გიორგი ნიკოლაძის მიერ შექმნილი პირველი მოდელი ბოლშევიკებმა მოსკოვში გააგზავნეს გამოფენაზე, საიდანაც უგზო-უკვლოდ გაქრა
ია აბულაშვილი
08.06.2017

 ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთი პირველი რომ იყო, ვინც საქართველოში ევროპიდან უახლესი ტექნიკით შექმნილი ნივთები ჩამოიტანა, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება.

ამაზე მეტყველებს მის სახლ-მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები: პირველი ამერიკული ფოტოაპარატი "კოდაკი" (ამ აპარატით გადაღებულმა ფოტომ სანკტ-პეტერბურგში გამართულ კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა).

ბერლინიდან ჩამოტანილი პირველი სარეცხი მანქანა, მაცივარი, ორბორბლიანი ველოსიპედი, ქარის ძრავა, მზის საათი და სხვა საოჯახო ნივთები.

ნიკო ნიკოლაძე იყო საქართველოში პირველი ორენოვანი, ლათინური და რუსული კლავიატურის მქონე საბეჭდი მანქანის მფლობელი. პირველად მან გამოიყენა სახლის მშენებლობაში ბეტონი.

მაგრამ შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, უნიკალური გამოგონების ავტორი სწორედ მისი ვაჟი გიორგი ნიკოლაძეა, რომელმაც პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანა გამოიგონა და როგორც მეცნიერები ამბობენ, თავისი მოქმედების პრინციპით, თანამედროვე გამომთვლელი მოწყობილობების წინამორბედია.

სწორედ ამ გამოგონების შესახებ გვინდა რამდენიმე საინტერესო მასალა შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

მეტალურგი, გეომეტრი, ტერმინოლოგი, გამომგონებელი, ეს გიორგი ნიკოლაძის საქმიანობის არასრული ჩამონათვალია. მის მიერ გამოგონებული ორიგინალური კონსტრუქციის გამომთვლელი მანქანა ნამდვილად აღმოჩენა იყო.

გამომგონებლის ნიჭი

აყველაფერი კი ასე დაიწყო: გიორგი ნიკოლაძეს ბავშვობიდანვე ჰყვარებია გეომეტრია და მათემატიკა. გამომგონებლის ნიჭი თავიდანვე დაჰყოლია. სასწავლებლად ჯერ თბილისის გიმნიაზიაში შეიყვანეს, სწორედ იქ გამოავლინა საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დიდი ინტერესი, რამაც მისი საბოლოო ცხოვრების გზაც განსაზღვრა. შემდეგ სწავლა განაგრძო პეტრებურგის უნივერსიტეტში.

1926-1928 წლებში სამეცნიერო მივლინიებით, დისერტაციის დასაცავად, პარიზში გაემგზავრა.

პარიზში შეისწავლა არსებული არითრომეტრები და გამოიგონა ახალი ტიპის ელექტრონული "პირდაპირი გამრავლების ელექტრონული არითრომეტრი", რომელიც სხვა მანქანებისაგან განსხვავდებოდა. იდეა კი პარიზში გამოფენილი პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანების ნახვის შემდეგ გასჩენია, რომლებიც მხოლოდ ორ მარტივ მოქმედებას ასრულებდა.

მიუღია გადაწყვეტილება, შეექმნა ელექტრონული მანქანა, რომელიც შეკრება-გამოკლებასთან ერთად გაყოფა-გამრავლების მოქმედების შესრულებასაც შეძლებდა.

ამ გამოგონებით დაინტერესდნენ ევროპისა და აშშ-ის მსხვილი ფირმები, უთხოვიათ, დახმარებოდა არითრომეტრის აგებაში, რაზეც გიორგი ნიკოლაძეს უარი უთქვამს, რადგან მისი მიზანი იყო, ეს მანქანა საქართველოში აგებულიყო.

დაბრუნდა კიდეც სამშობლოში და ააგო არითრომეტრის მოდელი. გიორგი ნიკოლაძის მიერ შექმნილი პირველი მოდელი, ბოლშევიკებმა მოსკოვში პოლიტექნიკურ მუზეუმში გააგზავნეს გამოფენაზე, საიდანაც 1936 წელს უგზო-უკვლოდ გაქრა. დაკარგულია მოდელის ნახაზები და დოკუმენტაციაც.

მეტალურგიის განვითარება

გიორგი ნიკოლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მეტალურგიის განვითარებაშიც. ჯერ კიდევ 1918 წელს მისი ხელმძღვანელობით თბილისში აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი.

აქ ჩატარებულმა ცდებმა საფუძველი ჩაუყარა შემდგომში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას. მას კავშირი ჰქონდა ცნობილ უცხოელ მეტალურგებთან, სურდა, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა საქართველოში გამოეყენებინა, ამიტომაც დაიწყო ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მშენებლობა.

ვიდრე ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა შენდებოდა, გიორგი ნიკოლაძემ "ენგურჰესის" დაპროექტებაც მოასწრო, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაფინანსება არ მისცა. ცნობისთვის, "ენგურჰესი" შემდგომ წლებში, სწორედ ნიკო ნიკოლაძის მიერ შერჩეულ ადგილზე აშენდა.

იგი ასევე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო - მათემატიკურ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა და დიდი წვლილი შეიტანა ქართული მათემატიკური სკოლის განვითარებაში. 1926 წელს მისი ავტორობით ქართულ ენაზე "მხაზველობითი გეომეტრიის" კურსი გამოიცა.

გიორგი ნიკოლაძემ ასევე დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეში. 1908 წელს წარმატებით გამოვიდა ბულგარეთში ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე. 1912 წელს მონაწილეობა მიიღო პრაღაში გამართულ მეექვსე მსოფლიო შეკრებაზე.

1918 წელს თბილისში მისი ინიციატივით პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება "შევარდენი" დაარსდა. ტერმინი ტანვარჯიში მან დაამკვიდრა საქართველოში. 1923 წელს კი მისი თაოსნობით პირველი ალპინისტური ასვლა მოეწყო ყინვარმწვერზე. გატაცებული იყო ჭადრაკით.

ცნობილი ექიმი ასლანიშვილი იხსენებდა: "თვალწინ მიდგას, როცა ზაფხულობით, სადმე ჩრდილში ათ კაცს ეთამაშებოდა ჭადრაკის დაფაზე დაუხედავად".

სამწუხაროდ, 1931 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა გიორგი ნიკოლაძე, დიდი მეცნიერი, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო, სიცოცხლეში ვერ მოესწრო დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. მის საფლავთან ნიკო ლორთქიფანიძეს უთქვამს: "დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )