სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ოქროს გაძვირებას რეალიზაციის მკვეთრი შემცირება მოჰყვა
    მარი ჩიტაია
    (22.09.2010)

    ოქროს ფასი ზრდას თითქმის ყოველდღიურად განაგრძობს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში მან ისტორიული რეკორდი დაამყარა. საერთაშორისო ბირჟებზე ბოლო რამდენიმე ვაჭრობაა ერთი უნცია ოქრო 1280 დოლარის ფარგლებშია და ფასის კორექტირება მხოლოდ გაძვირების შემთხვევაში ხდება.
    ფასის ასეთ ზრდას ანალიტიკოსები ინვესტორების შიშს უკავშირებენ. სპეციალისტების შეფასებით, ინვესტორებში ძირითადი ვალუტების დოლარის და ევროს მიმართ ნდობა სულ უფრო ეცემა და ურჩევნიათ თავიანთი კაპიტალი ოქროში დააბანდონ. ოქროს ფასის რეკორდულად მაღალ ნიშნულს სპეციალისტები მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივის მიმართ შეშფოთების შენარჩუნების ფაქტორით ხსნიან.
    2010 წლის დასაწყისიდან ოქრო 20-22 პროცენტითაა გაძვირებული. როგორც ვარაუდობენ, ოქროს ფასის ზრდა, შესაძლოა, 10 წელი გაგრძელდეს, რაც 1920 წლის შემდეგ ყველაზე გრძელვადიანი პერიოდი იქნება.
    ქართველი ექსპერტების ვარაუდით, ოქროზე ფასის ზრდა შიდა ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ჯერჯერობით ვერ მოახდენს. თუმცა, არ არის გამორიცხული, ძვირფასი ლითონის გაძვირება იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე აისახოს.
    "მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ზრდის ტენდენცია თუ გაგრძელდა, პარალელურად ის საქართველოშიც ჰპოვებს გამოხატულებას", - აცხადებენ თბილისის ოქროს უდიდეს ბირჟა "ოქროს სამყაროში". მათი ინფორმაციით, დღეისთვის "ოქროს სამყაროში" ერთი გრამი ოქრო 80-83 ლარამდეა გაძვირებული.
    "ოქროს ბირჟის" მოვაჭრეების თქმით, როგორც კი ოქროს ფასმა გაძვირება განაგრძო, მყიდველი კატასტროფულად შემცირდა. მომხმარებელი დაფრთხა, რის გამოც ოქროს შეძენისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.
    "ამ ეტაპზე 583 სინჯი ოქროს ღირებულება 44 ლარამდეა, 1 გრამი ბაჯაღლოს ფასი 80-83 ლარს შორის მერყეობს. მოიმატა "ჯართის" ფასმაც.
    ფასის ზრდა ოქროს გარდა, სხვა დასახელების ლითონებზე არ დაფიქსირებულა. ბირჟაზე მხოლოდ ოქრო გაძვირდა. რაც ყველაზე სავალალოა, მყიდველი ძალიან შემცირდა. ეს ისედაც მოსალოდნელი იყო, ხალხს არ აქვს ფული, რომ მაღალ ფასებში შეძლოს ოქროს შეძენა. იშვიათი გამონაკლისის გარდა და თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, ძვირფასეულობას არავინ ყიდულობს", - ამბობს "ოქროს ბირჟის" მოვაჭრე.
    კომპანია "ზარაფხანაში" ამ ეტაპზე 1 გრამი სუფთა ოქროს ფასი 100 ლარია, ბაჯაღლო 110 ლარი ღირს. 1 გრ ვერცხლი 1,10 ლარამდეა გაძვირებული. ცოტათი ადრე მისი ფასი 80 თეთრი იყო. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ბოლო 10 დღეა, რაც ოქროს ფასმა მორიგი ზრდა განიცადა. მისი თქმით, ცვლილებებს მომხმარებელი არ დაუფრთხია და ჯერჯერობით ოქროზე მოთხოვნა, მაღალი ფასის მიუხედავად, მაინც რჩება.
    ეკონომიკის დარგის ექსპერტი ავთო სილაგაძე ნაკლებად ვარაუდობს, რომ ოქროს ფასი ქვეყნის შიდა ეკონომიკურ ვითარებას შეცვლის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მორიგი გაძვირების შემთხვევაში, მაინც უბიძგოს ფასებს ზრდისკენ, რაც განსაკუთრებით იმპორტირებულ ნაწარმზე მოახდენს გავლენას.
    "საერთოდ, ოქროს გაძვირება მსოფლიო მასშტაბით 2 წელი მიმდინარეობდა. არა მგონია, ჩვენს ბაზარზე მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. მით უფრო, რომ ანგარიშსწორებას ოქროთი ვერ ვახდენთ, ეს უფრო დაგროვების საშუალებაა. თუმცა, ძვირფასი ლითონი დაბალშემოსავლიანსაც სჭირდება. ქორწილში დაოჯახების დროს ოქროს ბევრი ყიდულობს, მაგრამ ამით ბაზარზე არსებული ვითარება დიდად არ იცვლება.
    ოქროს მომხმარებელთა წრე დღეს ძალიან დავიწროვდა და შემორჩნენ ის ადამიანები, რომელთათვისაც ფასების ცვლილებას მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბაზარზე ეს ვერ შეცვლის ვითარებას.
    სულ სხვა ვითარება გვექნებოდა, საქართველოში ოქრო ანგარიშსწორების ერთ-ერთ საშუალებას რომ წარმოადგენდეს. ასე იყო წინა წლებში, მაგალითად, როცა სახელმწიფომ თურქმენეთის დავალიანების გარკვეული ნაწილი ოქროთი დაფარა. არ მსმენია, რომ ბოლო პერიოდში ასეთი ფაქტი დაფიქსირებულიყო", - ამბობს სილაგაძე და დასძენს, რომ ოქროზე ფასის ზრდა ბოლო პერიოდშიც იყო, მაგრამ მას ფასებზე გავლენა არ მოუხდენია.
    "ძალიან დიდ როლს ასრულებს ოქროს ფასი ქართული ვალუტის სტაბილურობის მხრივ. როგორც წესი, მის სიმტკიცეს განაპირობებს წარმოებული პროდუქტი და ოქროს მარაგი. ეს უკანასკნელი რამდენად მეტი იქნება, ბუნებრივია, კურსიც მეტად გამყარდება. სამწუხაროდ, ამ მხრივ ძალიან სუსტი პოზიციებია", - ამბობს ავთო სილაგაძე.
    ქართველი მომხმარებლები ოქროს გაძვირებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ვერ ფარავენ და ამბობენ, რომ ისინი აუცილებელი საჭიროების შემთხვევაშიც კი, ოქროს ყიდვას ვერ შეძლებენ.
    "1 თვის წინ 1 გრამი ბაჯაღლო 63 ლარი ღირდა. მეუღლისთვის უნდა მეყიდა, მაგრამ სიძვირის გამო დროებით თავი შევიკავე. ვიფიქრე, რომ მცირედით მაინც გაიაფდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ამ მასშტაბურ ცვლილებას არ ველოდი, გამოდის, რომ ბეჭედს ვერასდროს ვიყიდი. ამისთვის, სულ მცირე, 700-800 ლარი მაინც მჭირდება, რაც ჩემს ყოველთვიურ შემოსავალს დიდად აღემატება.
    მაინც ვფიქრობ, რომ ფასის ზრდა გარკვეული ფინანსური თვალსაზრისითაა გამოწვეული და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიაფდება. ისღა დამრჩენია, რომ პროცესებს დაველოდო", - ამბობს ირმა სამუშია, მომხმარებელი.
    საერთოდ, კრიზისის დროს ინვესტორებისთვის ეკონომიკაში ოქრო განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს. ინვესტორები ძვირფას ლითონს განიხილავენ, როგორც საიმედო ალტერნატივას არასტაბილურ ვალუტასთან შედარებით. ხშირად გლობალურ ეკონომიკაში არასტაბილურობის პერიოდში ოქრო ინვესტორებს ეხმარება არამხოლოდ შეინარჩუნონ თავისუფალი ფულადი რესურსები, არამედ გაზარდონ კიდეც.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter