ელზა პაპოშვილი
23.04.2024

საქართველოში რამდენიმე ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე წამოეგო. ერთ შემთხვევაში მოქალაქეებს სმს-შეტყობინება მისდის არარსებული საფოსტო გზავნილის შესახებ. სხვა შემთხვევებში სოციალური ქსელის მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლასა და ამის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების მიღებას სთავაზობენ. შსს-მ ამ საქმეებზე გამოძიება უკვე დაიწყო.

როგორც დაზარალებულები ყვებიან, მათ „საქართველოს ფოსტის“ სახელით მობილურზე შეტყობინება მიიღეს, რომ მათ სახელზე ჩამოსულია ამანათი, თუმცა, არასაკმარისი მონაცემების გამო, ვერ ხერხდება ადრესატამდე მისი მიტანა. ამიტომ სთხოვენ მითითებულ ბმულზე შეიყვანონ თავისი საბანკო მონაცემები. ამ გზით კი თაღლითებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიითვისონ თანხა, რომელიც თქვენს ანგარიშზეა.

კიდევ ერთი სტყუარა დაზარალებულების ნაწილს სოციალურ ქსელებში შეხვდათ. „ფეისბუქ“ გვერდზე, განცხადებაში ეწერა, რომ თუ ადამიანი ვერიფიკაციას გაივლიდა და პირველ 100 მომხმარებელს შორის მოხვდებოდა, საჩუქრად თანხას მიიღებდა. ვირუსულ ბმულზე გადასვლის და პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ კი ვებგვერდი ქრება და რამდენიმე საათში ასევე ქრება თანხა დაზარალებულის ანგარიშიდან.

„თქვენი ამანათი მოვიდა საწყობში და მისი მიწოდება შეუძლებელია არასრული ინფორმაციის გამო. გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი მისამართი ბმულზე და ჩვენ გამოგიგზავნით 24 საათის განმავლობაში“, - ასეთი შეტყობინებები საქართველოს ფოსტის სახელით ასობით ადამიანმა მიიღო. 

შინაარსი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტურია, განსხვავდება მხოლოდ მეილი და ბმული, რომელსაც ონლაინ თაღლითები პოტენციური მსხვერპლის მოსატყუებლად იყენებენ. 

„ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილა დაზარალებული. როდესაც პოლიციაში მივედი, სხვებიც დამხვდნენ, რომლებიც ამ ბმულს გადაჰყვნენ და ბარათიდან თანხები ჩამოეჭრათ. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მეილი და  მიუვიდათ, სადაც თითქოს ფოსტა ატყობინებდა, რომ მათთვის ამანათი იყო ჩამოსული და არასრული ინფორმაციის გამო ვერ უგზავნიდნენ. როგორც კი პირადი მონაცემები შეიყვანეს, მათი ანგარიშებიდან თანხა გაქრა. 

„ეს არის კარგად ორგანიზებული თაღლითური ჯგუფი და არავინ არ ენდოთ. კარგად ორგანზიებული სქემაა, რომელიც იმდენად დამჯერებელია, რომ ეჭვსაც ვერ შეიტან“, - ყვება ერთ-ერთი დაზარალებული „რეზონანსთან“.

„საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით კი, საქართველოს ფოსტის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ეს ე.წ. ფიშინგი, სპეცილისტები გვირჩევენ, რომ პირველ რიგში ბარათი უნდა დავბლოკოთ, შემდეგ სამართალდამცავ უწყებასთან ერთად შეუძლია ადამიანს ეროვნულ ბანკსაც მიმართოს დახმარებისათვის, რომელიც ყველა შემთხვევას განიხილავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×