სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    შარშანდელთან შედარებით, 15-20 პროცენტითაა გაზრდილი და შესაბამისად ფასებიც მაღლა წავიდა
    მარი ჩიტაია
    (06.07.2010)

    ბოლო წლების განმავლობაში აგარაკებზე მოთხოვნა თვალშისაცემად გაიზარდა, განსაკუთრებით თბილისის შემოგარენში. შარშანდელთან შედარებით, მოთხოვნამ 15-20 პროცენტით იმატა. მომხმარებელი დასვენებას უმეტეს შემთხვევაში ოჯახებში არჩევს, სადაც ფასი სასტუმროებზე დაბალია, თუმცა მეპატრონეები დამსვენებლებს ხშირად მთელი სეზონის საფასურის გადახდას წინასწარ ავალდებულებენ.
      ცხელი ზაფხულისგან თუნდაც მცირე ხნით თავის დაღწევა დედაქალაქის ნებისმიერი მკვიდრისთვის დიდი სურვილია, თუმცა ამის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს. ახლომახლო აგარაკებზე დასვენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. როგორც აღმოჩნდა, საზღვაო კურორტებზე არსებულ ფასებთან შედარებით, საქართველოს მთიან ნაწილში ფართის დაქირავება უფრო ძვირია. იშვიათი შემთხვევის გარდა, დამსვენებლები დღიური ქირის გადახდას ვერ ახერხებენ. 
      შედარებისთვის, თუ ზღვაზე ტურისტი ბინას დღეში, ვთქვათ, მინიმუმ 10 ლარად დაიქირავებს, მთაზე დასვენებისთვის საზღაური მინიმუმ 1 თვეზე მაინც ვრცელდება. ხშირად ხდება, როდესაც ისინი წინასწარ მთელი სეზონის თანხას იხდიან იმის მიუხედავად, 2 კვირით მოუწევს დასვენება თუ მეტი ხნით.
      წყნეთსა და კოჯორში ერთი თვით აგარაკის დაქირავება 500-დან 3500 დოლარამდე მერყეობს. თითქმის ანალოგიურია იგივე ვადით ბინის დაქირავება ფასანაურსა და მანგლისში.
      ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათი საქმიანობა შიდა ტურების თვალსაზრისით წამგებიანია, რადგან ქართველი დამსვენებლების უმრავლესობა დასვენებას საკუთარი ინიციატივით არჩევს და ამისთვის ტურისტული კომპანიების დახმარებას იშვიათად მიმართავს.
       
      "შიდა ტურიზმის სფერო საქართველოში ნაკლებადაა წარმატებული. შეიძლება ითქვას, მოსახლეობა ტუროპერატორებს არც კი მიმართავს. ქართველი და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეროვნების დამსვენებლები ქვეყნის სხვადასხვა საკურორტო ზონებში სიარულს დამოუკიდებლად არჩევენ. იშვიათად, რომ ვინმემ ტურისტულ კომპანიას მიაკითხოს. კერძო ინიციატივებით დადიან. საერთოდ, ჩვენთან შიდა ტურიზმის დონე დაბალია.
      ამ ბოლო დროს ტურისტული ნაკადების რაოდენობა აშკარად გაიზარდა თბილისის ახლოს მდებარე აგარაკებზე. მოთხოვნის გააქტიურების შესაბამისად, მოიმატა დასვენების ღირებულებამაც. ზრდა 15-20 პროცენტით მაინც ფიქსირდება", - ამბობს ტურისტული კომპანიის თანამშრომელი.
      "თვის ბოლოს დასვენებას ფასანაურში ვაპირებ. არჩევანი ერთ-ერთ ოჯახზე შევაჩერე და ბინის მფლობელს უკვე შევუთანხმდი. 1 თვით საცხოვრებლის დაქირავება 500 ლარი მიჯდება. ეს არის ორსართულიანი სახლის ქვედა სართული, სადაც ჩემს განკარგულებაში 2 ოთახი იქნება. 
      ოჯახში სამნი ვართ. ვერ გეტყვით, რომ დასვენება კომფორტში მომიწევს, იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩემთვის მთავარია სუფთა ჰაერზე დასვენება. კეთილმოწყოფილი სახლების დაქირავება 800-1000 ლარი ღირს და მეტიც. შარშანდელთან შედარებით, დასვენება ბევრად გაძვირებულია", - ამბობს თბილისელი სოფო ქურდაძე.
      როსტომაშვილების ოჯახმა დასვენება მანგლისში გადაწყვიტა, რისთვისაც ოჯახის უფროსს სერიოზული თანხის დაზოგვა მოუხდა. ოთხსულიანი ოჯახი 1 თვით ისვენებს, თუმცა აგარაკის მეპატრონეს უკვე გადაუხადა მთელი სეზონის საფასური, რაც 1500 ლარს შეადგენს.
      "დასვენებისთვის თანხას დროდადრო ხელფასიდან ვიზოგავდი. ამისთვის გარკვეულ ხარჯებზე უარის თქმა მომიწია. მთავარია, კარგად დავისვენო და დედაქალაქის ცხელ ამინდს განვერიდო. ბინის შოვნას მთელი 1 კვირა მოვანდომე. თავდაპირველად 1500 ლარის გადახდა ძალიან მემძიმა, მთელი მანგლისი შემოვიარე, მაგრამ ანალოგიურ პირობებში ამაზე ნაკლები არავინ შემომთავაზა. ბევრგან უფრო სიძვირეც იყო. 
      კომფორტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც მიღირს ამ თანხის გადახდა. ძალიან ძნელია, 1 თვის დასვენებაში სეზონის ღირებულება გადაიხადო. როგორც აღმოჩნდა, ოჯახები აქ ასე აქირავებენ ფართებს, სხვა გამოსავალი არ დამრჩა. საწყენია, რომ შვებულება მეტხანს არ მაქვს, სეზონის განმავლობაშიც სიამოვნებით დავისვენებდი, იმდენად მშვიდი გარემოა და კომფორტი", - ამბობს დიმიტრი კაციტაძე, პროფესიით ექიმი.
      "შარშან ზაფხულში სტუდენტურ პროექტში მივიღე მონაწილეობა, რაშიც 300 ლარი გადამიხადეს. ამ თანხით ბორჯომში 10 დღით დავისვენე და კარგადაც გავერთე. წლეულს 300 ლარად ვერსად შევძლებ გამგზავრებას. შეიძლება "მოკრძალებით" დავისვენო ზღვაზე, მაგრამ მთა უფრო მიზიდავს. ოჯახმა თუ ხელი შემიწყო, ალბათ, ისევ ბორჯომისკენ ავიღებ გეზს, ჩემი ხარჯებით ვერ მოვახერხებ", - ამბობს შალვა გვალია, სტუდენტი.
      თბილისელმა პედაგოგმა ლანა ბახტურიძემ შვილთან და მეუღლესთან ერთად კოჯორში არჩია დასვენება. მეხუთე დღეა, რაც აგარაკზეა, დასვენების სიამოვნება მას 800 ლარამდე დაუჯდა. ამ თანხიდან 500 ლარი ბინის საფასურია.
      "ჩვენი დასვენების ხარჯები მეუღლემ დაფარა, შვებულება ვერ აიღო, მაგრამ დედაქალაქთან სიახლოვე ხელს არ უშლის, რომ სამსახურში ყოველდღიურად იაროს და დაისვენოს კიდეც. პედაგოგის ხელფასით ვერ დავისვენებდი, იმდენად მწირია, ამ თანხით გადასახადებსაც კი ვერ ვფარავ. სულ 800 ლარამდე მოგვიწია. 500 ლარი აგარაკის მეპატრონეს გადავუხადეთ, 300 ლარი სხვა ხარჯებს მოხმარდა, ძირითადად, კვებას. 
    სიმართლე გითხრათ, ამ ფასად ბინის შოვნა ძალიან გაგვიჭირდა, კომფორტზე უარის თქმა მოგვიხდა, ელემენტარული პირობები გვაქვს, გადახდილი თანხის შესაფერისი. კეთილმოწყოფილი ოთახების ფასი 700 ლარიდანაა და ზემოთ. დასვენება წლეულს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. თითქმის ყველგან გავიკითხეთ თბილისის ახლოს მდებარე აგარაკებზე, მაგრამ ამაზე დაბალი ფასები არსადაა", - ამბობს ლანა ბახტურიძე.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter