ქობულეთში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 31 წლის ქალის ოჯახი ამტკიცებს, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე მათი შვილი მეზობელმა გააუპატიურა. შშმ პირზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 80 წლის პენსიონერი პატიმრობიდან 50 ათას ლარიანი გიროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
სასამართლო პროცესი მოსამართლემ დახურა, ამიტომ უცნობია, რითი იმართლა თავი განსასჯელის სკამიდააან ასაკოვანმა კაცმა და რატომ გამოუშვა ის მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ. 80 წლის პენსიონერი საპატიმროს 50 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს.
ბრალდების მხარე მოსამართლე კოტე ჭილაიას გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმეში არსებული ვიდეო-ჩანაწერი და მოწმეთა ჩვენებები 80 წლის კაცის ბრალეულობას ადასტურებს. დაცვის მხარე ამბობს, რომ შშმ პირი თავად გაესაუბრა პენსიონერს. ადვოკატის თქმით, ქალი 80 წლის კაცს მანქანაში არც კი ჩაჯდომია.
„78 წლის განმავლობაში მას კონფლიქტიც კი არ ჰქონია კანონთან მიმართებაში. მოხდა ამაზე აპელირება და გაითვალისწინა სასამართლომ. მიაწოდა ლარიანი, გაესაურბა, შემდგომ ჩამოვიდა. მანქანაშიც კი ბოლომდე არ დამჯდარა ეს ბავშვი, მანქანის კარი გააღო, აინტერესებდა ტელეფონი რაზე ჰქონდა მიმაგრებული,“ - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.
ადგილობრივების თქმით კი დაკავებული და ახალგაზრდა ქალი მეზობლები არიან. შშმ პირის მამა საუბარში აცხადებს, რომ დაზარალებული 80 წლამდე ტაქსის მძღოლმა მანქანაში ჩაისვა და სექსუალურად შეავიწროვა. პოლიციაში კორპუსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლებმა დარეკეს.
„როგორც ვიცით, ეს გოგო არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. არ ვიცით რა მოხდა, რატომ ჩაჯდა ამ კაცთან. სავარაუდოდ, ტაქსით უნდოდა წასვლა. ამ კაცს ჩაუსვია და გოგოსთვის ხელების სმა დაუწყია. ეს დაინახეს მაღაზიის თანამშრომლებმა, რომლებმაც მერე პოლიციაში დარეკეს. თავად გოგოც ადასტურებს ფაქტს. მამასთვისაც უთქვამს, რომ კი, ასე და ასე მიქნაო. ეს კაცი ამ გოგოს მეზობელია და ალბათ ოჯახი ენდობოდა. თანაც ასაკოვანია, იქნება ალბათ 80 წლამდე. რა ვიცი, ამ კაცზეც ცუდი არავის არაფერი გავიგია. რა მოხდა, ვინ რა დაინახა, ეგაა გამოსაკვლევი“, - ამბობს ადგილობრივი.