილი, რაც ამ გარეგნულად წარმტაც პიროვნებას მეტ ხიბლს და სინატიფეს ანიჭებდა.

    კრისტინთან ბარბარეს მიმოწერა 1812-1819 წლებში პეტერბურგიდან მოსკოვში იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ იგი ფრანგულ ენაზე ითარგმნა და დაიბეჭდა "რუსულ არქივში" 1883 წელს.

    როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს წერილები 1812 წლის ომის შემდგომი უმნიშვნელოვანესი მოვლენების ერთგვარი მატიანეა, საიდანაც ირკვევა, რომ ბარბარემ შესანიშნავად იცოდა ისტორია და მისი დროის პოლიტიკური ვითარება. იგი გაოცებას ვერ მალავდა ფერფლად ქცეულ მოსკოვში ნაპოლეონის გენერალ ვანდამის პატივსაცემად ვახშმის მოწყობაზე.

    ამ წერილებიდან ისიც ჩანს, რომ ბარბარესთვის ყველაზე ახლო ადამიანი ყოფილა პეტრე ბაგრატიონის მამიდა, კნეინა ანა გრუზინსკაია, რომელთანაც ხშირად საუბრობდა რუსეთის ჯარების მდგომარეობაზე, რუსეთის, პრუსიისა და ავსტრიის იმხანად დადებულ ხელშეკრულებაზე და სხვა პოლიტიკურ თემებზე.

    ჰერცოგ ველინგტონთან შეხვედრის შემდეგ ნაპოლეონზე გამარჯვების ამ ტრიუმფატორის შესახებ ბარბარე თურქესტანიშვილი წერდა: "ზუსტად ისეთნაირად გამოიყურება, როგორც წარმომედგინა. მას ნატიფი ნაკვთები და ნათელი სახე აქვს. ნადიმის შემდეგ იმპერატორმა ინება, რომ ჰერცოგი გამეცნო და წარმადგინა მის წინაშე".

    სამეფო კარზე გატარებული წლები მისთვის მართლაც ბედნიერი იყო, რომ არა ერთი გარემოება, რომელმაც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. ბარბარე პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა იმპერატორ ალექსანდრე პირველს. გვირგვინოსანი ვერ მალავდა გრძნობებს. ბარბარობის დღეს თავის ფავორიტს უსახსოვრა მდიდრული კამეია, რომელზეც ბარბარე იყო გამოსახული, ფრანგულ ენაზე ქარაგმული წარწერით: "მას, ვინც ჩემი რჩეულია, მისგან, ვინც მისი რჩეულია". როგორც ამბობენ, სწორედ ეს მედალიონი გახდა ივან კრამსკოის შთაგონების წყარო და ამის მიხედვით შექმნა შესანიშნავი პორტრეტი "უცნობი ქალი".

    ცდუნებას ვერც ბარბარემ გაუძლო. იგი მეგობარს წერდა, როგორ შეხვდა პირველად იმპერატორს: "ხელმწიფესთან და მის ოჯახთან ერთად სადილზე რამდენიმე სიტყვა გადავუკარით ერთმანეთს. ნასადილევს კი მომიახლოვდა და ათას წვრილმანზე გამიბა საუბარი. მე როდი შევცბი, ასე რომ ძალზე უშუალოდ და რიხიანად ვებაასე. მეტად თავაზიანი მომეჩვენა და ასე მგონია, სიგიჟემდე შემიყვარდა".

    შემდეგ წლებში კი ასევე გულახდილად წერდა: "მე ვტკბებოდი იმ გულისყურით, რომლითაც მისმენდა იგი. ჩვენი აქ ყოფნა ნამდვილი ნეტარებაა, ბუნება ხარობს და პეტერგოფი მართლაც რომ დიდებულია... მე აღარც თვრამეტი წლის ვარ, აღარც ოცის და ასეთ ასაკში კეთილგანწყობის ის მცირეოდენი გამოვლინებაც კი, რაც ამ დღეებში მხვდა წილად, შეიძლება სახიფათოც გახდეს ჩემთვის".

    ბარბარეს სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. 1819 წლის 20 მარტს იმპერატორისგან მას ქალიშვილი შეეძინა, მარია. ბავშვის დაბადებიდან ორი თვის შემდეგ ბარბარე თურქესტანიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და თავისი საიდუმლო სამარეში წაიღო. იმპერატორის კარზე სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად კი ქოლერა გამოცხადდა.

    სამეფო კარმა ახალშობილი გადასცა თავად გოლიცინს, როგორც თურქესტანიშვილის ახლობელს და გულშემატკივარს, რომელმაც პატარა მარიას თავისი გვარი მისცა.

    იმ დღეებში მთელი პეტერბურგი ამ იდუმალებით მოცულ გარდაცვალებაზე საუბრობდა. პოეტი პეტრე ვიაზემსკი ალექსანდრე ტურგენევს წერდა: "გუშინ თავადის ასული თურქესტანოვა გარდაიცვალა. ის კეთილი, გულისხმიერი და საოცრად ჭკვიანი ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარი არ იყო, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა და მრავალრიცხოვან ნაცნობებში მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დატოვა".

    ალექსანდრე პუშკინმა, რომელიც კარგად იცნობდა ბარბარეს (ისინი სასახლეში გამართულ საღამოებზე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს), ჩანაწერი დატოვა თავის დღიურში, სადაც გადმოცემულია თავად ციციანოვის მონაყოლი იმპერატორისა და ფრეილინა თურქესტანოვას ტრაგიკული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელიც 1819 წელს ბარბარეს თვითმკვლელობით დასრულდა.

    ჩანაწერი დათარიღებულია 1836 წლის 18 მარტით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter