ფეოდალური საქართველოს ანატომიის ფრაგმენტები
მამუკა ნაცვალაძე
04.09.2017

 მეთექვსმეტე საუკუნის ქართლის ისტორიას წითელ ზოლად გასდევს ორი თავდადებული მეფის, მამა-შვილის ლუარსაბის და სიმონის მუდმივი ომები ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლას რომ ისახავს მიზნად.

1556 წელს ფარცხისის ბრძოლაში მომაკვდავი მხრცოვანი ლუარსაბისგან გადაიბარა სამეფო გვირგვინი სიმონმა, რომელსაც საოცარი ბედი არგუნა განგებამ - თავისუფლებაში მყოფს არასდროს ჩაუგია ხმალი ქარქაშში... შეუპოვრად იბრძვის ქართლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, არ ეპუება ორ უდიდეს პოლიტიკურ ძალას და არანაირ კომპრომისს არ სცნობს და რაც მთავარია, ღირსებას ბოლომდე ინარჩუნებს, ბოლომდე შეუპოვრად იბრძვის ეროვნული ფასეულობებისა და იდეალებისათვის.

რატომ მიაჩნდა სიმონს ერთიანი ქართველური არეალის გაერთიანება ქვეყნისთვის საჭირო საქმედ

მისი მეფობისას სულ რაღაც სამი წელი იყო მშვიდობიანი და აქაც გამოჩნდა მისი განსაკუთრებული ნიჭი - ამ სამი წლის განმავლობაში იავარქმნილი ქალაქების აღდგენა ხდება, მოსახლეობის რაოდენობაც იზრდება, თუმცა, სამწუხაროდ, ირან-ოსმალეთის საბრძოლო დაპირისპირება და მათი კავკასიაში გაბატონების სურვილი ვერ ეგუება კავკასიაში მშვიდობას.

მაჰმადიანურ მონსტრთა მუდმივი ქიშპი დაპირისპირების მორევში ითრევს ქართლსაც. სწორედ ამ მრავალმხრივი პოლიტიკური რეალობისას წარმოჩნდება კიდევ ერთხელ სიდიადით სიმონ მეფის სახელმწიფოებრივი აზროვნება.

სიმონ პირველი, მამამისის ლუარსაბ პირველის მსგავსად, სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების მიზნით მთელი ქართული რეზერვის გაერთიანებას ცდილობს ოსმალეთისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ. ილუზია და განცდა იმისა, რომ დამოუკიდებლად მაიღწევენ წარმატებას, არცერთს არ აქვს. ერთიანობის ძალა განსაკუთრებულად კარგად ჩანს ქართლის სამეფო ტახტიდან. კავკასია ერთიანი გეოპოლიტიკური სივრცეა და მისი მთლიანობა აქ მცხოვრები ხალხის უსაფრთხოების მთავარი წინაპირობაა...

კონსტანტინოპოლის დაცემამ და საქართველოზე გამავალი მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზის გადაკეტვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართულ ცნობიერებაზე. აღარ არსებობდა ის პოლიტიკური თუ ეკონომიკური იმპულსები, რომელიც ქვეყნის ერთიანობის იდეას ასაზრდოებდა. გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ქართლის სამეფო კარის პრიზმიდან ჩანდა აუცილებლობა ერთიანობისა, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ როგორც ლუარსაბი, ისე სიმონი მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი ძალისხმევა გამოიყენონ ამ ერთიანობის აღსადგენად სამეფო სამთავროების სამხედრო კავშირის სახით მაინც, რაც საშუალებას მისცემს ერთიან ქართველურ სივრცეს თავი დაიცვას მუსულმანთა აგრესიისგან.

რატომ ფარცხავდნენ ქართლელების აღმა ხნულს კახელები დაბლა

სულ სხვაგვარად ჩანს ეს პროცესები დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებისა და კახეთის სამეფოს პრიზმიდან. ისინი ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ და მხოლოდ საკუთარი თვალსაწიერით აფასებენ მოვლენებს. თითქოს არც გაემტყუნებათ - ფეოდალური ხანის პრიზმიდან მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ ერთიანი ქართველური თვითშეგნების გათავისება. ეს გამონაკლისი სწორედ ლუარსაბისა და სიმონის აზროვნების მაგალითითაც დასტურდება.

მაგრამ ყველას ვერ მოსთხოვ ვერც გმირობას და ვერც საერთო ქართველური პრიზმიდან საკუთარი პრობლემების განჭვრეტას, რამდენადაც ახლა, მეთექვსმეტე საუკუნეში, ეს ერთიანი ქართველური სივრცე მხოლოდ ხელოვნურად შეკოწიწებული არეალია და მას არანაირი სასიცოცხოლო იმპულსები არ გააჩნია.

ამ მხრივ განსაკუთრებულად საგულისხმოა კახეთის სამეფოს პოლიტიკა, მთელი მეთექვსმეტე საუკუნის განმავლობაში კახეთის მეფეები შესანიშნავად ახერხებენ ლავირებას ოსმალეთისა და ირანს შორის და გარკვეული ხარკის გაღების საფასურად ინარჩუნებენ მშვიდობას.

მშვიდობა, ბუნებრივია კარგია, სამეფოს გაძლიერებასა და ეკონომიკურ აღმავლობასაც უწყობს ხელს, მაგრამ ერთიანი კავკასიური სივრცე სულ სხვა გეოსტრატეგიულ რეალობას ქმნის. როცა კახეთი ინარჩუნებს მშვიდობას, ქართლის მეფეები ხმალჩაუგებლად იბრძვიან თავისუფლებისათვის. ისინი მეტ-ნაკლებად ახერხებენ კიდეც თავისუფლების შენარჩუნებას, თუმცა, ამ ფონზეც აშკარად იკვეთება საკმაოდ რეალური ტენდენცია - ქართლის მარცხს აუცილებლად მოჰყვება მაჰმადიანთა გლობალური შეტევა კახეთზე, თუკი ქართლი დაიჩოქებს, მაჰმადიანური სამყარო აღარ შეეგუება კახეთის დამოუკიდებლობას და შეტევაც სწორედ მისი მიმართულებით განხორციელდება.

რატომ აარიდა თავი კახთა მეფემ ყიზილბაშებთან კონფრონტაციას

საკმაოდ ცუდ დროს მოუწია გამეფება სიმონს. ეს უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა - ქართლის უმთავრეს სტატეგიული საფორტიფიკაციო ნაგებობები და ქალაქები, მათ შორის თბილისიც, ყიზილბაშებს უკავიათ.

თბილისის გათავისუფლება სიმონის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია, 1561 წლის აპრილის დასაწყისში სიმონი დახმარებისთვის მიმართთავს კახთა მეფე ლევანს. მიმართვის ადრესატი შემთხვევითი არაა - ლევანი სიმონის სიმამრია - ქართველთა ერთიანობის სურვილით იყო მოტივირებული სიმონის ქორწინება კახთა მეფის ლევანის ასულთან ნესტან-დარეჯანთან.

ლევანი ბუნებრივია ხვდება რა მნიშვნელობის პოლიტიკური აქტია თბილისის გათავისუფლება, თუმცა, ისევ დიპლომატიურად ცდილობს მოიქცეს - ჯარს გზავნის, თავად კი ისევ თავს არიდებს ყიზილბაშებთან აშკარა კონფრონტაციას.

აქ საგანგებოდ უნდა გავუსვათ ხაზი იმ რეალობას, რომ ჯარი მეფის გარეშე ფაქტობრივად არ არსებობს, მეფე წინამძღოლია, და სხვა მებრძოლებსაც სწორედ ის უჩვენებს გმირობის მაგალითს. სწორედ მეფე იბრძვის წინა ხაზზე, რაც იმ პერიოდის ევროპული სამხედრო მოდელისათვის ფაქტობრივად გაუგონარი ამბავია.

ერთი სიტყვით, სიმონს ლევანი ჯარით ეხმარება, რომელსაც ლევანის შვილი გიორგი ბატონიშვილი უდგას სათავეში. ქართლისა და კახეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა დღევანდელი ძეგვის მიდამოებში ციხე დიდთან დასცა კარავი. ბუნებრივია ქართველებმა იციან, რომ ეს მანევრი არ გამოეპარებათ ყიზილბაშებს და იმაზეც ზრუნავენ, რომ თხრილები შემოავლონ ბანაკს და ასე დაიცვან თავი მოულოდნელი თავდასხმისგან. სპეციალური სამეთვალყურეო რაზმიც გამოყვეს გერმანოზაშვილის მეთაურობით.

რატომ შეარჩიეს ყიზილბაშებმა აღდგომის ღამე ქართველებზე თავდასხმისათვის

ბუნებრივია გამართლდა სიმონის ვარაუდი - არ დარჩათ შეუმჩნეველი ქართლისა და კახეთის ლაშქართა ერთობლივი დაბანაკება ყიზილბაშებს, ამიტომაც განსაკუთრებული ზომები მიიღეს თბილისის ციხეში დამატებითი ძალის შესაყვანად. ყარაბაღის მმართველი შაჰ ვერდი ზიად ოღლია ამის ინიციატორი. ისინი ახერხებენ თბილისისი ციხეში ისე შესვლას, რომ ქართველებმა ამის შესახებ ვერაფერი შეიტყონ.

აღდგომის ღამე შეარჩიეს ყიზილბაშებმა ქართველებზე თავდასხმისთვის, გერმანოზაშვილს თავისი ნებით სამეთვალყურეო რაზმი მოუხსნია და მუხათგვედდში წაუყვანია წირვაზე დასასწრებად.

უმეთვალყურეოდ დარჩა ქართველთა ბანაკი, მტერმაც გერმანოზაშვილის დოყლაპიობა გამოიყენა - თავდასხმის მოულოდნელობის ფაქტორმა საკმაოდ კარგად იმუშავა. ყიზილბაშებმა თხრილების ამოვსებაც შესაძლეს და სიმონ მეფეზე თავდასხმაც.

ეს 1561 წლის 6 აპრილია... მამაცურად დაუხვდა მტერს კახთა ბატონიშვილი გიორგი, თავის ლაშქარს თავდადების მაგალითს აძლევდა... ძალამ აღმართი მოხნა და ვერ შესძლო გიორგიმ საკუთარი თავის დაცვა - ყიზილბაშებს შეაკლა თავი.

რატომ შეატოვეს კახელებმა ირანელებს ქართლის ლაშქარი

ბატონიშვილის სიკვდილი დამთრგუნველი აღმოჩნდა კახთა ლაშქრისთვის, გლოვამ და ვაებამ მათი საბრძოლო განწყობებიც შეანელა. აფექტში მყოფნი თავზარდაცემულნი გამოეთიშნენ ბრძოლას და ირანელებს ქართლის ლაშქარი შეატოვეს.

თუმცა, აქ არ მთავრდება ქართლის ტრაგედია - კახელთა ბრძოლის მიტოვებას გარკვეული მოტივაცია შეიძლება მოეძებნოს, მაგრამ უფრო მტკივნეული აღმოჩნდა ქართლისთვის ფშავ-ხევსურთა მოულოდნელი შემოტევა. მათ ისარგებლეს და მუხრანს დაეცნენ. ესეც ფეოდალური აზროვნების კლასიკური ნიმუშია - მუხრანბატონი აშოთანი თავგამოდებით ებრძვის ფშავ-ხევსურებს, ბევრი დაეცა საომარ ველზე, მათ შორის აშოთანიც.

სიმონი იძულებული გახდა გორში წასულიყო... ეს ის ქალაქია, სადაც ქართლის მეფის ტახტი მდებარეობს მანამ, სანამ თბილისს დაიბრუნებს მეფე.

დამარცხება საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ქართლისთვის, მუდმივი დაპირისპირებისა და ომის რეჟიმი ნამეტანი ღრღნის სამეფოს, ფსიქოლოგიური ფონიც საკმაოდ დაძაბულია და ბუნებრივია სწორედ აქ ყალიბდება ერთგვარად ლრიტიკული აზრი მუდმივი ომიანობის პრინციპს ალმაცერად რომ უყურებს. და ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა - ხომ არ სჯობს ქართლმაც კახეთს მიბაძოს და მშვიდობიანობა მისი მსგავსი პოლიტიკით მოიპოვოს?

სამეფო სასახლეშიც არ არის აზრთა ერთიანობა, ამ ფონით ცდილობს შეფუთოს მეფობის სურვილი დიდი ლუარსაბის მემკვიდრემ, სიმონის ძმამ დავითმა. ის გორიდან იპარება, ჩადის ყაზვინს შაჰ თამაზთან, რომელიც დიდი პატივით იღებს ბატონიშვილს. ბუნებრივია საკმაოდ პრაგმატულია შაჰის გათვლა - დავითი, შემდგომში დაუდ ხანი - (ის როსტომ ხანის მამაა 1632 წლიდან ქართლის სამეფო ტახტზე რომ სვამენ ირანელები) საკმაოდ კარგი კოზირია ბაგრატიონების წინააღმდეგ საბრძოლველად. იმისათვის, რომ ბოლომდე სათავისოდ დაიგულოს დავითი, იმ პერიოდისათვის საკმაოდ დიდ ფულს, ცხრა ათას თუმანს ჩუქნის დავითს შაჰ-თამაზი. ამას ვახუშტი გვამცნობს - 9 ათას თუმნად გაყიდა დიდი ლუარსაბის შვილმა საკუთარი სამშობლოო.

როგორ აღმოჩნდა დაუდ ხანი შაჰ თამაზის კოზირი სიმონ მეფის წინააღმდეგ

რჯულშეცვლილ დაუდ ხანს შაჰ თამაზმა ქართლის ტახტი უბოძა, დიდი ჯარიც გამოაყოლა და თბილისშიც უპრობლემოდ შეუშვა.

ეს შაჰ-თამაზის ფანდია, ძმებს ერთმანეთს უპირისპირებს. უკეთესს ვერ ინატრებს ყიზილბაში - ის უკვე ტკბება მოვლენების შესაძლო განვითარებით - თან გვერდზე გამდგარა და აქედან არხეინად უნდა უყუროს ძმების დაპირისპირებას - ვინც არ უნდა მოიგოს ბრძოლა, მისთვის სულერთია, რადგანაც ნებისმიერი შედეგი შაჰ-თამაზისთვის გამარჯვებას ნიშნავს.

აქ ბუნებრივია, გათვალისწინებელია ისიც, რომ, ძმათა შორის დაპირისპირება ქართული ტრადიციით სწორედაც რომ უშეღავათობითა და უკომპრომისობით ხასიათდება. მითუმეტეს სხვადასხვა სარწმუნოებაზე მდგომი ძმები არასდროს ინდობენ ერთმანეთს.

ბუნებრივია, სიმონი არ ეპყუება შაჰ-თამაზის პოლიტიკურ თამაშებს. ის აქტიურად უტევს თბილისს. 1567 წელს დიღმის ველზე ბრძოლაში ერთმანეთს შეერკინენ კიდეც ძმები, საგულისხმო ის არის, რომ დაუდ ხანის მხარეს არის საბარათიანოს მნიშვნელოვანი ნაწილი.

ეს შერკინება სიმონის სრული გამარჯვებით დასრულდა, მომდევნო წელს ისევ თბილისის სიახლოვეს კიდევ ერთხელ ხდება ძმათა შორის დაპირისპირება, რომელიც ისევ სიმონის გამარჯვებით მთავრდება. დაუდ ხანი იძულებულია თბილისს შეაფაროს თავი.

ეს უკვე მნიშვნელოვანი გზავნილია შაჰ-თამაზისთვის - აშკარაა, რომ დაუდ ხანი ვერ უმკლავდება სიმონს ყიზილბაშთა იმ ძალებით, თბილისის ციხეში რომ არის დაბანაკებული. ამიტომაც ხვდება რომ დამატებითი ძალები უნდა მიაშველოს დაუდ ხანს.

1569 წელს თამაზი შაქისა და ყარაბაღის ლაშქარს არ ენდო მხოლოდ და დაქირავებული საშამხლოს ლაშქარიც გამოუგზავნა დაუდ ხანს. ახლა ვეღარ იძალებს სიმონი, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მტრის ლაშქარი მის ლაშქარს ათჯერ აღემატება...

ასე იწყება ფარცხისის ბრძოლა... ალგეთის ხეობაში კიდევ ერთხელ გათამაშდება სპექტაკლი ქართული ღალატისა... ამჯერად კახაბერ ყორღანაშვილი მოუძღვის ყიზილბაშთა ლაშქარს მეგზურად... სულ მალე ქართველთა მარაზმის "ეპოპეას" მორიგი შავი ლაქა მიემატება...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×